The New York Times-ის ჟურნალისტებმა და სხვა თანამშრომლებმა, ჯამში 1100-მა ადამიანმა 24 საათით გაფიცვა გამოაცხადა და მუშაობაზე უარი თქვა. ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს არის პირველი ყველაზე მასშტაბური გაფიცვა კომპანიისთვის.
Newsroom-ის თანამშრომლები და გუნდის სხვა წევრები ამბობენ, რომ მათ მობეზრდათ "ვაჭრობა", რომელიც უკვე თვეების განმავლობაში მიმდინარეობს ხელმძღვანელობასთან ხელფასის გაზრდისა და დისტანციურად მუშაობის სქემის განსაზღვრის მოთხოვნით.
ნიუ-იორკის პროფკავშირი The NewsGuild-ი "ტვიტერში" აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტის შემდეგ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა პროცესი გაიწელა და შედეგი არ ჩანს. გამოცემის თანამშრომლები ითხოვენ ხელფასის გაზრდასა და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ისინი Times Square-ზეც აპირებენ აქციის გამართვას.
გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, კლიფ ლევიმ განაცხადა, რომ თანამშრომლებს შესთავაზეს ხელფასების 5,5%-ით გაზრდა ამ ეტაპზე, ხოლო 2023 და 2024 წლებში, 3-3 პროცენტით.
თუმცა ისინი მოითხოვენ, რომ ხელფასი დაუყოვნებლივ გაეზარდოთ 10%-ით.
როგორც "ინსაიდერი" წერს, ახალი ამბების უფროსი რედაქტორი ერთი წლის განმავლობაში 140 000 აშშ დოლარიდან $300,000 დოლარამდე გამოიმუშავებს.
2019 წლის ბოლოდან 2022 წლის შუა პერიოდის მონაცემების მიხედვით, "ნიუ იორკ თაიმსის" თანამშრომლების წლიური ხელფასი მერყეობს 53 392 დოლარიდან 306 000 დოლარამდე, თანამდებობისა და კვალიფიკაციის მიხედვით.