ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით, 450 ადამიანი იღუპება, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. ეს პრაქტიკულად, კატასტროფულ მაჩვენებელს ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთი კონკრეტული სტრუქტურა არ არსებობს, რომელიც ჯერ საგზაო შემთხვევების სტატისტიკას აწარმოებდა, შემდეგ მიზეზებს დაადგენდა და ამის შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს დაგეგმავდა.
"ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება და ყოველწლიურად დაახლოებით, 450 ადამიანი იღუპება. წელსაც არ მგონია, საერთო ჯამში დიდი განსხვავება იყოს ციფრებში. ყოველწლიურად 450 დაღუპული ადამიანი არის 4-ჯერ მეტი ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებელი. 4-ჯერ მეტი ნიშნავს პრაქტიკულად კატასტროფულ მაჩვენებელს. სხვადასხვა საერთაშორისო გათვლებით, საქართველო როგორც წესი, ყველაზე უარეს შედეგს აჩვენებს ხოლმე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში და ევროპის ქვეყნების მასშტაბითაც. ხშირად ჩვენ რუსეთთან და სომხეთთან ერთად, ნეგატიურ სტატისტიკაში მოწინავეთა სამეულში ვართ. ეს სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, ჩვენს ქვეყანას აქვს თუ არა პრობლემა,“ - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.
მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებში ხვდება სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა, არასწორი მანევრირება. ამასთან, ძალიან მაღალი პროცენტული წილი მოდის დაუდგენელ მიზეზებზე.
მესხიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააჟღერა წინადადება, რომ საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია შეიქმნება, რაც იმედის მომცემია.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით განათლების სისტემა მოშლილია, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
"მთავარი ღერძი, საიდანაც საგზაო უსაფრთხოების დაცვა იწყება არის სწავლება. ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვი უკვე უნდა იწყებდეს საგზაო უსაფრთხოების სწავლას. ეს არის ევროპული გამოცდილება. მერე უნდა აგრძელებდეს სკოლაში, შემდეგ ავტოსკოლაში. სწავლა არის უწყვეტი და შემდეგ მუდმივად უკვე სოციალური კამპანიების ფარგლებში უნდა იღებდეს ინფორმაციას. მთელი ეს სისტემა ჩვენთან მოშლილია, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ როცა საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია შეიქმნება, ეს სისტემაც მოწესრიგდება,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის სამ კვარტალში, საქართველოში 4060 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 326 ადამიანი და დაშავდა 5703 პირი. გასულ 2021 წელს კი, საქართველოში 5863 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 449, დაშავდა 7705 ადამიანი.