თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია "TV პირველსა" და ამ არხის გადაცემა "დღის ამბების" წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მათ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ.
თბილისის მერის წარმომადგენელის თქმით, 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.
საქმის მოსამართლემ 30 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა:
კახა კალაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ტელეკომპანია "TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს დაევალოთ "დღის ამბებში" გადაწყვეტილების გამოქვეყნება... გაკეთებული განცხადებები "კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო... ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ... 60 მლნ ჩაიდო კახა კალაძემ ჯიბეში... ჩვენ არ დაგვიწერია ეს დოკუმენტები" - არ შეესაბამება სიმართლეს;"TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროს მორალური ზიანის სახით 15 ათასი ლარის ანაზღაურება;
"TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო საქმეზე ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარიდან 450 ლარის ანაზღაურება, 2550 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში; გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.
"სასამართლოს ინტერესს წარმოადგენდა, სადავო განცხადებები ფაქტი იყო თუ აზრი. აზრით გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ტენდერებში ფასთა სხვაობას, რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძის მიერ 60 მილიონის მოპარვას - ეს იყო თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია... ასეთი ფაქტობრივი საფუძველი არანაირად არ იყო", აღნიშნა მოსამართლემ...
კახა კალაძე სასამართლოს სთხოვდა, რომ მოპასუხე მხარეებისთვის მორალური ზიანის 100 ათასი ლარის გადახდა დაეკისრებინა და ასევე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალებინა.