ავტორი:

"ვფიქრობთ, ფოტო მაშინაა გადაღებული, როცა ნიკალა რკინიგზაზე მუშაობდა" - რას ამბობენ ხაშურის მუზეუმში ფოტოზე, რომელზეც, დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ფიროსმანია ასახული?

"ვფიქრობთ, ფოტო მაშინაა გადაღებული, როცა ნიკალა რკინიგზაზე მუშაობდა" - რას ამბობენ ხაშურის მუზეუმში ფოტოზე, რომელზეც, დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ფიროსმანია ასახული?

24 ნოემბერს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში დროებითი გამოფენის "რკინიგზა ხაშურში -150" გახსნაზე მუზეუმმა საზოგადოების წინაშე პირველად წარადგინა ფოტო, რომელზეც, მათი აზრით, სხვა პიროვნებებთან ერთად, ნიკო ფიროსმანი უნდა იყოს გამოსახული.

ამ აზრს კი სხვადასხვა ფაქტით ამყარებენ:

  • ფოტო აღმოჩნდა, სწორედ, ხიდირბეგიშვილების კოშკისა და ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის უბანში, სადაც ფიროსმანი კონდუქტორად მუშაობისას ცხოვრობდა კერძო სახლში;
  • ნიკო ფიროსმანაშვილი ხაშურში, რკინიგზაზე მუშაობდა 1890 წლის 14 აპრილიდან 1890 წლის 23 ოქტომბრამდე მემუხრუჭე კონდუქტორად #2167;
  • ფიროსმანი ხაშურში 8 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ფოტო გადაეღო;
  • ფოტო არის პასპარტუზე, არის ფოტოსტუდიის პროდუქტი, დაბეჭდილია, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ბოლოს, ფოტოსტუდიაში;
  • ხაშურის რკინიგზაზე მუშაობისას ის, სავარაუდოდ, 28 წლის იყო; ფოტოზე გამოსახულია, სწორედ, ამ ასაკის ადამიანი;
  • მას ძალიან უყვარდა ევროპული ტანსაცმელი, მისი ჩაცმულობა ფოტოზე ნათლად ჩანს. სხვათა შორის, ფოტოზე გამოსახულ ყველა პიროვნებას (სავარაუდოდ, ოსტატებსა და შეგირდებს), ახურავთ, ან წინ უდევთ ამქრის წევრების ქუდები, გარდა ჩვენთვის საინტერესო პიროვნებისა;
  • ფოტოზე ფიროსმანი აღბეჭდილია სწორედ იმ წრის ადამიანებთან, რომელ წრეშიც ის მუდამ ტრიალებდა; პიროვნება, იოსებ ლომსაძე, ვისი ოჯახიდანაც ფოტო არის წამოღებული, დედის მხრიდან, არის შთამომავალი თევდორაშვილების ცნობილი ოჯახის, რომლებიც ძირძველი ხაშურელები და ვაჭართა წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის დიდი პაპა, კოლია თევდორაშვილი ხელოვანი ადამიანი, ხაშურის თეატრის მსახიობი იყო; მუზეუმი ფოტოს ყველა მნახველს სთხოვს, ყურადღება გაამახვილოს მათ მიერ მინიშნებული პიროვნების სახეზე (ვარცხნილობა, წვერი, თვალის ჭრილი, ასიმეტრიული სახე, ყურის ფორმა და ა.შ.)

"ძვირფასო მეგობრებო, ბუნებრივია, გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისგან ასეთი განაცხადის გაკეთება, მაგრამ, განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდვია. ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენი ვარაუდების კიდევ უფრო განმტკიცებას შევძლებთ" - წერია მუზეუმის პირად გვერდზე.

AMBEBI.GE ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს დაუკავშირდა.

მზია ლობჟანიძე, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი:

- ზაფხულში მუზეუმის თანამშრომლებს ხაშურის ძველ უბანში გასვლითი მინი-ექსპედიცია გვქონდა. უბანი ხიდირბეგიშვილის კოშკისა და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ძველ სახლებს აღვწერდით და მოსახლეობას ვესაუბრებოდით. მოგვიწია ერთ-ერთ ოჯახში შესვლამ. ჩვენი მასპინძლის იოსებ ლომსაძის წინაპრები, დედის მხრიდან, თევდორაშვილები იყვნენ, ძალიან საინტერესო ხალხი, ძველი ვაჭრები და ვფიქრობთ, რომ ისინი ამქრის წევრებიც შეიძლებოდა, ყოფილიყვნენ. ვინაიდან ჩვენ იოსებ ძნელაძეს ვეძებდით, რომელიც მეორე გილდიის ხაშურელი ვაჭარი გახლდათ, ბატონმა სოსომ ძველი ფოტოები გამოგვიტანა.

ამ ძებნაში დავინახე, რომ ერთ-ერთ ფოტოზე, ჩემი აზრით, ფოტოდან ნიკო ფიროსმანი მიყურებდა. ისეთი ემოცია მქონდა, რომ ფოტო სასწრაფოდ მივაწოდე ჩემს ორ თანამშრომელს, რომლებიც თან მახლდნენ (მურად მთვარელიძე, სამუზეუმო გაერთიანების მმართველის მოადგილე სამეცნიერო დარგში და მაყვალა ხაჩიძე, მუზეუმის საგამომცემლო საქმიანობის მენეჯერი), მათაც მაშინვე იგივე ემოცია ჰქონდათ. იმ წუთში ვფიქრობდით, რომ ნამდვილად ნიკალა გვიყურებდა და ვიყავით ბედნიერები.

