ავტორი:

"29 წლის ვიყავი, საქართველო რომ დავტოვე... საჯაროდ ვაცხადებ: მე ისევ 29 წლის ვარ, ვინაიდან უცხოეთში არ მიცხოვრია…” - გაქცევა საბჭოთა კავშირიდან, ცხოვრება უცხოეთში და ფიქრი სამშობლოზე

"29 წლის ვიყავი, საქართველო რომ დავტოვე... საჯაროდ ვაცხადებ: მე ისევ 29 წლის ვარ, ვინაიდან უცხოეთში არ მიცხოვრია…” - გაქცევა საბჭოთა კავშირიდან, ცხოვრება უცხოეთში და ფიქრი სამშობლოზე

"მე თუ დასავლეთში რამეს მივაღწიე და ეს ცოტა არ არის, მივაღწიე ჩემი ქართველობით, პატიოსნებით, ჩემი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით და ჩემი არაადამიანური ცხოვრებისეული გა-მოც-დი-ლე-ბით! ამერიკელებს აქვთ ასეთი ანდაზა: "Experience is everything“ - გამოცდილება ყველაფერია. უცხოეთში მიღებული გამოცდილება ქართველ ერს თუ არ მოხმარდა, ჩემ ცხოვრებას აზრი არ აქვს!.. მე არც სახლი მაკლია, არც პური, არც მამული, არც ბინები - არაფერი! მაკლია ჩემი სამშობლო! საქართველო მაკლია! რატომ? იმიტომ კი არა, რომ ნოსტალგია მაქვს! არა! საქართველო არის შენი სამ-შობ-ლო! შენი დედამიწა!" - ეს არის ამონარიდი მსახიობ ნუგზარ შარიას 2016 წლის ინტერვიუდან, რომელშიც ის საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზეზებზეც საუბრობდა.

კადრი ფილმიდან: "ხევისებრი გოჩა"

გუშინ, 1-ლ დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს სახალხო არტისტი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ცხოვრების გზა არ ყოფილა იოლი. ერთი შეხედვით, ნიჭიერ და შთამბეჭდავი გარეგნობის მსახიობს საბჭოთა კავშირში თითქოს წარმატებული სამსახიობო კარიერა ჰქონდა, პირველი ფილმი "ენგურის ნაპირებზე" იყო, რომელსაც მოჰყვა: "აბესალომ და ეთერი", "ხევისბერი გოჩა", "პალიასტომი"...

თვითონ წლების მერე ყვებოდა:

"1966 წელს შუა აზიაში ფილმ "ღალატის“ გადაღებებზე უმძიმესი ტრამვა მივიღე. გამოქვაბულში ცხენი დაცურდა და ფეხებზე დამეცა. სასწაული მოხდა და გადავრჩი! ჩემი პირველი ფილმი იყო "ენგურის ნაპირებზე“, რომელსაც მოჰყვა სხვა ფილმები და 3-4 წელიწადში რეკორდი მოვხსენი. როცა შინ ყავარჯნებით დავბრუნდი, ჩემი ბავშვობის მეგობარმა, სიკო დოლიძის ვაჟმა - თემურ დოლიძემ მირჩია კინორეჟისორობისთვის მომეკიდა ხელი და მოსკოვში გავემგზავრე, უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩასაბარებლად. იქ მითხრეს: "თქვენი გარეგნობის კაცი, აქ ვერ ისწავლით: რესტორნები, ქალები… სწავლისთვის არ გეცლებათ!“ მე არ დავიხიე, ვუმტკიცებდი, რომ კარგად ვისწავლიდი. მომცეს დავალება: ერთ ღამეში უნდა დამეწერა ორგვერდიანი სცენარი - რა ვნახე მოსკოვში! დამითმეს ოთახი და მითხრეს: დილის 7 საათზე ნამუშევარი უნდა დაგვხვდესო და აი, მაშინ გეტყვით: გაქვთ თუ არა უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე განცხადების შემოტანის უფლება!

კადრი ფილმიდან" "პალიასტომი"

გარეთ გამოვედი, საღამოს 9 საათია, მოსკოვში თოვლი მოდის და დედაქალაქის ცენტრიდან მეტრომდე ხალხი მიედინება. ქუჩაში შევამჩნიე ნაბიჯების კვალი: დიდების, პატარების, ქალების, მოხუცების… ეს კვალი მეტრო მაიაკოვსკის შესასვლელთან მთავრდებოდა, სადაც ლოთები იდგნენ და სვამდნენ - ზოგი არაყს, ზოგი ღვინოს. ამ დროს ჩამოიარა მანქანამ, რომელიც თოვლის გასადნობად წყალს აპკურებდა და ლოთებს წყლის შადრევანი შეასხა. დავბრუნდი სასწავლებელში, შევედი კაბინეტში და ეს ამბავი დავწერე. მეორე დღეს წაიკითხეს და მითხრეს: ეს არის უმაღლესი რეჟისურა, თქვენ სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაგრიცხავთ, ოღონდ კიდევ უნდა დაწეროთო…

