მომხრეები ეუბნებიან, მიდი, მიაწექი ეგრე და ჩვენ ახლა უცხოეთში გადაგიყვანთ, აბსურდია, ტყუილად ეუბნებიან, არასწორია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არაჰუმანური ამოცანების გადაწყვეტისთვის იყენებენ.
"მისი მომხრე ყველა, დიდი ნაწილი მაინც, ვინც შედის, იმას კი არ ეუბნება, რომ მიიღე ეს საჭმელი, რადგან, შეიძლება პრობლემა გქონდეს, ეუბნებიან, რომ მიდი, მიაწექი ეგრე და ჩვენ ახლა უცხოეთში გადაგიყვანთ, აბსურდია, ტყუილად ეუბნებიან, არასწორია.
ოჯახს ვერ დავადანაშაულებ, არ იქნება სწორი, მაგრამ დღეს სააკაშვილის ბევრი გულშემატკივარი ცდილობს, რომ პოლიტიკური ქულა მიიღოს და სააკაშვილის ყოფითი გაგებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა არაჰუმანიტარული მიზნების გადაწყვეტისთვის, პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოიყენოს, რომ გაათავისუფლონ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ექიმებმა უნდა ურჩიონ მიხეილ სააკაშვილს, რომ საკვები მიიღოს.
„ბატონ წულაძეს უნდა ვკითხოთ, რატომ არ ურჩევს სააკაშვილს, რომ მიიღოს საკვები? - ხომ ძალიან ძლიერი ექიმები არიან. ცუდად ჰგავს ეს ყველაფერი სიჯიუტეს. მე მგონი, თანამედროვე მედიცინა იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ თუ ადამიანი თანახმაა, მიიღოს საკვები, რაღაც ფორმით ეს საკვები მის ორგანიზმში მოხვდება ისეთი რაოდენობით, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ეს მოხერხებადი იქნება.
მე რომ ვამბობ, სააკაშვილის მომხრეები ძირითადად დაკავებული არიან პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტით და ამ მიზნით იყენებენ ჯანმრთელობის მდგომარეობასო, გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ზუსტად ამაშია საქმე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.