ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით და ვაგრძელებთ უკრაინისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენას. ამასთან, ვდგამთ სხვადასხვა ნაბიჯებს კონფლიქტის შესაჩერებლად და დაძაბულობის განსამუხტად, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ისაუბრა თურქეთის როლზე მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.
"ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნაბიჯებისა, რასაც ვდგამთ. ასევე ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს კონფიდენციალურად,“ - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უბრალოდ დაგმობა პრობლემას ვერ გადაჭრის და საჭიროა მოქმედება.
"არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორებიც იხდიან ფასს. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ მოლდოვის პრემიერ-მინისტრს და მან გვითხრა, თუ რამდენად ზარალდება მოლდოვა მეზობელ ქვეყანაში ომის გამო. უბრალოდ დაგმობა პრობლემას ვერ გადაჭრის. სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უნდა ვიმოქმედოთ, სამართლიანი მშვიდობისთვის უკრაინისთვის. ეს არის ის, რის გაკეთებასაც თურქეთი ცდილობს“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.