ავტორი:

"ბოლო შეხვედრაზე მითხრა, ახლა მართლა ვკვდებიო..." - კინოსა და თეატრის სამყარო უხუცეს მსახიობს ემშვიდობება: როგორ იხსენებენ ქალს, რომელიც ბოლო წუთამდე სცენაზე იდგა

"ბოლო შეხვედრაზე მითხრა, ახლა მართლა ვკვდებიო..." - კინოსა და თეატრის სამყარო უხუცეს მსახიობს ემშვიდობება: როგორ იხსენებენ ქალს, რომელიც ბოლო წუთამდე სცენაზე იდგა

23 ნოემბერს, გიორგობას 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე. ის ქართული სათეატრო ხელოვნების ღვაწლმოსილი არტისტი იყო. 7 ათეული წელი თეატრის სცენაზე გაატარა. ამ ხნის მანძილზე მონაწილეობდა არაერთ ცნობილ სპექტალსა თუ კინოში.

ის ქართულ კინოსა და თეატრში უხუცეს მსახიობად ითვლებოდა - დიდი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი მოხსნა - სცენაზე 70 წელი გაატარა. ამიტომ ხშირად როგორც "მსახიობს ასაკის გარეშე" ასე მოიხსენიებდნენ... მრავალფეროვანი არტისტი იყო. თეატრმცოდნეების შეფასებით, მისი სასცენო შესრულება გამოირჩეოდა სცენური სიმართლით, უშუალობით, ლირიზმით.

ის ახლაც, 93 წლის ასაკში როლის სათამაშოდ ემზადებოდა...

ქეთი ჩხეიძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი:

- ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით და ჩემთვის დიდი პატივი იყო ქალბატონ თამართან ურთიერთობა. მისი ბოლო ნამუშევარში მე და ქალბატონმა თამარმა ერთად ვითამაშეთ. დამდო პატივი და შემომთავაზა, მასთან ერთად მეთამაშა, იმიტომ, რომ ამ როლს ჩემამდე ქალბატონი მედეა ჩახავა თამაშობდა.

ეს იყო ქალი, რომელიც ვერ ეგუებოდა თეატრის გარეშე ცხოვრებას, ვერ შორდებოდა სცენას. შემომთავაზა და რასაკვირველია, მასთან ერთად დიდი სიხარულით, სიამოვნებით ვითამაშე. თემურ ჩხეიძის სპექტაკლი „აქ, ამ სავანეში“ გახლდათ და თავად ეპიზოდს, რომელშიც ვითამაშეთ ექვა „სკამი“, თამარ ბართაიას პიესაა. ეს როლი თავის 90 წლის იუბილეზე ითამაშა და ძალიან გატაცებული იყო ამ როლით. მას მერე სულ ჰქონდა მცდელობა, რომ სპექტაკლი აღდგენილიყო და შესულიყო მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში. ახლაც კი, სანამ ავად გახდებოდა, ამისთვის ემზადებოდა.

ასმათ ტყაბლაძე, ეკა მჟავანაძე, ქეთი ჩხეიძე და თამარ სხირტლაძე

ძალიან ხშირად დავდიოდი მასთან სტუმრად და საათობით ტელეფონზე ვლაპარაკობდით - ასეთი ახლო ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ მისმა გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, დიდი გულისტკივილი გამოიწვია. არ ველოდებოდი, რადგან ასე ცუდად არ იყო, უცებ ფილტვების ანთება დაემართა და... 10 დღით ადრე ვიყავი მისული და ვლაპარაკობდით, როდის დაგვეწყო მზადება სპექტაკლისთვის. მსახიობებს თეატრის გარეშე არსებობა ძალიან უჭირთ, მაგრამ ქალბატონი თამარი, ხომ ვამბობ, მათ შორის მეტად გამორჩეული იყო. თავის პროფესიის არანორმალური სიყვარული ჰქონდა და იყო უდიდესი პროფესიონალი. მაგრამ იმ დღეს მისგან გულდაწყვეტილი წამოვედი...

