ავტორი:

"ოჯახი მოგვიანებით შევქმენი... უფროსი შვილი ჩემს პროფესიას გაჰყვა" - მოგზაურობის მოყვარული ცნობილი ფსიქოლოგის უცნობი ცხოვრება: ინტერვიუ ზურა მხეიძესთან

"ოჯახი მოგვიანებით შევქმენი...  უფროსი შვილი ჩემს პროფესიას გაჰყვა" - მოგზაურობის მოყვარული ცნობილი ფსიქოლოგის უცნობი ცხოვრება: ინტერვიუ ზურა მხეიძესთან

30 წელზე მეტია ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს მართვისა და კომუნიკაციის მიმართულებით... აღმოსავლეთ უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს აქვს 25 წლიანი კონსულტაციის გამოცდილება, 20-მდე საჯარო თუ კერძო კომპანიასთან მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში... სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, მონაწილეობდა 30-მდე კვლევასა და საკონსულტაციო პროექტებში...

ვინაიდან ზურა მხეიძის ვიდეოებს ყველაზე მეტი ნახვები აქვს, მისი პიროვნება უდიდესს ინტერესს იწვევს... ჩვენი დაჟინებული თხოვნით, ცნობილმა ფსიქოლოგმა თავისი ცხოვრების შესახებ ჩვენს შეკითხვებს უპასუხა...

- ბატონო ზურა, როგორ იხსენებთ დღეს თქვენს ბავშვობას?

- ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება... საბურთალოზე, პეკინის ქუჩაზე ვიზრდებოდი, მერე მიემატა კორპუსები, მაგრამ მაშინაც კარგად დასახლებული უბანი იყო.

- ბევრი ცნობილი ადამიანი ემადლიერება "ქუჩის აკადემიას", რაც იქ ვისწავლეთ, სხვაგან ვერ ვისწავლიდითო...

- ასეთი არ ვიყავი... ქუჩაში პრობლემა არასოდეს შემქმნია არც ეგრეთ წოდებულ "ქუჩის აკადემიის" წარმომადგენლებთან და არც არაწარმომადგენლებთან. ურთიერთობები ძირითად მეგობრული იყო.

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიას გაყოლოდით?

- ამ პროფესიას რომ გავყოლოდი, მერვე კლასში გადავწყვიტე... დეტექტივები ძალიან მიყვარდა, კარგი გამომძიებელი ვერ იქნები თუ ადამიანის ფსიქოლოგიაზე წარმოდგენა არ გაქვს... მაინტერესებდა და მიყვარდა ადამიანის ქცევის ანალიზი გარკვეულად ადამიანის ქცევის წინასწარ განსაზღვრა შემეძლო. ამ ინტერესის გამო ფსიქოლოგიას მივაგენი...რასაკვირველია, ახლა რომ შესაძლებელია ინფორმაციის მიღება და ლიტერატურაზე წვდომა, ასეთი ადვილი არ იყო, თუმცა რაც დეფიციტურია, უფრო ძვირფასია! ვიღაცისგან ნათხოვარი წიგნით, ან თხოვნით ჩამოტანილით ხდებოდა ხელმისაწვდომი. ხშირად სასურველი წიგნი რომ წაგეკითხა საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა წასულიყავი... საჯარო ბიბლიოთეკაში კარგი ატმოსფერო იყო, ძალიან სასიამოვნო იყო იქ ყოფნა.

- იმ დროს საჯარო ბიბლიოთეკას ცნობილი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები სტუმრობდნენ...

- იქ ჩემს პედაგოგებს შევხვედრილვარ... ბიბლიოთეკა მაშინ უფრო ბიბლიოთეკა იყო, ვიდრე შეხვედრის ადგილი. ისევე როგორც კინო ფილმის ნახვა და არა რიტუალი... ახლა მაგალითად, ისეთი ფილმებია, სანახავადაც არ ღირს, მაგრამ რიტუალია, რომ კინოში წახვიდე. მაშინ ფილმის სანახავად, კონკრეტული რეჟისორის ნამუშევრის გასაცნობად მიდიოდი.

- არ გახსენდებათ ბავშვობაში ისეთ ცნობილ პიროვნებასთან შეხვედრა, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა?

- არა, სხვათა შორის... აუცილებელი არაა ცნობილი, საზოგადო მოღვაწე იყოს, ადამიანი რომელმაც რაღაც თუნდაც ოდნავ კარგისკენ შეცვალა ადამიანი, ასეთი ... როგორც ამბობენ, სულ ცხოვრებაში მაქსიმუმ 17-18 ადამიანი ახდენს ადამიანზე გავლენას, ისე რომ პიროვნების ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს ვიღაც ავტორიტეტი, ან უბრალოდ ვინმე მგზავრი, რომელსაც ერთი საათით შეხვდი მატარებელში და მეტად არც გინახავს. შეიძლება ვიღაცასთან ერთწუთიანი შეხვედრა იყოს და ამან შეცვალოს რაღაცა ადამიანის ცხოვრებაში, მის პიროვნებაში.

სტუდენტობის პერიოდი ყველაზე კარგი იყო ჩემს ცხოვრებაში... განსხვავებით ახლანდელი სტუდენტებისგან, ჩემს კურსელებს ყველას ვიცნობდით. ასევე პარალელურ კურსელებს, სხვა ფაკულტეტის სტუდენტებსაც კი. ძალიან კარგი ურთიერთობები იყო... მე რომ ვსწავლობდი და ახლანდელ პერიოდს რომ ვადარებ, რაზეც ყველაზე მეტად გული მწყდება, ვთქვათ ორ საათზე სწავლა თუ მთავრდებოდა, შემდეგ ლექტორი თავიანთ სტუდენტებთან მუშაობდა. ახლა ლექტორი ლექციის წაკითხვას რომ დაამთავრებს, მეორეს წასაკითხად სხვა სასწავლებელში მიიჩქარის. მხოლოდ სწავლა კი არა, იმ მეცნიერებთან ურთიერთობებიც რად ღირდა, რაც დღეს აღარ არის და ... მაშინ წყნარი რითმი იყო და უფრო მეტად აკადემიურიც.

- საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუდენტებსაც საუკეთესო ჩამოქონდათ...

- ჩემს ჯგუფში ჩამოსულებიც იყვნენ და აქაურებიც, მაგრამ ასეთი რამ განცდაშიც კი არ გვქონია, ვინ ჩამოსული იყო და ვინ არა. ყველა ერთმანეთის მეგობრები და ახლობლები ვიყავით.

- პირადად თქვენ რამდენად იცნობდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ბავშვობიდან... რამდენიმე თაობის თბილისელი ბრძანდებით თუ გქონდათ სოფელში ფესვები?

- სოფელში ჩვენს ოჯახს არაფერი ჰქონდა... ბაბუებიდან არცერთი მახსოვს, ბებიაჩემიც უკვე თბილისში იყო. საქართველოს კუთხეებში ყველგან არ ვყოფილვარ, ახლა დავიწყე ნელ-ნელა მოგზაურობა ზაფხულობით, თუ საშუალება მეძლევა დროის მხრივ. ამ საკითხს აუცილებლად უნდა მივხედო, რადგან 34 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და საქართველოს ისეთ ადგილებში არ ვყოფილვარ, მრცხვენია, რომ ვერც ერთხელ ვერ წავედი.

თან წარმოიდგინეთ, რომ იმ 34 ქვეყნიდან თურქეთში ნამყოფი არ ვარ. თურქეთის აეროპორტებში ყოფნას რასაკვირველია არ ვთვლი... ყველაზე ადვილი წასასვლელია, ყველაზე ახლოსაა (პოსტსაბჭოთა სივრცეზე არ ვლაპარაკობ)... ამ დროს აფრიკაში ვყოფილვარ და თურქეთში არა...

- აფრიკაზე რას იტყოდით?

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიყავი და მაშინ აღმოვაჩინე, (ან რა დიდი აღმოჩენა მაგას უნდოდა), რომ ის აფრიკის ქვეყნები, სადაც რუსეთი იყო შესული, იქ ყველა საშინლად ცხოვრობდა...

- დღესაც არის ზიმბაბვეში ლენინის ქუჩა...

- ლენინის ქუჩა კი არა, მოზამბიკში ბავშვებს ავტომატის სახელები ერქვათ - კალაშნიკოვი და ასე შემდეგ... ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო

- რომელია ქვეყანა, სადაც იყავით და პირიქით, ძალიან მოგეწონათ?

- ყველა ქვეყანა თავისებურად მომხიბვლელია... ძალიან მომეწონა კუნძული - მავრიკია, რომლის დედაქალაქია პორტ-ლუი... იქ ძალიან კარგი ზღვაა, ძალიან კარგი ტემპერატურა - 23-27 გრადუსი მთელი წელი... ოთხმოცდაათიან წლებში ვიყავი და ძალიან ლამაზი, წყნარი მახსოვს იქაურობა, ეგზოტიკური, პატარა კუნძული. მხოლოდ იქ გავიფიქრე, შეიძლებოდა აქ მეცხოვრა-მეთქი დანარჩენ ქვეყნებში ასეთი ფიქრი არ მქონია.

- აფხაზეთში ხართ ნამყოფი?

- სტუდენტობაში და უფრო ადრეც, აფხაზეთში ყოველ წელს მივდიოდით. ათი წლის მანძილზე ოჯახი იქ მთელი თვით ვისვენებდით... აფხაზეთი ულამაზესია ბუნებრივი ლანდშაფტით, იქ ინფრასტრუქტურის მოწყობაც კი აღარაა საჭირო, ველური სანაპიროც თვალწარმტაცია. ასეთი იყო და მაშინ ბათუმში არ მიდიოდნენ, აჭარაში უფრო მიმზიდველი ქობულეთი იყო... თბილისელები ძირითადად გაგრაში ჩადიოდნენ, კლიმატურად აჭარაში დიდი რაოდენობით ნალექია, აფხაზეთი კი ამ მხრივ ძალიან კარგია.

ახლა არის მოდაში 14 დღიანი შვებულება, დაყოფები დაიწყეს, თორემ რეალურად შვებულება ადამიანს 24 დღე ეკუთვნის. ასე მივდიოდით ოჯახი და ბავშვებს როგორც უნდოდათ, ხან მთა, ხან ზღვა...

- ბევრ ქვეყანაში იმყოფებოდით... სად არის ფსიქოლოგიის ყველაზე საუკეთესო სკოლა?

- ქართული სკოლა იცით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია... ჩემი სპეციალობის - სოციალური ფსიქოლოგიის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია. ბევრს ჰგონია, რომ ფსიქოლოგია ერთი მიმართულებაა, მაგრამ ასე არ არის. განხრები აქვს და ჩემი ვიწრო სპეციალობა სოციალური ფსიქოლოგიაა და სოციალური ფსიქოლოგიამ სათავე აშშ-დან დაიწყო და განვითარდა, სოციალური ფსიქოლოგია ურთიერთობების, გავლენების, მსგავსი საკითხების შესწავლაზეა ფოკუსირებული.... ამერიკელები ამ საკითხების შესწავლაში ძალიან, ძალიან პრაგმატულები არიან.

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი...

- ოჯახი მოგვიანებით შევქმენი... მყავს მეუღლე და ორი შვილი...

- შვილები თქვენ პროფესიას გაყვნენ?

- უფროსი შვილი გაყვა ამ პროფესიას... ოღონდ ჩემი რჩევის გამო არა. ჩემს ოჯახში ისეა, რომ ყველა თვითონ ირჩევს ყველაფერს. როცა შვილებს ზრდიან და ყველაფერს თვითონ ურჩევენ, მშობელი პასუხიმგებლობასაც თვითონ იღებს... მაქსიმუმ შეიძლება უთხრა, რა რა არის, მაგრამ არჩევანი მან უნდა გააკეთოს. თავიდანვე უნდა შეეჩვიოს, რომ მისი არჩევანია და შეცდომაც თავის თავს მოკითხოს...ჩვენთან სულ იყო ამის დეფიციტი, რადგან მშობელს უნდა ეთქვა, მის შვილს სად ჩაებარებინა. ამიტომ ადამიანები მიეჩვივნენ პასუხიმგებლობა საკუთარ თავისგან სხვაზე გადაიტანონ... მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ ყველაფერი სხვას ვაბრალო.

