ავტორი:

"ბიჭებმა ორი ტალღა მოიგერიეს და მესამე არ დათმეს... ჩემთვის სირცხვილია, რომ ცოცხალი გამოვედი" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ბახმუტთან შეტევის დეტალებს იხსენებს

"ბიჭებმა ორი ტალღა მოიგერიეს და მესამე არ დათმეს... ჩემთვის სირცხვილია, რომ ცოცხალი გამოვედი" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ბახმუტთან შეტევის დეტალებს იხსენებს

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო გიორგი როინიშვილი ბახმუტთან იმ შეტევის დეტალებს იხსენებს, რომელსაც 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

მისივე თქმით, მისმა თანამებრძოლებმა 2 შეტევა წარმატებულად, დანაკარგის გარეშე მოიგერიეს, თუმცა მესამე ინტენსიური შეტევის დროს, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

"ბახმუტთან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. 7 ქართველის შემადგენლობით ოპერაციის ჩასატარებლად შევედით. დავიკავეთ პოზიციები. შეიცვალა გეგმები, გადაიდო შეტევით ოპერაცია, მაგრამ საწყისი წერტილი, რომელსაც ჩვენ ვამაგრებდით არ დაგვიტოვებია. ჩვენს ფლანგზე იყვნენ უკრაინელები. ჩვენ რომ მოვხსნილიყავით, უკრაინელებს საშიშროება შეექმნებოდათ, რომ მათი პოზიციებისთვის ფლანგიდან დაერტყათ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავჩერებულიყავით მანამ, სანამ არ მოვიდოდა საწინააღმდეგო ბრძანება, რომ პოზიციები დაგვეტოვებინა და უკან გამოვსულიყავით. ოპერაციის გაგრძელებას დილისთვის ველოდებოდით. საწყისი წერტილის დაკავებიდან დაახლოებით, ნახევარ საათში ძალიან ინტენსიური ბრძოლა დაიწყო. შეტევის პირველი ტალღა წამოვიდა, რომელიც წარმატებით მოვიგერიეთ. ამას მერე, რამდენიმე წუთში მეორე ტალღა წამოვიდა და ისიც უდანაკარგოდ მოვიგერიეთ.

ჯგუფის მეთაურის ბრძანების საფუძველზე, მე და ჩემი მეთაური მარცხენა ფლანგზე გადავედით, რომ გვენახა რა მდგომარეობა იყო და ფლანგიდან შემოგვივლიდნენ თუ არა რუსები. ჩვენთან ერთად იყო ასევე უკრაინელი მაიორი. ეს ტყეში ხდება. 5 ჩვენი თანამებრძოლი თავის პოზიციაზე დარჩა. გადავედით 20-25 მეტრით შორს და წამოვიდა მესამე ტალღა. ძალიან ინტენსიური ცეცხლი იყო. ეს სამი კაცი ხოხვა-ხოხვით წავედით ჩვენი პოზიციებისკენ. ჩვენი პოზიციებიდანაც ცეცხლი წამოვიდა. 15 წუთის შემდეგ ცეცხლი შეწყდა. ჩვენ ჩვენებისკენ გადავინაცვლეთ და იქიდან ჩვენს მიმართ კიდევ ცეცხლი წამოვიდა. ჩვენ ვიცოდით, რომ იქ ჩვენები იყვნენ და ჩვენ ცეცხლს ვერ გავხსნიდით, ამიტომ დავუძახეთ ჩვენს მეგობარს ზედმეტსახელი, მაგრამ იქიდან ცეცხლი წამოვიდა. მოკლედ, ორჯერ მივედით კიდევ ჩვენს პოზიციებამდე, მაგრამ გვესროდნენ. აქედან გამომდინარე იძულებულები გავხდით, რომ ბაზაზე ჩამოვსულიყავით. საბაზისო წერტილიდან დილას მოხდა დრონების აფრენა და დრონების საშუალებით დაინახეთ, რომ ჩვენი თანამებრძოლები დახოცილები იყვნენ, ჩვენი პოზიციები იყო აღებული და მტერს ჰქონდა დაკავებული,“ - განაცხადა გიორგი როინიშვილმა "მთავარ არხთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ტერიტორიიდან ცხედრების გამოყვანა ინტენსიური ცეცხლის დროს ფაქტობრივად, შეუძლებელია.

"ბიჭებმა ორი ტალღა მოიგერიეს და მერე მესამე ტალღა არ დათმეს, ნაბიჯიც არ ჰქონდათ გადადგმული, ყველა თავის ადგილას დარჩა. ახლაც იქ არიან, ოღონდ გარდაცვლილები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვიყვანოთ. ჩვენ რომ ახლა 3 კაცი შევიდეთ, კიდევ 3 მივემატებით. 5 ცხედრის გამოტანა ასეთი ინტენსიური ცეცხლის ქვეშ, შეუძლებელია, ამიტომ სხვანაირად უნდა მოხდეს. ჩემთვის ახლა ეს სირცხვილია, რომ მე ცოცხალი გამოვედი და ჩემი ძმები იქ დახოცილები არიან. მათ ოჯახებს მე რა უნდა ვუთხრა, რომ ცხედარიც ვერ გამოვიტანე? ან როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი?,“ -განაცხადა გიორგი როინიშვილმა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს თქმით, საქართველო თავისი შვილების მიმართ უმადურ ქვეყნად ჩამოყალიბდა.

"საქართველო ყალიბდება და ჩამოყალიბდა თავის შვილების მიმართ უმადურ ქვეყნად და რატომ ვერ ვხვდები. აფხაზეთის ომის შემდეგ... აფხაზეთის ომის ვეტერანები, რომ ქუჩაში მათხოვრებად არიან ქვეყანაში. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ამ ხალხს დაფასება სჭირდება. ჩვენ აქ ფულისთვის არ ვიბრძვით! ეს ბიჭები ფულისთვის არ დახოცილან!“ - განაცხადა გიორგი როინიშვილმა.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს ბახმუტთან კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს, 33 ქართველის სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.