მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში, H ჯგუფში პორტუგალიამ განა 3:2 დაამარცხა.
ამ მატჩს ყველა განსაკუთრებულად ელოდა, ვინაიდან საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდა თავს „მანჩესტერიდან“ სკანდალურად აბარგებული რონალდო, რომელმიც ევრო 2004-დან დაწყებული პორტუგალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მეათე დიდ ტურნირზე (ეს ევროპული რეკორდია) და მეხუთე მუნდიალზე იღებს მონაწილეობას.
პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა, პორტუგალია ინიციატივას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც რონალდომ ვერ გამოიყენა. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეიცვალა, ვიდრე კრიშტიანომ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გახსნა - მსოფლიოს 5 სხვადასხვა ჩემპიონატზე გოლის გამტანი პირველი ფეხბურთელი გახდა. ცოტა ხანში კუდუსი მარცხენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, განივი გადაცემა გააკეთა და აიუმ დიოგუ კოშტას კარი დალაშქრა. შემდეგ ფელიქსმა და ლეაომ დაამწუხრეს აფრიკელები. განამ გაიბრძოლა, ბუკარიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, შეხვედრის დასასრულს ინიაკიმ მეკარეს ბურთი მოჰპარა, მაგრამ კარში გადაგზავნა ვერ შეძლო და არცთუ დამაჯერებლად პორტუგალიამ მოიგო.
ამ ჯგუფში მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება: ლიდერი პორტუგალია ურუგვაის, განა კი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.
დოჰა. „სტადიუმ 974“. 42 662 მაყურებელიპორტუგალია - განა 3:2გოლები: 1:0 რონალდო (65, პენ), 1:1 აიუ (73), 2:1 ფელიქსი (78), 3:1 ლეაო (80), 3:2 ბუკარი (89)
ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ წლების შემდეგ განაცხადა, რომ ინგლისელთა კარში ხელით გატანილ გოლში ღმერთის ხელი ერია... მისი ნიჭის თაყვანისმცემლებმა ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და დონ დიეგო პირდაპირი მნიშვნელობით ღმერთად აღიარეს.... ოდესმე კრიშტიანოსაც მოუწევს სიმართლის თქმა დღევანდელი პენალტის შესახებ და ვეჭვობ, მასაც ღვთაებრივ სიმულაციად მიიჩნევენ, თუმცა, მოდით, მკაცრად ნუ განვსჯით - ერთი ღმერთი მაგ თემმაც დაიმსახურა...