ავტორი:

3 შვილი, სკანდალები, ძვირადღირებული კოსმეტიკის კომპანია და წვეულებები: ვინ არის და რატომ მოხვდა dailymail-ის ყურადღების ცენტრში დავით კეზერაშვილის ცოლი?

3 შვილი, სკანდალები, ძვირადღირებული კოსმეტიკის კომპანია და წვეულებები: ვინ არის და რატომ მოხვდა dailymail-ის ყურადღების ცენტრში დავით კეზერაშვილის ცოლი?

ბოლო პერიოდში როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, თან ისე, რომ ხელისუფლებისთვის ის ოლიგარქი აღმოჩნდა, ოპოზიციის ნაწილისთვის - თავისუფალი მედიის დამცველი, სულისჩამდგმელი და ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი შანსი.

კეზერაშვილის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა. მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდა, - კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვაო... დღეს კი არ წყდება მითქმა-მოთქმა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" პოლიტიკური გავლენის დამყარება გადაწყვიტა და ვანო მერაბიშვილთან ერთად, არაფორმალურად იბრძვის ამისთვის, შესაბამისად, უპირისპირდება მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიას.

"დაიბადა თბილისში...1992 წელს ბებიასთან ერთად ისრაელში, ხოლონში გადასახლდა. წლინახევრის შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნდა. 1999 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ და ებრაულ ენებს...“ - ვკითხულობთ დავით კეზერაშვილის ბიოგრაფიაში.

იყო დრო, იუსტიციის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მინისტრობისას, მის თანაშემწედ მუშაობდა. "ვარდების რევოლუციის" ავანგარდში იყო, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროში დაასაქმეს, იყო ფინანსური პოლიციის განყოფილების უფროსიც. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა. მინისტრის პოსტი 2008 წლის 5 დეკემბერს დატოვა, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში. 2019 წლის 5 სექტემბრიდან ტელეკომპანია "ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია...

  • ამონარიდი "კვირის პალიტრის" სტატიიდან:

"მას თანამდებობრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს (თავდაცვის მინისტრობისას) აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ ის საერთოდ არაფერს ფლობდა. დეკლარაციის თანახმად, 2008 წლის ბოლოს მას "საქართველოს ბანკში" სახელფასო ბარათზე მხოლოდ 51 000 ლარი ჰქონდა და არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას არ ფლობდა. ასევე არ ჰქონდა არანაირი აქცია და არ მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში. დეკლარაციის მიხედვით, ბინას და მანქანას კეზერაშვილის მეუღლე, სოფიო ჩიქოვანი ფლობდა.

2008 წლის დეკემბერში, ამ დეკლარაციის შევსებიდან რამდენიმე დღეში, კეზერაშვილმა თანამდებობა დატოვა - ანუ ამ დროს არ ჰქონდა არანაირი ქონება და ისეთი თანხა, რომლითაც თუნდაც საშუალო ბიზნესს დაიწყებდა.

თუმცა 2016 წლის აპრილში შვეიცარიულმა გაზეთმა Tribune de Genève-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Panama papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა.

გაზეთის ინფორმაციით, 10 დღეში, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებითა და ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს კეზერაშვილი აკონტროლებდა სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს. ის ასევე აკონტროლებდა "საქართველოს ლატარიის კომპანიასაც". ამ კომპანიის ერთ-ერთ მეწილედ თავისი ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი ჰყავდა გაფორმებული. გარდა ლატარიის კომპანიისა, ჩიქოვანი იყო "აუთდორ ჯის"“(სარეკლამო მონოპოლისტი) ფორმალური მესაკუთრე და კეზერაშვილის "ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის"“ დირექტორი.

2011 წლის დეკემბერში კეზერაშვილმა "ნეტგაზეთთან"“ინტერვიუში თქვა, რომ ის ნავთობკომპანია "გალფის" ერთ-ერთი მფლობელი იყო. ეჭვი, რომ მას ნავთობბაზარზე ინტერესები ჰქონდა, მანამდეც არსებობდა, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს პირადად დაადასტურა". იხილეთ სრულად

  • ვინ არის თავდაცვის ექსმინისტრის მეორე ნახევარი?

დავით კეზერაშვილის ცოლს, სოფია ჩიქოვანს საზოგადოების დიდი ნაწილი ნაკლებად იცნობს. წყვილი წლებია დაქორწინებულია და სამ შვილს ზრდის. სოფიო ჩიქოვანი 2000-2003 წლებში "AES თელასის“ გამრიცხველიანების პროექტის ოფისმენეჯერად მუშაობდა. 2003-2004 წლებში კი შპს "კონექტეკის“ ფინანსური დირექტორის ასისტენტად. 2004 წლიდან მუშაობდა შპს "ინტერმშენ კომპანის“ მარკეტინგის მენეჯერად, იმჟამად მისი ხელფასი 1000 ლარი იყო.

კეზერაშვილის ცოლის სახელი და გვარი მედიაში წლების წინ სკანდალურად გახმაურდა. 2009 წლის 26 აპრილს თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა... ეს დღე საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა "რუსთავი 2“-სთვის. შენობის ერთი ფლიგელი, რომელშიც სატელევიზიო პროექტი "ვარსკვლავების აკადემია“ მიმდინარეობდა, მიწასთან გასწორდა. ნგრევას ტელევიზიის ორი თანამშრომლის ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას სიცოცხლე შეეწირა. მაშინ შემთხვევის ადგილზე ბოდრუმიდან ახალდაბრუნებული, იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მივიდა და შესაბამის უწყებებს 10-დღიანი ვადა მისცა იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა.

