ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები არ წყდება ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, ყველაზე მწვავე ოპოზიციონერის, ტუმსო აბდურახმანოვის გარშემო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია შვედეთში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებ. აბდურახმანოვის კოლეგებმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურს განუცხადეს, რომ ჩეჩენი ბლოგერი 1-2 დეკემბრის ღამეს მოკლეს.
ჩეჩენი იურისტის აბუბაქარ იანგულბაევის თქმით, აბდურახმანოვის საქმეში რამდენიმე საეჭვო რამ იკვეთება - ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა რატომღაც დუმილით შეხვდა მის სიკვდილს, მაშინ როდესაც რამზან კადიროვი მას პირად მტრად მიიჩნევდა და როგორც ბლოგერის, ასევე მისი გარემოცვის მოსაშორებლად წლებია ევროპაში ქილერებს გზავნიდა.
"ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთის ხელისუფლების დაცვის ქვეშ იმყოფება. ის რომ მოეკლათ, კადიროვისა და მისი გუნდის ზეიმი იმავე დღეს დაიწყებოდა და დღემდე გაგრძელდებოდა. აუცილებლად მოაწყობდნენ კონფერენციას, ან კადიროვი გააკეთებდა მის საყვარელ ვიდეომიმართვას, რომელსაც ინტერნეტში განათავსებდა, თუ როგორი უძლეველია, რადგან ხალხის შეკვეთას ასრულებს და ისინი ყველგან არიან... ძალიან ლოგიკური კითხვები დაისვა - თუ როგორც ამბობენ, მართლაც ადამიანთა ჯგუფმა ესროლა და იმ დღეს მის სახლთან საეჭვო ადამიანი შენიშნეს, ვინც სავარაუდოდ, ქილერი იყო, რატომ დუმს შვედეთის პოლიცია?.. სად არის ცხედარი, თუნდაც დასისხლიანებული ცხედარი, რომელიც სინამდვილეში რომ არსებობდეს, კადიროვის ყველა კონტროლირებადი მედია ააფრიალებდა...
რატომ არის ჩუმად ტუმსოს ოჯახი, როდის დაკრძალეს და რა ვითარებაში დაკრძალეს ცხედარი. ან თუ ჯერ კიდევ ექსპერტიზაზეა, განცხადება, სამძიმარი მაინც რატომ არ თქვა. მხოლოდ ანზორ მასხადოვმა დაადასტურა, სულ ეს იყო?..
დარწმუნებული ვარ, რომ ტუმსო ცოცხალია და საიმედო დაცვის ქვეშ არის, უბრალოდ, საფრთხე იგრძნეს და საიმედო ადგილას გადაიყვანეს... შვედეთმა ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა, როდესაც მასზე თავდასხმა მოხდა და მას შემდეგ მისი უსაფრთხოება უფრო მეტად კონტროლდებოდა. მე თავად ვიყავი დაცვის ქვეშ და ვიცი, ეს სისტემა როგორ მუშაობს..." - ამბობს იანგულბაევი.
ევროპაში ჩეჩნური ასამბლეის წევრის, შამილ ალბაკოვის თქმით, საქმე იმდენად უცნაურია, ის იმედოვნებს, რომ ტუმსოს გაუჩინარების ოპერაცია შვედი სამართალდამცავების მონაწილეობით შესრულდა.
YOUTUBE.COM-ის სპეციალურ ეთერში, დმიტრი ნიზოვცევსა და ალექსანდრ მაკაშენეცთან საუბარში, ალკაბოვი ამბობს, რომ ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.
"მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, ის ადამიანები, ვისაც მასთან კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, არ ადასტურებენ მის სიკვდილს. ის ბოლო წლებში, ჩვენი ერის ტრაგედიის სიმბოლოდ და პრობლემების გამხმოვანებლად იქცა, ის უამრავი ახალგაზრდისთვის იმედი იყო. როგორც ჩეჩნურ დიასპორაში, ასევე, რესპუბლიკის მოსახლეობაში უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს... ვფიქრობ, მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სცენარი შეიძლება განვიხილოთ - პირველი, მისი გაუჩინარება შვედი სამართალდამცველების ოპერაციის ნაწილია, მათ რაღაც ინფორმაცია მიიღეს, რომ ბლოგერს საფრთხე ემუქრებოდა და ის გადამალეს. ისე, როგორც ეს მოხდა გერმანიაში, მის ძმასთან, მუჰამედთან დაკავშირებით.
მეორე - შესაძლოა, თავდასხმის მცდელობა ან რეალური საფრთხე მაინც არსებობდა და მათ პრევენციული ზომები მიიღეს. მესამე - იქ, სადაც ტუმსო ცხოვრობდა, მეზობლად, რაღაც ინციდენტი მოხდა და ამიტომაც, თავი დაიზღვიეს და პოლიციამ ის და მისი ძმა, უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა... თუმცა, ნებისმიერი სცენარი აჩვენებს, რომ ყველა ის პირი, ჩეჩენი იქნება თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი, საფრთხის ქვეშ არის. ჩვენ მუდმივად მიმართავთ, ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ჩვენი მომხრეების მიმართ.
ტუმსო აბდურახმანოვი დამოუკიდებელი ჩეჩნეთის მომხრეა. არც მინდა დავუშვა მისი სიკვდილი, რადგან როგორც ვთქვი, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ გამოდის, რომ ჩვენი ხალხის მიმართ, მუქარა, მკვლელობა და გატაცებები გრძელდება. ჩვენი ქვეყნის ხუთი პრეზიდენტი მოკლეს... რამდენიმე ხნის წინ, გერმანიაში ასევე მოკლეს ლოცვაზე მიმავალი ზელიმხან ხანგოშვილი, რაც ისევ და ისევ მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი ქმედებების მიუხედავად, ჩვენი ხალხი ბრძოლას განაგრძობს" - ამბობს შამილ ალბაკოვი.