ავტორი:

ქაოსი მთელ მსოფლიოში: ეკონომისტები გარდაუვალი კრიზისის თაობაზე გვაფრთხილებენ, უმსხვილესი კომპანიები ზარალს ვერ აუდიან - რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში?

ქაოსი მთელ მსოფლიოში: ეკონომისტები გარდაუვალი კრიზისის თაობაზე გვაფრთხილებენ, უმსხვილესი კომპანიები ზარალს ვერ აუდიან - რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში?

მსოფლიო ეკონომიკას საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, მეტიც - დღევანდელი მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამ და შუაგულ ევროპაში გაჩაღებულმა ომმა ისედაც გაბზარული მსოფლიო ეკონომიკა ფინანსური კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. საგანგაშო სიგნალები სულ უფრო ხშირად ისმის.

თანამედროვე მსოფლიო ეკონიმიკას სამი მთავარი ძრავი ჰყავს - აშშ, ევროპა და ჩინეთი. რადგანაც ამ სამეულზეა აგებული მსოფლიო წარმოებისა და მოხმარების ორი მესამედი, შესაბამისად, სწორედ მათ კეთილდღეობაზეა დამოკიდებული პლანეტის დანარჩენი ქვეყნების კეთილდღეობა.

"ევროზონაში სერიოზული პრობლემებია რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო, ჩინეთი კოვიდის კარანტინისგან მიყენებული ზიანისა და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისის გამო წუხს. აშშ-ში კი მკვეთრად შემცირდა შემოსავლის მქონე მოსახლეობა და გაიზარდა ინფლაცია", - ასე აღწერა ზოგადი სიტუაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ და დასძინა: "ეს ყველაფერი ღარიბ ან განვითარებად ქვეყნებზე აისახება. ისინი სულ უფრო და უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, რადგან მოთხოვნა მათ საექსპორტო საქონელზე მცირდება, გაძვირებული ფასებისა და ენერგორესურსების გამო კი მეტს ხარჯავენ“.

"ჯერ კვლავ უცნობია, დაუბრუნდება თუ არა აშშ-ის ეკონომიკა ოდესმე პანდემიამდელ სტატუსს“, - განაცხადა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა პორტუგალიაში გამართულ ფორუმზე.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარის ბალანსს ფლობენ, განიხილეს, როგორ შეცვალეს "ახალმა ძალებმა“ ინფლაციური დინამიკა და გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტი - შესაძლოა, სამუდამოდაც კი.

"მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით კოვიდამდე არსებულ დაბალი ინფლაციის პერიოდს”, - თქვა ლაგარდმა და აღნიშნა, რომ ზოგად ეკონომიკურ სურათს ასევე აუცილებლად შეცვლის რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში.

  • ამ ცოტა ხნის წინ, CNN-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მსოფლიო ეკონომიკის დაშლის 4 მთავარი მიზეზი დაასახელა:

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) რეაგირება დააგვიანა

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ Fed-მა ზედმეტად დააგვიანა განაკვეთების გაზრდა. ინფლაცია საკმაოდ საზრუნავი იყო 2021 წლის განმავლობაში, მაგრამ ცენტრალურმა ბანკმა მხოლოდ 2022 წლის მარტში დაიწყო განაკვეთების აწევა. ასე რომ, ფედრეზერვს უნდა ეთამაშა - და ბევრად უფრო მკვეთრი ზომები მიეღო.

საფონდო ბირჟა არის ყველაფრის გაყიდვის რეჟიმში

წელს, უოლ-სტრიტზე ექსტრემალური შიში მეფობს. საფონდო ბირჟიდან 7 ტრილიონ დოლარზე მეტი "გაქრა“. იანვრის დასაწყისში, რეკორდული მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ, საფონდო ბირჟამ თავისი ღირებულების თითქმის მეხუთედი დაკარგა. ინვესტორები შეშფოთებულნი არიან, რომ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეაფერხებს კომპანიების მოგებას. მაისში მომხმარებელთა განწყობა ბოლო 11 წლის ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ეს პოტენციურად ცუდი ამბავია ეკონომიკისთვის, რადგან სამომხმარებლო ხარჯები შეადგენს ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ მესამედზე მეტს.

ობლიგაციების ბაზარი

როდესაც ობლიგაციების ფასები ეცემა, შემოსავალი იზრდება - და 10-წლიანი სახაზინო შემოსავლები ამ თვეში 2018 წლის შემდეგ, პირველად აღემატება 3%-ს. რამდენ ხანს გაგრძელდება ინფლაცია? პასუხი წარსულშია. ეს ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როდესაც Fed-ი ზრდის განაკვეთებს - სესხის აღების მაღალი ღირებულება ობლიგაციებს ნაკლებად ღირებულს ხდის.