სამშენებლო სამუშაოებს ობიექტზე ერთ-ერთი კომპანია აწარმოებდა. მისი დამფუძნებლები კი სოფიო ჩიქოვანი და გიგა ბოკერიას ცოლისდა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი იყვნენ. ნიკა გელაშვილის დედა და მეუღლე წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვენ საქმის სათანადოდ გამოძიებას. იბეჭდებოდა მედიაში სტატიები, თუმცა როგორც დაზარალებულის ოჯახი ამბობს, "დამნაშავე“ მხოლოდ "პრარაბი" აღმოჩნდა.

2014 წლის იანვარში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თამარ ჩერგოლეიშვილისა და სოფია ჩიქოვანის ოჯახები მეგობრობდნენ, ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

"ჰოდა, აი ასე, ფინანსურიდან მეწვივნენ გამომძიებლები. ჩემი დის კომპანიას ჩემს გვერდზე სადარბაზოში ჰქონდა ოფისი ნაქირავები და გადაწყვიტეს, რომ ჩემს ბინასთან იყო კავშირში. ჩემი დის კომპანიაში შევიდნენ დღეს დილით - კეზერაშვილის ცოლი და ჩემი და არიან დამფუძნებლები. ალბათ კეზერაშვილზე უნდათ კომპრომატი. რა უნდა იპოვონ, არ ვიცი - ყველაფრის აუდიტი გააკეთეს შარშან, ამ დროს სალარო აპარატი თქვენს ბინაში ჰქონდათ რეგისტრირებულიო, პასუხი რომ მიიღეს, მალევე წავიდნენ - ზრდილობიანი ხალხი იყო. ქალი და კაცი“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ა.წ. სექტემბერში ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა სოფია ჩიქოვანის გვარი. მაშინ "დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას "ფეისბუქპოსტზე" ნიკა მელიას მისამართით დაწერა:

"აქვე გეტყვი, რომ რაც ილაპარაკა სულ მოიტყუა, რაღაცნაირი საცოდაობა იყო...”

რას საქმიანობს ახლა სოფია ჩიქოვანი? - ის ძვირადღირებული კოსმეტიკის ბრენდის, Code8-ის დამფუძნებელია. კომპანიის სათაო მაღაზია ლონდონშია. ბრენდი კი სოფია ჩიქოვანმა, თანადამფუძნებელ ნადინ აიაჩესთან ერთად შექმნა.

რამდენიმე კვირის წინ, კომპანიამ აშშ-ში წვეულებაც გამართა. ლაქშერული ბრენდის საღამო სტუმრებიდან გამომდინარე dailymail-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა. სტატიაში ნახავთ სოფია ჩიქოვანის ფოტოებს, რომელიც საღამოზე ცნობილ მოდელსა და მსახიობ ემილი რატაკოვსკისთან ერთად გადაიღო...

კომპანიის საიტზე, სოფია ჩიქოვანის ინტერვიუც აღმოვაჩინეთ.

"Code8 Beauty-ის შექმნამდე სოფია ჩიქოვანი წლების განმავლობაში, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანიის დამფუძნებელი გახლდათ, ის სამი შვილის დედაა, წარმოშობით საქართველოდან. Decoding Beauty-ის პირველ სერიაში ის გვიზიარებს მაკიაჟის პირად გამოცდილებას და ცხოვრების, სილამაზისა და სტილისადმი მის დამოკიდებულებას“, - ასე იწყება სტატია ჩიქოვანზე, სადაც ძირითადად თავის მოვლის რუტინაზე ლაპარაკობს...

  • ამონარიდები სტატიიდან:

"დეიდა ყოველთვის ამბობდა: "არასოდეს დაივიწყო მაკიაჟის დასრულება ტუშით“ და ეს გამიჭირდა, რადგან ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ ის ცდებოდა...“

"დაახლოებით 45 წუთი მჭირდება მოსამზადებლად. ჩემი დილის რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კანის მოვლის რეჟიმი, რადგან ჩემი კანი ძალიან მშრალი ხდება ცივ ამინდში. ზეთი და დამატენიანებელი აუცილებელია...“

"ჩემი თავის მოვლის რუტინა საკმაოდ შეიცვალა 35 წლის შემდეგ. დავიწყე მაკიაჟის გამოყენება იმ ნაკლოვანებების დასამალად, რომლებიც გარდაუვალია ასაკთან ერთად... მთელი დღე დავრბივარ და ამიტომ ყოველთვის ვეძებდი სრულყოფილ პროდუქტს".

კითხვაზე, - რა არის თქვენი შთაგონების წყარო? - სოფია ჩიქოვანი პასუხობს:

"ახალი ადგილები, სადაც ვმოგზაურობ, როგორიცაა მაროკო ან იბიცა. არქიტექტურა, ავეჯი და ინტერიერის ობიექტები, შთაგონების დიდი წყაროა. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინით ვარ შეპყრობილი".

ამონარიდი ინტერვიუდან:

- სად ფიქრობთ შემდეგ მოგზაურობას?

- პერუში, დიდი ხანია მაქვს სიაში, მარიო ვარგას ლიოსას ყველა წიგნის წყალობით, რომელიც ბევრჯერ გადავიკითხე.

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვართ ყველაზე მეტად?

- საღამო... ოფისში ხანგრძლივი დღის შემდეგ, მიყვარს ოჯახთან ყოფნა, მეგობრებთან შესახვედრად გასვლა ან, უბრალოდ, სერიალების ყურება და ერთი ჭიქა კონიაკის დალევა.