ავტორი:

"ღარიბაშვილს არასდროს ეყოფა სულგრძელობა, რომ თქვას სიმართლე... არც ერთი პოლიტიკური გუნდის წევრი არ ვარ" - რას პასუხობს მამუკა მამულაშვილი პრემიერს?

"ღარიბაშვილს არასდროს ეყოფა სულგრძელობა, რომ თქვას სიმართლე... არც ერთი პოლიტიკური გუნდის წევრი არ ვარ" - რას პასუხობს მამუკა მამულაშვილი პრემიერს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაურს მამუკა მამულაშვილს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა და მიმართა მას, რომ "ფრონტიდან პარტიული ჩართვებისგან თავი შეიკავოს".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამუკა მამულაშვილი, სააკაშვილის დიდი მხარდამჭერია, მისი და კი ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი იყო.

"მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის ქართული ლეგიონის წევრი, მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტი წევრი, ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. ჯერ მე ასე მესმის, რომ თუ ადამიანი ომობ, და მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და მითუმეტეს რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური განცხადებები მოვისმინე და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი რა არის საერთოდ, რა სტილია" - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას AMBEBI.GE-სთან საუბარში უპასუხა მამუკა მამულაშვილმა:

"ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ ესმით, რატომ არიან ჩამოსული უკრაინაში ჩვენი მებრძოლები, რატომ დგანან აქ, ზედმეტი მგონია ველაპარაკოთ მორალზე და საქართველოს დაცვაზე. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მან საკმაოდ ცინიკური განცხადება გააკეთა. ის ალბათ საქმის კურსში არ არის, ვარ თუ არა მე პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან არასდროს ვყოფილვარ არც ერთი პოლიტიკური გუნდის წევრი, „ქართული ლეგიონი“ არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკური გუნდის ფილიალი და ის შექმნილია იმისთვის, რომ პირველ რიგში დაიცვას საქართველოს ინტერესები. ღარიბაშვილსაც მოვუწოდებ, დაიცვას საქართველოს ინტერესები, რაც მას არ შეუძლია, ჩვენდა სამწუხაროდ, ის რუსეთის ინტერესებს იცავს. დღეს საქართველოს მთავრობა იცავს რუსეთის ინტერესებს და ესაა ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც შეიძლება გამოთქვას ადამიანმა, რომელიც საქართველოსთვის იბრძვის.

ჩვენ, უკრაინაში მებრძოლები "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, მტრებად მივაჩნივართ, რადგან დღეს ვიცავთ საქართველოს ინტერესებს, ისინი კი იცავენ რუსულ ინტერესებს საქართველოში. ეს ბუნებრივი განცხადებებია იმ გუნდისგან, რომელიც ლობირებს რუსეთს. ამაში აბსოლუტურად არაფერია გასაკვირი, მათი განცხადებები გათვლილია ქართველი მებრძოლების დემორალიზაციაზე, მაგრამ გაითვალისწინონ ისიც, რომ ნებისმიერი მებრძოლი, რომელიც აქ ჩამოდის, უკვე მოტივირებულია და იცის, რატომ ჩამოდის, იდეოლოგიურად არის განწყობილი.

ასეთი განცხადებებით და სისულელეებით ისინი ვერ შეძლებენ ქართველი მებრძოლების დემორალიზებას. ეს ბიჭები არც "საწყლები" არიან, და არც არავისი "ჩამოყვანილი“ (როგორც ესენი მოიხსენიებენ), არც ერთი მათგანი არ არის აქ უბრალოდ მოხვედრილი, ესენი არიან პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც ჩამოვიდნენ არა მარტო უკრაინის, საქართველოს დასაცავად და მთლიანად გაცნობიერებული აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა, განსხვავებით საქართველოს მთავრობისგან. ღარიბაშვილმა ამ ბიჭებზე თქვა საწყლები არიანო, მე კი მგონია, რომ საწყალი ღარიბაშვილია და ის გუნდი, რომელიც დღეს საქართველოს ინტერესების მიღმაც მზადაა დაიცვას რუსეთი.

რა განწყობაზე არიან ჩვენი მებრძოლები? ასეთ ადამიანს შეიძლება მხოლოდ დასცინო, ვინაიდან ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, ღარიბაშვილი ასეთი გამოსვლებით ვის პოლიტიკაზე და წისქვილზე ასხამს წყალს. ასე რომ, ამას აქ სერიოზულად არავინ აღიქვამს. აქ არიან განათლებული და პროფესიონალი სამხედროები, ვინც ასრულებს თავის მოვალეობას სამშობლოს წინაშე. მეტი მესიჯის გადმოცემა მე არ შემიძლია.

ვიმეორებ, პოლიტიკურად ანგაჟირებული არასდროს ვყოფილვარ, ერთადერთი იყო ჩემი დის ერთწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ღარიბაშვილის ინტერპრეტაციით, სამართლიანობა შესაძლოა სსრკ-ს აღდგენაც იყოს, ჩემი დის საქმიანობა კი დანაშაულადაც აღიქვას. მას არასდროს ეყოფა სულგრძელობა, რომ თქვას სიმართლე, ასეთი ადამიანისგან და ასეთი გუნდისგან მეტს არც ველოდი... რუსეთი ყოველ დღე კლავს საქართველოს მოქალაქეებს, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაკავებულია წამებით და სამხედრო დანაშაულებით, რაც არახალია. ჩვენ ვიხდით ჩვენს ვალს და ვათავისუფლებთ არა მხოლოდ უკრაინას, მთელს მსოფლიოს ტერორისტებისგან“ - გვეუბნება მამუკა მამულაშვილი.

ნახეთ ასევე: