ნინო ლომჯარიას განცხადებით, სააკაშვილის საკითხზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა და გაუზიარა შთაბეჭდილება, რომ იხილა "ძალიან მძიმე და ისეთ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი, როგორიც ვერ წარმოედგინა“.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის "ვივამედში“ მონახულების შედეგად შეექმნა.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს, სახალხო დამცველი ამბობს, რომ "კარგია თუ უცხოელ ექიმებს შეუშვებენ, ეს ცუდი ნამდვილად არ არის“.
"საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება და შეუძლებელია გაუმჯობესდეს საპატიმრო პირობებში ან შეუთავსებელია საპატიმრო პირობებთან, ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს, მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ. შესაბამისად, სხვა ალტერნატივები, რაზეც გუშინ მსჯელობა იყო, მე არ ვიცი, ეს რა სამართლებრივ ფორმებში ჯდება. კარგია თუ უცხოელ ექიმებს შეუშვებენ, ეს ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ სამართლებრივად ეს არის გზა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ამ ორ საკითხზე მსჯელობს. შესაბამისად, სასჯელიდან გათავისუფლება იქნება, თუ გადავადება, ორივე შემთხვევაში, აქ უკვე პატიმარს თავად შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს. საქართველოში მკურნალობას თუ საზღვარგარეთ მკურნალობას გააგრძელებს, ეს მისი გადასაწყვეტია.
სანამ ვისაუბრებთ ცილისმწამებლურ განცხადებებზე, თუ არასწორ დიაგნოზებზე, ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ დასკვნის შედეგებს. მე ვიცი, რომ კვლევები ტარდება და ამ ექსპერტიზის კვლევების შედეგები თითქმის ბოლო სტადიაშია. მე პირადად შეფასებებს კონკრეტული დიაგნოზისგან თავს შევიკავებდი, იმიტომ, რომ ველოდები ამ ექსპერტიზის შედეგებს და ანალიზების კვლევის შედეგებს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი წარდგენილი უნდა იყოს სასამართლოში და სასამართლომ შესაბამისი პროცედურით უნდა იმსჯელოს, თუ რა რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ არ ვარ ექიმი, მე კონკრეტულ დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ პირადად ვიხილე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი. ისეთ მდგომარეობაში, რომელიც მე პირადად ვერ წარმომედგინა, რომ სიტუაცია ასეთი მძიმე იქნებოდა. არ ველოდი, რომ იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად ასე დასუსტებული და თავად ექიმებიც ადგილზე აღიარებენ, რომ მისი დინამიკა ნევროლოგიური მიმართულებით, თუ სხვა მიმართულებით, არის ნეგატიური, ანუ გაუმჯობესება არ შეინიშნება“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის განმარტებით, შესაბამის უწყებებს რეკომენდაციით რომ მიმართოს, ამ წუთას სამართლებრივად ექსპერტული მტკიცე საფუძვლები არ აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტების დასკვნა ჯერ არ არის გამოქვეყნებული.
"სამედიცინო დასკვნას ველოდები, ჩვენამდე ჯერ ეს დასკვნა არ მოსულა, თუმცა სახალხო დამცველს შესაძლებლობა აქვს, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ არის ნამდვილად სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით ან რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს. ეს გაგვიკეთებია ანალოგიურ შემთხვევებში და არ გამოვრიცხავთ, რომ თუ საჭირო გახდა ასე მოვიქცეთ. დღეს ამ წუთას სამართლებრივად ექსპერტული მტკიცე საფუძვლები, რომ ასეთი დასკვნა მოვამზადო არ მაქვს, რადგან ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის გამოქვეყნებული”, - განაცხადა ლომჯარიამ.