მასპინძელი ოჯახის და პირადად ბატონი სოსოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გულიანი, ადამიანური დამოკიდებულება გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ გაიგო, ასეთი ვარაუდი გაგვიჩნდა, მაინც თქვა, რომ ეს ფოტო მუზეუმში უნდა იყოს ყოველგვარი სასყიდლისა და პირობის გარეშე.

სურათი გამოგვატანა და მუზეუმს შემოსწირა. დღეს ის მუზეუმის საკუთრება და ძალიან გვიხარია, რომ ასეთი საინტერესო ფოტოს მფლობელები გავხდით. მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ჩვენს ვარაუდს გაგრძელება, ფოტოს არსებობა თავისთავად სასიხარულოა.

- ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი სამეცნიერო კვლევას საჭიროებს.

- ვფიქრობთ, რომ ისტორიული ფოტოების მკვლევრები, ხელოვნებათმცოდნეები ამ ამბით დაინტერესდებიან... 24 ნოემბერს გავხსენით გამოფენა სახელწოდებით - "რკინიგზა ხაშურში - 150 წელი". ზუსტად ამ საქმეს დავუკავშირეთ ჩვენი ფოტოს კვლევა და საზოგადოების წინაშე პირველად წარვადგინეთ. იქ მყოფი საზოგადოება გაოცებული და აღფრთოვანებული დარჩა. იქვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო როცა უკვე სოციალური ქსელით გავასაჯაროვეთ, კიდევ მეტი ინტერესი გაჩნდა.

მზია ლობჟანიძე

- თავად ბატონი იოსებ ლომსაძისგან ფოტოს შესახებ რა განმარტება მიიღეთ. რა ინფორმაციას ფლობს?

- ჩვენი მასთან ვიზიტი მისი სახლი იყო, რადგანაც ძალიან საინტერესო სახლი აქვს. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული ნაგებობაა, ხელით გათლილი აგურითაა აშენებული და ამ საინტერესო ნაგებობით დავინტერესდით... თან, ცნობილი ამბავიც ვიცოდით, რომ სწორედ ამ უბანში ცხოვრობდა ნიკალა, როდესაც ხაშურის რკინიგზაზე მემუხრუჭე კონდუქტორად მუშაობდა, მაგრამ ამ მიზნით არ მივსულვართ, სახლის დათვალიერება გვინდოდა. როდესაც მასპინძელი გვაცილებდა, ძველი ფოტოებით ხომ არ დაინტერესდებითო? - გვკითხა. ჩვენგან თანხმობა რომ მიიღო, რამდენიმე საინტერესო ფოტო მაშინ წარმოგვიდგინა. თითოეული საინტერესოა, ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილით გამოირჩევა, პასპარტუზეა შესრულებული. მათგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. მან არ იცოდა, ფოტოს მნიშვნელობა, არც ის, თუ ვინ იყვნენ მასზე გამოსახული.

არადა, აშკარად ოსტატები და შეგირდები არიან აღბეჭდილი, ამის ამოცნობა ქუდის მიხედვით ადვილად შეიძლება. ის ქუდი ყველას ახურავს ჩვენი საინტერესო პიროვნების გარდა. ფოტო, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.

ხაშურის რკინიგზის სადგური XX საუკუნის დასაწყისი

- თქვენი აზრით, როდის უნდა იყოს გადაღებული?

- ვფიქრობთ მაშინ, რომ როცა ნიკალა ხაშურის რკინიგზაზე მუშაობდა და ეს იყო 1890 წელის აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდი. ამ 8 თვის განმავლობაში ხაშურში ამ კოშკის უბანში ცხოვრობდა, ანუ უბანში, სადაც სრულიად შემთხვევით ამ ფოტოს მივაკვლიეთ.

- მასპინძელს თქვენს ვარაუდებზე რა აზრი ჰქონდა?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას დიდი პაპა დედის მხრიდან თევდორაშვილი ჰყავდა, საინტერესო ადამიანი. ბატონმა სოსომ გვითხრა, რომ ჩემი ბაბუებიდან სულ ვიცოდი, რომ ფოტოს უნდა მოვფრთხილებოდი, რადგანაც ისინიც უფრთხილდებოდნენ მასო. ესაა, რაც იცის და ახსოვს... მოკლედ, დაინტერესება გაჩნდა. ახლა ჩვენი მიზანია, კვლევა-ძიების, ვარაუდების, შეხედულებების შემდეგ სიმართლე გაირკვეს. სასურველია, თუ ეს ყველაფერი ისე გაირკვევა, როგორც ყველა ქართველს გვინდა, რადგანაც ნიკალასთან ყველანი ვალში ვართ. ადამიანის საფლავიც კი არ ვიცით. კარგი იქნება, თუ მკვლევართა უმეტესობა ამ ფაქტს დაადასტურებს.