თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ გია ბუღაძის თსუ-დან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას "ცრუს“ უწოდებს. როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ, მან ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას.
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმიანება გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, თითქოს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი გია ბუღაძე გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან...
გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას, ისევე, როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით გაორმაგებულია. სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე 3 კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები“, - წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით გია ბუღაძემ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა:
- ბატონო გია, რას იტყვით თსუ-სა და თქვენ შორის თანამშრომლობის შეწყვეტის საკითხზე?
- არა უშავს, ყველაფერი ხდება! კონტრაქტი ისე შემიწყვიტეს, არაფერი მითხრეს და ახლა იგონებენ, თითქოს, ჩემთან გასაუბრება ჰქონდათ და უარი ვთქვი 120-ლარიან, იაფ ხელფასზე... საერთოდ, ხელფასზე არც ყოფილა საუბარი, კონტრაქტის დადება უსასრულოდ გაიწელა, ვუთხარი, თუ არ გინდათ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი და წამოვედი!
- ანუ უნივერსიტეტიდან თქვენ არავის გაუთავისუფლებიხართ, თავად მიიღეთ წამოსვლის გადაწყვეტილება?
- დიახ, იმიტომ წამოვედი, რომ კონტრაქტი არ დამიდეს! ლექციები სამი თვის განმავლობაში ყველაფრის გარეშე ვატარე, ანაზღაურებაზე არც იყო ლაპარაკი, უნივერსიტეტში ისედაც სიმბოლური ანაზღაურებაა, მაგრამ ნიშანი ხომ უნდა გამეფორმებინა?! სემესტრი მთავრდება და არა და არ დადეს ხელშეკრულება... ერთხელ ვიკითხე, ორჯერ და მერე მივხვდი, რომ ჩემი გაგდება უნდოდათ და მათ თავს არ გავაგდებინებ! განაგრძეთ კითხვა