ქაოსი მთელ მსოფლიოში

რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში, რომელმაც ჩაახშო მიწოდების ჯაჭვები და ელექტროენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთი აგრძელებს ზოგიერთი უდიდესი ქალაქის ჩაკეტვას, რადგან Covid-ის შემთხვევები კვლავ მაღალია. მუშახელის დეფიციტმა გამოიწვია ხელფასების ზრდა და შეაფერხა საქონლის ნორმალური ნაკადი მთელს მსოფლიოში. რუსეთი აგრძელებს ევროპის ქვეყნების მუქარას მათი ენერგეტიკული მიწოდების შეწყვეტით, რამაც შესაძლოა ევროკავშირის ეკონომიკა რეცესიაში ჩააგდოს. ის, რაც სხვაგან ხდება, შესაძლოა შეერთებულ შტატებშიც გადავიდეს, რაც ყველაზე ცუდ დროს დააზარალებს ამერიკის ეკონომიკას. შესაბამისად, რეცესია შეიძლება მალე დადგეს.

  • ცნობისთვის:

რეცესია (ინგლისურად Recession) არის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მკვეთრი კლება. რეცესიად რომ შეფასდეს ეკონომიკური ვარდნა, მინიმუმ ორი კვარტალი უნდა გრძელდებოდეს ვარდნა და და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებაც უნდა იკვეთებოდეს - პირველ რიგში, დასაქმების დონის, ასევე მოსახლეობის შემოსავლებისა და ვაჭრობის კლება. რეცესიის დროს ეცემა უძრავი ქონების ფასები.

ბოლოს რეცესიული პროცესები განვითარდა 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს. რეცესიას იწვევს ომები, ეპიდემიები, სავალო კრიზისები, საფონდო ბირჟების კრახი, მიწოდების შოკები, მაღალი ინფლაცია და ა.შ.

  • როგორც ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Cebr იუწყება, მსოფლიო ეკონომიკის მოცულობა მომავალ წელს პირველად გადააჭარბებს 100 ტრილიონ დოლარს.

ანგარიშის მიხედვით, ჩინეთს დაგეგმილზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდება, რომ აშშ-ს, როგორც ნომერ პირველ ეკონომიკას, გადაუსწროს. Cebr-ის პროგნოზით, ჩინეთი დოლარში გამოხატულ წამყვან ეკონომიკად მსოფლიოში 2030 წელს გახდება, ანუ ორი წლით გვიან, ვიდრე შარშან მსოფლიო ეკონომიკური ლიგა (World Economic League) პროგნოზირებდა.

ინდოეთი მომავალ წელს საფრანგეთს, 2023 წელს კი ბრიტანეთს გაუსწრებს, რათა მსოფლიოს მეექვსე უდიდესი ეკონომიკის ადგილი დაიბრუნოს.

ანგარიშის მიხედვით, გერმანია ეკონომიკური წარმოების მოცულობის თვალსაზრისით, იაპონიას 2033 წელს გაუსწრებს. რუსეთი უდიდესი ეკონომიკის ტოპ ათეულში შესაძლოა, 2036 წლისთვის შევიდეს. ამ სიაში მეცხრე ადგილს ინდონეზია 2034 წელს დაიკავებს.

სანამ ეკონომისტების პროგნოზები დაიწყებს ახდენას, მსოფლიოში შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს და რაც მთავარია, ეს სია ყოველდღიურად იზრდება:

  • ამერიკული კომპანია Meta Platforms Inc თანამშრომლების 13%-ს დაითხოვს, რაც რაოდენობრივად 11 ათასი დასაქმებულია. მიზეზი კი გახლავთ ხარჯების შემცირების მიზნით ამოქმედებული პროგრამა. სექტემბრის ბოლოსთვის Meta-ში დასაქმებულთა რაოდენობა 87 ათასი იყო. 2020-2021 წლებში კომპანიამ 27 ათასზე მეტი ადამიანი დაასაქმა, იანვარ-სექტემებრში კი მისი შტატი კიდევ 15,3 ათასით გაიზარდა. დათხოვნის გამოცხადებასთან ერთად Meta-მ ხარჯების პროგნოზიც შეცვალა, რომელიც 2023 წელს შეადგენს 94-100 მილიარდს, მაშინ როცა მანამდე ნავარაუდევი იყო 96-101 მლრდ. კაპიტალური ხარჯების პროგნოზი შემცირებულია 34-39 მილიარდიდან 34-37 მილიარდამდე.

