ავტორი:

სად გაქრა კადიროვის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი და რატომ დუმს შვედეთის პოლიცია? - მკვლელობა თუ მკვლელობის ინსცენირება?

სად გაქრა კადიროვის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი და რატომ დუმს შვედეთის პოლიცია? - მკვლელობა თუ მკვლელობის ინსცენირება?

"რადიო თავისუფლების" გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩნეთს ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. შვედური მხარე მომხდარს ჯერ არ ადასტურებს, ადგილობრივი გამოცემის "აფთონლადეტის" ცნობით, მათ მიმართეს შვედეთის პოლიციას ამ საკითხზე შეკითხვით.

"პოლიციის განყოფილებას არ შეუძლია ამ ინფორმაციის დადასტურება, არც დამატებითი კომენტარის გაკეთება", - მისწერა გამოცემას ელექტრონულ ფოსტაზე პოლიციის პრეს-მდივანმა სოფია ჰელკვისტმა, 6 დეკემბერს.

ადგილობრივი მედია ჩეჩენ ბლოგერს გაუჩინარებულად მოიხსენიებს.

ბლოგერთან დაკავშირებას უკვე რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ. მის სიკვდილს ადასტურებს უფლებადამცველი და ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის შვილი ანზორ მასხადოვი.

არაოფიციალური ინფორმაციით, "ტუმსო აბდურახმანოვს ადამიანთა ჯგუფმა ცეცხლი 2 დეკემბრის ღამეს გაუხსნა", თუმცა ის, რომ აქამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ შვედ სამართალდამცავებს, ჩეჩნურ დიასპორაში ეჭვებს იწვევს...

ტუმსო აბდურახმანოვი შეიძლება ითქვას, რომ რამზან კადიროვის და მისი რეჟიმის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია, მის ვიდეომიმართვებს "იუთუბარხზე" მილიონობით ნახვა აქვს. 36 წლის ბლოგერი ინტენსიურად აქვეყნებდა თავის პოზიციას ჩეჩნეთში რამზან კადიროვის რეჟიმის მიერ შექმნილი ვითარების, ჩადენილი დანაშაულების, ადამიანთა უფლებებისა და სხვა პრობლემების შესახებ, რის გამოც მასზე რამდენიმე წელია ნადირობაა გამოცხდებული.

ტუმსოს 2015 წელს კადიროვის პირად გარემოცვასა და ნათესავთან დაპირისპირება მოუვიდა და ჩეჩნეთი დატოვა. იმჟამად თავშესაფარი მან საქართველოსაც სთხოვა, თუმცა ლტოლვილის სტატუსზე უარი მიიღო. ამის შემდგომ, ის ჯერ პოლონეთში, შემდეგ შვედეთში გაემგზავრა. 2021 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მას სწორედ შევედეთმა მისცა.

შვედეთის უსაფრთხოების ძალების მფარველობის ქვეშ არის მისი ძმა, მუჰამედ აბდურახმანოვიც, რომელიც ტუმსოს გაუჩინარების წინა დღეს სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა...

5 დეკემბერს, აბდურახმანოვის მკვლელობა ჩეჩნურმა ოპოზიციურმა "ტელეგრამარხმა" "1ADAT"-მა დაადასტურა, თუმცა ამის თაობაზე ეჭვები გამოთქვა ინგუშური გამოცემის "ფორტანგას" მთავარმა რედაქტორმა იზაბელა ევლოევამ. "ტუმსოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მაქვს: როდის და რა გარემოებაში მოხდა მასზე თავდასხმა? სად არის ცხედარი? რატომ აქამდე არ გააკეთა შვედეთის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება, რატომ არაფერს ამბობენ ნათესავები? ეს ყველაფერი მახსენებს არკადი ბაბჩენკოს სიკვდილის ინსცენირებას", - დაწერა მან თავის "ტელეგრამარხზე".

2019 წლის მარტში ტუმსომ რამზან კადიროვის მამას, ახმად კადიროვს "ჩეჩენი ხალხის გამყიდველი" უწოდა. ის ხშირად აცხადებდა, რომ ჩეჩნეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რასაც რამზან კადიროვთან დაახლოებული პირის, ჩეჩნეთის ვიცე - პრემიერის მაგომედ დაუდოვის მუქარა მოჰყვა. ის აბდურახმანოვს "სისხლის აღებით" დაემუქრა.

დაუდოვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ აბდურახმანოვი მისი და მისი ძმების მტერი იყო და პირობას დებდა, რომ აუცილებლად იპოვიდა და გაუსწორდებოდა...

2020 წლის თებერვალში მას შვედეთში, საკუთარ ბინაში დაესხნენ თავს, თუმცა, ბლოგერმა თავდამსხმელის განიარაღება შეძლო, პოლიციას დაუკავშირდა და დამნაშავე მათ ჩააბარა. საქმეზე განაჩენი 2021 წლის იანვარში გამოიტანეს. თავდასხმაში დამნაშავედ ცნეს რუსეთის მოქალაქე. საქმის შემკვეთები არ გამოვლენილან, მაგრამ სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ "კვალი გროზნოსკენ მიდიოდა..."

კადიროვის კრიტიკოსი ჩეჩენი ბლოგერის გვერდზე ბოლო მიმართვა 30 ნოემბრის საღამოს გავრცელდა. მას შემდეგ, მისი მომხრეები მისი ვიდეომიმართვებს ქვეშ კომენტარებს წერენ, სადაც მას კავშირზე გამოსვლას ან საქმის კურსში მყოფი პირებისგან, ან მისი გარემოცვისგან ბლოგერის შესახებ დადასტურებული ინფორმაციის მიღებას ითხოვენ...

"ჩვეულებრივ შემთხვევაში, ტუმსო წინასწარ გვაფრთხილებდა, რომ ის ცოტა ხნით კავშირზე ვერ გამოვიდოდა, ახლა ასე მოქცეულა..." - წერს ერთ-ერთი მათგანი კომენტარებში.

2022 წლის მარტში, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ჩეჩნეთის მკვიდრი ვალიდ დ. ჩეჩნეთის მეთაურის და მისი გარემოცვისგან დაკვეთილი მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულა. Deutsche Welle გამოძიებზე დაყრდნობით წერდა, რომ სამიზნე ისევ ტუმსო აბდურახმანოვი იყო.

საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, გერმანიაში მის ძმაზე მუჰამად აბდურახმანოვზე თავდასხმაც აღკვეთეს, რომლის თქმითაც, მისი მკვლელობის ორგანიზება რამზან კადიროვის ბიძაშვილს, ფარუი ედელჰერიევს ჰქონდა ჩაბარებული.

kavkazr.com-ის ცნობით, რუსეთმა ინტერპოლის სამსახურს სთხოვა ტუმსო აბდურახმანოვზე ძებნის გამოცხადება, რაზეც უარი მიიღო. "ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო" რუსეთში მის წინააღმდეგ უკვე წლებია სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამავე გამოცემის ცნობით, ის, რომ აბდურახმანოვის მკვლელობის საქმეზე ჩუმად არიან მისი ოჯახის წევრები, ეჭვს იწვევს.

"მის მკვლელობას არ ადასტურებენ არც მისი ახლობლები და არც შვედი სამართალდამცავები... შვედეთის პოლიცია და აბდურახმანოვის ადვოკატი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ..." - წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, აბდურახმანოვის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას არასანდოდ მიიჩნევს, ევროპაში მცხოვრები ისტორიკოსი და ჟურნალისტი მაირბეკ ვაჩაგაევი.

მისი ადვოკატის, აბუბაქარ ინგულბევის ცნობით, შევედთის პოლიციას აქვს ინფორმაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების შესახებ, მაგრამ არ ადასტურებს ტუმსოს მკვლელობას და არც კომენტარს აკეთებს. "ჩეჩენთში ადამიანის სიკვდილზე ასე ლაპარაკი მისი ახლობლების უპატივცემულობაა, ამიტომაც მე არ ვაპირებ ამ საქმის კომენტირებას..." - განაცხადა. მან.

ერთ-ერთი ვერსიით, ტუმსოს გაუჩინარებიდან მალევე გაწყდა კავშირი მის ძმასთანაც, რომელიც შვედეთში უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვაიფონდის" წევრია."რუსთავი 2" - თან საუბრისას ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მკვლელობის შესახებ ცნობებს სკეპტიკურად უყურებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ აბდურახმანოვები სპეცსამსახურებმა გადაარჩინეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.