ავტორი:

"ნახევრად ჩონჩხია... გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახე აქვს, მითხრა, წადი და რაც აქ ნახე თქვიო" - რას ამბობს ნატო ჩხეიძე სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

"ნახევრად ჩონჩხია... გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახე აქვს, მითხრა, წადი და რაც აქ ნახე თქვიო" - რას ამბობს ნატო ჩხეიძე სააკაშვილის მონახულების შემდეგ?

ნადიმური შეგონება - იჩქარე ნელა, ახლა არ გამოდგება. ახლა უნდა იჩქაროთ სწრაფად! ახლა უნდა იჩქაროთ უსწრაფესად! არ უნდა დაიღუპოს დილეგში საქართველოს მესამე პრეზიდენტი! უნდა გადარჩეს! უნდა გადაარჩინოთ! თქვენ, კოლეგა „ოცნებელებო“, თქვენ უნდა გადაარჩინოთ! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რადგან დროულად დააკმაყოფილა მისი განცხადება და მიეცა საშუალება წინა ორშაბათს, კლინიკა "ვივამედში" მოენახულებინა სააკაშვილი.

"მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, რადგან დროულად დააკმაყოფილა ჩემი განცხადება და მომეცა საშუალება წინა ორშაბათს, ციხე-პალატაში მომენახულებინა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ვისზეც დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, სიმულანტი პატიმარიაო და ვისზეც წინა ხელისუფლება ამბობს, ქვეყნის აღმშენებელიაო და ვისზეც ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარიაო. მივედი და ვნახე ის ადამიანი, რომლის ოპოზიციაში მეც ვიყავი მისი ხელისუფლების მმართველობისას და რომლის მმართველობის რევოლუციურმა წესმა თუ ბიუროკრატიულმა უწესობამ პირადად დამაზარალა და ჯერ კიდევ მომყვება ის ზიანი“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.

როგორც ნატო ჩხეიძემ განაცხადა, ვინც იცნობდა მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობს.

"მივედი, ვნახე. ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ. თეთრი საღებავით გულმოდგინედ შეღებილი ორი ფანჯრიდან, ცის ჭუჭრუტანისოდენა ნაგლეჯიც არ ჩანს. საკანი კი არა დილეგია. სავარძელზე ნახევრად დამჯდარი, ნახევრად ჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას და ტემპერატურა 37,5 გრადუსი აქვს. დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური, გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი. ვერ იცნობ“, - განაცხადა დეპუტატმა.

ნატო ჩხეიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის პატიმარი, რადგან „ასეთი სნეული ადამიანები ვერ არიან პატიმრები“.

"მიხეილ სააკაშვილი არ არის პატიმარი, კოლეგებო. ასეთი სნეული ადამიანები ვერ არიან პატიმრები, ასეთები ვერ ასრულებენ პატიმრის მოვალეობას. ახლა წავალ - ვამბობ მე, წადი და რაც აქ ნახე თქვი - მეუბნება მაინც ღიმილით. ვამბობ, რაც ვნახე. ვამბობ და გეუბნებით და ვისაც ყურნი ასხედან, ისმინეთ. კოლეგა "ოცნებელებო", ჯერ დააყენეთ ფეხზე მიხეილ სააკაშვილი და მერე შეაბით ხუნდები, თუ ასე გწადიათ. ჯერ დააყენეთ ფეხზე, ჯერ აცოცხლეთ, ჯერ მიეცით საშუალება უწამლოს იმან, ვინც იცის, ვისაც შეუძლია მისი გაჯანსაღება, სადაც შეუძლიათ მისი სიცოცხლის შენარჩუნება. მიეცით უფლება სასამართლოს სწორად გადაწყვიტოს, მიეცით უფლება იუსტიციის მინისტრს სწრაფად იმოქმედოს. ნუ ზღუდავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლება. ნადიმური შეგონება "იჩქარე ნელა", ახლა არ გამოდგება. ახლა უნდა იჩქაროთ სწრაფად! ახლა უნდა იჩქაროთ უსწრაფესად! არ უნდა დაიღუპოს დილეგში საქართველოს მესამე პრეზიდენტი. უნდა გადარჩეს! უნდა გადაარჩინოთ! თქვენ კოლეგა "ოცნებელებო", თქვენ უნდა გადაარჩინოთ!“, - დასძინა ნატო ჩხეიძემ.