კადრი ფილმიდან: "ხევისებრი გოჩა"

მეც დავწერე: 1956 წელს, თბილისის ზოოპარკი წყალმა წალეკა. ქუჩაში გაქცეული ცხოველების სანახავად ხალხი გამოვიდა. ყველას აინტერესებდა ცოცხალი ნიანგის ხილვა, რომელიც ცხვირით კონსერვის ქილებს მიათრევდა. მალე რაზმელებმა ნიანგი თავის სადგომში დააბრუნეს. მეორე დღეს ნიანგი მოკვდა. ესე იგი, ნიანგმა ერთი დღე შეისუნთქა თავისუფლება და როცა გალიაში დააბრუნეს, გული გაუსკდა. ამ ჩემ პირველ სარეჟისორო ნამუშევარს ერქვა: "თავისუფლების ერთი დღე“.

  • მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქ არც რეჟისორად მიმიღეს და არც მსახიობად… და რატომ? იმიტომ რომ მე არ ვიყავი კომუნისტური პარტიის წევრი, არ ვმსახურობდი საბჭოთა ჯარში, შტატში არსად არ ვყოფილვარ. მხოლოდ ფილმების გადაღების პერიოდში ვიღებდი ხელფასს, ფილმის გადაღება მთავრდებოდა და ხელფასიც აღარ მქონდა… ეს იყო 1968 წლის დასასრული.

გულახდილად გეტყვით: დამნაშავე იყო კინოსტუდიის იმჟამინდელი დირექტორი, რომელსაც ჩემ მიმართ პირადი მოტივი ჰქონდა. ყველა კარი დამიხურეს, ქუჩაში აღმოვჩნდი, ჩემი სცენარები დაიწუნეს. სხვა გამოსავალი არ მქონდა - ჩემი თავისთვის უნდა მეპატრონა! მერე ერთი ფილმის გადაღებაზე ვმუშაობდი, რეჟისორად, მაგრამ როცა ფილმი დასრულდა, ჩემი სახელი არ ახსენეს. ეს იყო "სემირამიდას ბაღები“…

კადრი ფილმიდან: "აბესალომ და ეთერი"

სხვათა შორის, ჩუმად არ წავსულვარ, კინოსტუდიაში დავტოვე ოფიციალური განცხადება: "მე, ნუგზარ შარია, ვანთავისუფლებ ჩემ სამსახურს კინოფილმში "სემირამიდას ბაღები“, ვინაიდან ვტოვებ საქართველოს და სამუდამოდ მივდივარ უცხოეთში“.

  • საბჭოთა იმპერია 1970 წელს 29 წლისამ დატოვა...

ტურისტული მოგზაურობისთვის კუბაში, მაროკოსა და საფრანგეთში გაემგზავრა. ამ გზით პარიზში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მალე მუშაობა რადიო "თავისუფალი ევროპისა” და "თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყო. 1971 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში, მუშაობა განაგრძო იმავე რადიოებში და "ამერიკის ხმაში”, პარალელურად, ლექციებს კითხულობს კინორეჟისურაში ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში...

მისი ყოფილი მეუღლე, ცნობილი მსახიობი ლია გუდაძე წლების შემდეგ იხსენებდა:

"ჩვენ დაცილებულები ვიყავით, როცა ნუგზარ შარია უცხოეთში დარჩა. ჩემზე უმძიმეს ზეწოლას ახორციელებდა უშიშროება. 20 წლის განმავლობაში, სანამ ზვიად გამსახურდია არ მოვიდა ხელისუფლებაში, მუდმივად მიბარებდნენ, დამკითხავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პასუხი ყოველთვის იყო - “არაფერი ვიცი”, მაინც არ ისვენებდნენ".

მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში არაერთ წარმატებას მიაღწია, ცხოვრების ბოლომდე საქართველოზე ფიქრი არ შეუწყვეტია, ცდილობდა, განეხორციელებინა ისეთი პროექტები, რომლებიც სამშობლოსთან დააკავშირებდა.

შვილთან ზურა შარიასთან ერთად

ნუგზარ შარია:

"29 წლის ვიყავი, საქართველო რომ დავტოვე და დღეს, როცა 75 წელი შემისრულდა, საჯაროდ ვაცხადებ: მე ისევ 29 წლის ვარ, ვინაიდან უცხოეთში არ მიცხოვრია…”