  • კრიპტოვალუტების ბირჟამ FTX გაკოტრების შესახებ ამერიკის კოდექსის 11 მუხლის ინიცირება მოახდინა. კომპანიის ხელმძღვანელმა, სემ ბანკმან-ფრიდმა კი პოსტი უკვე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას FTX-ი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
  • FTX ბირჟის გაკოტრების შესახებ ინფორმაციის ფონზე კი, ბოლო 2 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა მთავარი ციფრული ვალუტა - ბიტკოინი. გუშინ, თბილისის დროით 19:30 წუთისთვის მან ღირებულების 3,8% დაკარგა და 16 803 დოლარად ივაჭრებოდა. 1 255 დოლარამდე გაუფასურდა ეთერიუმიც, Binance Coin კი 285 დოლარამდე.
  • ალუმინის მწარმოებელი აზიური გიგანტი, China Zhongwang გაკოტრდა. კომპანია, რომელიც ამ სექტორში ჩინეთში უმსხვილესია, მსოფლიოში კი მეორე ადგილზე, ვალდებულებებს ვეღარ იხდის. ჩინეთის სასამართლომ ჰოლდინგის წინააღმდეგ სექტემბერში შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა. ექსპერტების თანახმად, კომპანიის ვალდებულებების საერთო რაოდენობა 64 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ამჟამად მისი აქტივები ამ თანხის ნახევარსაც ვერ აღწევს.

2022 წელი ევროპელი ფერმერებისთვის განსაკუთრებით რთულია. კრემლის მიერ გაზის თითქმის სრულად შეწყვეტილი მიწოდება მთლიანად აგროსექტორისთვისაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუმცა ზოგიერთ სექტორზე მას უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე დანარჩენებზე.

ენერგიის ფასების ზრდამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე გააჩინა ზამთარში ენერგიის რაციონირების რისკები. ასე მაგალითად, ენერგიის მაღალი მოხმარებით გამოირჩევიან პასტერიზაცია და რძის ფხვნილის დამზადების პროცესები, რომლებიც, თავისთავად, სხვა პროდუქტების ფასებზეც მოქმედებენ, იქნება ეს რძის ნაწარმი თუ პურ-ფუნთუშეული. ივლისთან შედარებით ევროპაში უკვე 80%-ით გაძვირდა კარაქი, 28%-ით საქონლის ხორცი და ფერმერების თქმით, ფასები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მოიმატებს ზამთარში.

გარდა საკვები პროდუქტებისა, ენერგიის ფასებზე მიბმულია სასუქის წარმოების ხარჯებიც. ომის დაწყების შემდეგ, დანახარჯების ზრდის გამო, ინდუსტრიის თითქმის 70% გაჩერდა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს მოსავლიანობაზეც.

ფერმერები უკვე ამცირებენ ხილისა და ბოსტნეულის ნათესებს შემდეგი წლისთვის, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, სათბურების მუშაობის ხარჯებმა მათ შემოსავალს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს 4%-ით, 2023 წელს კი - 3.5%-ით გაიზრდება, რაც გასული წლის 5.5%-იან ზრდასთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

"პანდემიასთან ერთად, მზარდი ინფლაციური ზეწოლა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებსა და მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური აღდგენისთვის დამატებით რისკებს წარმოადგენს”, - ნათქვამია გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობისა და პერსპექტივების 2022 წლის ანგარიშში.

გაერო-ს პროგნოზით, განვითარებადი ქვეყნებისგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პანდემიამდელ პროგნოზებს თითქმის სრულად 2023 წლისთვის დაუბრუნდება.

"ყველა წლევანდელი პრობლემა მსოფლიო ეკონომიკაში თავს მომავალ წელს იჩენს. ორი სიტყვით რომ ვთქვათ - უარესი წიანაა“, - აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტები. ქვეყნებში, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის მესამედი მოდის, მათ ნახევარწლიანი რეცესია იწინასწარმეტყველეს.

კვლევითი ცენტრის, Oxford Economics-ის წამყვანი ეკონომისტის ადამ სლატერის ვარაუდით, გადარჩენის ერთადერთი შანსი ტექნოლოგიურ რევოლუციაშია. ყველაზე მარტივი - ჩინეთის გახსნაა. ამისთვის კი მხოლოდ კომპარტიის გადაწყვეტილებაა საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე კვალვ უარყოფითია. სლატერი მიიჩნევს, რომ ამით პირველი პრობლემა - ინფლაცია გადაიჭრება.

  • ფინანსური მრჩეველები სიტუაციის გამოსასწორებლად რამდენიმე ვარიანტს გვირჩევენ:

დასაქმდით: უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი და ვაკანსიების დიდი რაოდენობა რეცესიას შეცვლის.

ნაღდი ფულით შეიძინეთ ბინა: შეერთებულ შტატებში სახლების ფასები ყოველწლიურად, თითქმის 20%-ით იზრდება, მაგრამ იპოთეკური განაკვეთები ასევე იზრდება, რაც საბოლოოდ მოთხოვნას ზღუდავს.

განათავსეთ გარკვეული თანხა: ყოველთვის კარგი იდეაა, გქონდეთ ლიკვიდური აქტივები - ნაღდი ფული, ფულის ბაზრის ფონდები და ა.შ. - გადაუდებელი საჭიროებების ან მოულოდნელი გადაუდებელი შემთხვევების დასაფარად.

ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ კრიზისი გარდაუვალია, კითხვა კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რამდენად ღრმა და ხანგრძლივი იქნება ის?

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი