ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება. ამის თაობაზე ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც ჯერ BBC-ისთან საუბრისას, არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდესო, მოგვიანებით კი ბრძანა, რომ ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება და თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ დონეზეა დაზიანებული და შესაბამისი დასკვნაც დაიდება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. "ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას: პირველი - ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისა და მეორე - ამით სასამართლო იმის გარანტიას მოგვცემს, რომ დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება". ბევრს ამან გაუჩინა იმედი, რომ ის შესაძლოა გეგმავდეს სააკაშვილის შეწყალებას. სამაგიეროდ მკვახე განცხადებები გააკეთეს "ქართული ოცნების" წევრებმა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა ზურაბიშვილს "ადამიანი-არაადეკვატურობაც" კი უწოდა... ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- მე ვერ შევაფასებ ვერც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვერც იმ სამართლებრივ გარჩევაში ჩავერთვები, უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა სააკაშვილი თუ არა... ერთი რამ შემიძლია ვთქვა - მიხეილ სააკაშვილი, მასთან არსებული უამრავი პრეტენზიისა, ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ის, რასაც ვუყურებთ, არანაირად არ ამშვენებს საქართველოს. მეტიც, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს საქართველოში მართლმსაჯულების, შერჩევითი სამართლისა და ბევრი სხვა საკითხის შესახებ. მოკლედ, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც საქართველომ ღირსეულად უნდა უპასუხოს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს არა აქვს უფლება აღძრას საქმე ყოფილ პრეზიდენტზე თუ სხვა თანამდებობის პირზე, მაგრამ ყველაფერს სჭირდება სწორად გაკეთება. საფრანგეთში ექსპრეზიდენტ სარკოზის საქმეზეც იყო სასამართლო პროცესი, მაგრამ არ ყოფილა ასეთი დრამატული, როგორიც სააკაშვილის. კიდევ ვამბობ - არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ყველა საქმის წარმოება შეიძლება ისე, რომ ქვეყნის ავტორიტეტი და ღირსება არ შეილახოს. არ შეიძლება საქართველო ამდენი წლის მერეც წარმოადგენდეს სახელმწიფოს, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ ვერაფერი ისწავლა.
ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს დაწყებული პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობით, მისი გაგდებითა და ტრაგიკული აღსასრულით, მეორე პრეზიდენტის, ფაქტობრივად, შინაპატიმრობით და ახლა მესამე პრეზიდენტის ამგვარი პატიმრობით დამთავრებული... მე-4 პრეზიდენტთან დაკავშირებულ ბატალიებზე აღარ ვილაპარაკებთ, აგერ მოქმედი პრეზიდენტის მიმართაც არანაკლებ არასწორ დამოკიდებულებას ვხედავთ - ხელისუფლების სხვადასხვა შტო ხშირად ძალიან ბევრის უფლებას აძლევს თავს და თითქმის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. ეს არ წარმოაჩენს საქართველოს როგორც ინსტიტუციების გაძლიერებისა და დემოკრატიის გზაზე მყოფ ქვეყანას. ვიმეორებ, კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ პროცესი უნდა იყოს ისეთი, რომელიც არ წარმოშობს დამატებით კითხვებს და არ დააზარალებს ქვეყანას. ის, რაც დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, აბსოლუტური ანომალიაა, რაც სერიოზული პრობლემაა საქართველოსთვის. წაიკითხეთ სტატია სრულად
მაინც რა ხდება სააკაშვილთან დაკავშირებით? ეს სუბიექტი რომელმაც უამრავი მძიმე დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე, რომელიც გაექცა მართლმსაჯულებას, უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე და ბოლოს რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მიზნით არალეგალურად შემოიპარა თვლით რომ არ იმსახურებს სასჯელს?
ახლა მეორე, თუ რა პირობებში იხდის იგი სასჯელს? აბსოლუტურად კომფორტულ პირობებში, მედ პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. შეედრება მისი როგორც პატიმრის მდგომარეობა მისი პრეზიდენტობის დროინდელ პატიმრების მდგომარეობას? მაგალითად თუნდაც მოლაშვილის საქმე ავიღოთ.
ზოგიერთმა ვაი ექსპერტმა კი ჯობია შეიგნოს რომ ქვეყნისათვის უფრო სამარცხვინო და დამაზიანებელი იქნება თუ ვერ შეძლებს მძიმე დანაშაულში მხილებული დამნაშავეებიდ სათანადოდ დასჯას და ქვეყანაში ორმაგი სტანდარტისა და დაუსჯელობის სინდრომის შექმნას.
შოუ დაწყებულია 2003 წლის ნოემბრიდან.