სულ ვამბობ, რომ არის რამდენიმე პოზიცია, რომლებიც შეიძლება ცხოვრებაში დაიკავო. ფილმს რომ შევადაროთ, ვთქვათ მასიურ სცენებში რომ გიღებენ და ხუთ-ათ ლარს გიხდიან. უნდა ელოდო მთელი ცხოვრება, ვინ ჩამოივლის და აგიყვანს მასიურ სცენაში გადასაღებად. შეიძლება გქონდეს პრეტენზია, რომ კარგი მსახიობი ხარ, მაგრამ ამას სხვა ვერ ხედავს... მესამე პოზიცია, როცა იცი რომ ძლიერი მსახიობი ხარ, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი იყო, მაინც რეჟისორზე ხარ დამოკიდებული. მეოთხე პოზიცია, რომელიც მომხიბვლელია ადმიანებისთვის, იმიტომ რომ, შენი ცხოვრების რეჟისორი და სცენარის ავტორი შენ იყო...ყველაზე ძლიერი, სწორი პოზიციაა.

ვინც პასიურ პოზიციაშია, ის ყოველთვის ელოდება, რომ სხვამ უნდა გააკეთოს, სიმღერაც ხომ გვაქვს ასეთი - „თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია“-ო...

- საუბრის დასასრულს... მსოფლიოში მომატებული აგრესიის ფონზე, ადამიანმა როგორ უნდა გადაირჩინოს ფსიქიკა?

- უფრო მეტი განათლებაა საჭირო... განათლება მხოლოდ იმას არ ნიშნავს, დაჯდე და მეტი წიგნები წაიკითხო ( წესით ამანაც უნდა იმოქმედოს)... კრიტიკული აზროვნება რომ ჰქონდეთ, ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის კრიტიკა ვინმესი. გააზრებულად რამეზე - მიღება, არმიღება, დათანხმება... ასეთი დაახლოებით 50 ათასი ადამიანი რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ნორმალური გარემო იქნებოდა.

ადამიანებთან შემდეგი სახის დამოკიდებულება უნდა იყოს: ვთქვათ მე რომ ცუდად ვარ და თქვენ კარგად, უნდა გამიხარდეს რომ თქვენ ხომ მაინც კარგად ხართ. ჩვენთან კი ასე არის - კარგად ხარ? - მოიცადე, ახლა ცუდად გაგხდი! აგრესია მაქსიმალურად ინთხევა...

თუ იცით, როგორ უნდა გააბრაზოთ ადამიანი, ნერვები მოუშალოთ და წყობიდან გამოიყვანოთ? რომ გთხოვოთ ფრაზები ჩამოწეროთ, რამდენს ჩამოწერთ?

- ალბათ ათასზე მეტი...

- პირიქით დავსვათ კითხვა: რა უნდა უთხრათ, ადამიანს რომ გაახაროთ და ესიამოვნოს? მესამეზე თქვენ უკვე შეჩერდებით და ხვდებით რა დღეშია საზოგადოება? მასმედიაში წამოსული ფორმულირებები, რომელიც ლანძღვა-გინებას ეხება, გამზადებული აქვთ და ადამიანმა ეს იცის, პოზიტიური სიტყვების მარაგი ამოწურეს... ამ მხრივ პირველი რაც ახსენდებათ არის, რა კარგად გამოიყურებიო... ეს არაზუსტი გამონათქვამია! გამოიყურები ნიშნავს, კი არ ხარ, ჰგავხარ! იგივეა, მე რომ გითხრათ, ჭკვიანს ჰგავხართ-მეთქი... ამიტომაც ჩვენთან კომპლიმენტიც კი არ იციან და თან კომპლიმენტში უფრო თავშეკავებული არიან, ვიდრე ლანძღვა-გინებაში. ეს კი ზოგადად ყველას ჭირს. ამას იმიტომ ვამბობ, თვითონ მიხვდნენ, საითკენ მიდის მათი ფსიქიკა და გონება.