90 წლის რომ გახდა, სულ მეუბნებოდა, ვკვდები, ვკვდები, - ასე იციან ხოლმე თქმა მოხუცებმა, მაგრამ ახლა სხვანაირი შეხვედრა გვქონდა - მითხრა, ახლა მართლა ვკვდებიო... ძალიან ვხუხვარ.

ის, რომ სცენაზე დასადგომად ემზადებოდა, ამაზე სამი კვირის წინ ჩაწერილ ბოლო ინტერვიუშიც ჟურნალისტ ნიკა ხაჩიძესთან ისაუბრა, რომელიც "რუსთავი 2"-ის ეთერით გავიდა. ნიკა ხაჩიძე AMBEBI.GE-სთან თამარ სხირტლაძესთან ინტერვიუს ეპიზოდებს ასე იხსენებს:

"როცა მასთან ინტერვიუ გადავწყვიტე, დამთანხმდა, ოღონდ, ერთი კვირა დავიცადოთო, თუ უკეთესად ვიქნები, სტუდიაში მოვალო. ერთი კვირის მერე რომ დავურეკე, კოვიდის მერე პერიოდულად ჟანგბადის აპარატი მჭირდება, ცოტა მერიდება, ხალხთან ასე გამოჩენა, ამიტომ ჩემთან მოდი და სახლში ჩავწეროთო. გადაღებაზე ჯგუფი მცირე რაოდენობით წავიყვანე. ყველანი პირბადეებით ვიყავით მისული...

დამხმარე ქალი დაგვხვდა, რომელიც კოვიდის შემდეგ ქალბატონ თამარს ეხმარებოდა. წარმოიდგინეთ, ასაკში იყო ადამიანი და ამ წლების მანძილზე საკუთარ თავს თვითონ უვლიდა, დამხმარე არ სჭირდებოდა. ქალბატონი სვანი აღმოჩნდა, თბილად შეგვხვდა, კუბდარი გაუკეთებია, ქალბატონმა თამარმა სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, უნდა ჭამოო. ინტერვიუზე ვარ ორიენტირებული, არ შემიძლია-მეთქი. მერე ინტერვიუს დროს ორჯერ გამაჩერა, კუბდარი ხომ გახსოვს, არ გაცივდესო. ბოლოს სანამ ბოლომდე არ შევჭამე, არ მომეშვა, შენს სახელზეა გაკეთებულიო...

მეუბნებოდა, მარჯანიშვილში რაღაცას ვაპირებ, მართლა თუ მესტუმრები, დაგიძახებო. აუცილებლად მოვალ-მეთქი. კარგია, თუ უბრალოდ მოხუცს არ მამხნევებ და ისე არ მეუბნებიო. პროექტს ვიწყებო...

საუბრის დროს რომ ვთქვა, რამე აწუხებდა ან უჭირდა-მეთქი, არა, საუბარში მშვენივრად მომყვებოდა. ერთადერთი ფეხზე წამოდგომა და დიდხანს დგომა უჭირდა. ბოლოს ვუთხარი, - მე, როგორც შეგპირდით, მოვალ სპექტაკლზე და თქვენც უნდა მესტუმროთ სტუდიაში-მეთქი. არ ვიცი, ახლა ასაკს რას გაუგებ, ეს ბოლო ინტერვიუ არ აღმოჩნდესო...

გარდაცვლილი შვილის თემასაც შეეხო, დეტალურად გაიხსენა ყველაფერი, რომ მეუღლეს დიდი ხანი არ ეუბნებოდა, შვილს რა სჭირდა, სახლში არ მოვდიოდი, რომ ეს ემოციები არ შეეტყოო. პროფესიული კუთხით, არანაირი სინანული არ ჰქონია. არ ვიყავი იმ კატეგორიის მსახიობი, რომელიც ვიღაცას რამეს სთხოვდა, ამ წლების მანძილზე ისეთი ადამიანების გვერდით მომიწია ყოფნა, ცხოვრებამ გამანებივრაო.

ერთადერთი გული იმაზე სწყდებოდა, რომ პროექტებმა კოვიდის შემდეგ გადაიწია და იმ პერიოდში რაღაცების გაკეთება ვერ მოასწრო, მაგრამ ამასაც ავინაზღაურებო. მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ძალიან გული მეტკინა, გარდა იმისა, რომ კარგი არტისტი იყო, სულ თითზე ჩამოსათვლელი გვყავს ამ ასაკის არტისტები....

  • თამარ სხირტლაძე შვილმკვდარი დედა იყო, მან 2004 წელს ერთადერთი შვილი, მსახიობი თაზო თოლორაია, დაკარგა.

თეატრი მისთვის ყველაფერი იყო და მასზე უარი ვერც იმ უდიდესმა ტკივილმა ათქმევინა, რასაც ერთადერთი შვილის გარდაცვალება ჰქვია. მისი შვილი თაზო თოლორაია მაყურებელმა თავიდან ფილმიდან „ღიმილის ბიჭები“ გაიცნო და შეიყვარა. "ღიმილის ბიჭი" მძიმე სენით გარდაიცვალა. ამდენად ტკივილისგან განადგურებულმა დედამ შეძლო მოუშუშებელი ტკივილით ცხოვრების გაგრძელება და თეატრსა და კინოში მუშაობაზე უარი არ თქვა.

ეპიზოდები თამარ სხირტლაძის სხვადასხვა ინტერვიუდან:

"19 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი. თეატრის გამო ერთადერთი შვილის ამარა დავრჩი, სხვა შვილი არ გამიჩენია. ერთხელ ჩვენს მეზობლად საფრანგეთში მცხოვრები ქართველები გადმოვიდნენ. თაზო ამ ოჯახში ფრანგულში ემზადებოდა. ამ ქალს რომ არ ეცალა, თაზო მისმა შვილმა ამეცადინა. თაზო ალეწილი ჩამოვიდა, ეგღა მაკლია, იმ წიპუკამ მამეცადინოსო... კალატოზიშვილების უმცროს ქალიშვილს ნინოს და თაზოს ერთმანეთი შეუყვარდათ და ბათუმში გაიპარნენ. მაშინ თაზო 19 წლის იყო. მათ გაუჩნდათ ქალიშვილი რუსო. ნინომ და თაზომ ექვსი წელი იცხოვრეს ერთად. თაზო ძალიან პოპულარული იყო. მისი პირველი ოჯახის დანგრევაც ამან გამოიწვია. ძალიან განვიცადე. მერე მარინა წულუკიძე შეირთო ცოლად. მარინა კინომსახიობთა თეატრში კონცერტმაისტერად მუშაობდა. მას თაზოზე ეხუმრებოდნენ და მასაც ეტყობა, გრძნობა გაუჩნდა. ერთხელაც ზუგდიდში გაიპარნენ. მერე კი გაუჩნდათ თაკო“.

თამარ სხირტლაძე შვილთან და მეუღლესთან ერთად

"თაზოს უკურნებელი სენის შესახებ თავიდან არ ვიცოდი. რომ გავიგე, ჩემი მეუღლისთვის არ მითქვამს. კოტე ყველაფერი იყო თაზოსთვის... ამიტომ თქმა გამიჭირდა. ერთი თვე მარტომ ვატარე ტკივილი. თაზოს გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, სულ უფრო და უფრო უკან-უკან რომ მიდიოდა მისი ჯანმრთელობა, კოტემ გამწარებულმა უთხრა ექიმს, - „რა გახდა მისი მორჩენა, კიბო ხომ არა აქვსო?“ ექიმმა თავი დაუქნია. ჩემი ქმარი ლოგინად ჩავარდა, ნერვების ანთება დაემართა. 40 დღე ტკივილისგან კიოდა. თაკო თხოვდებოდა, კაბა მზად ჰქონდა, თაზო რომ გარდაიცვალა და ქორწილი ჩაეშალა. თაზოს გარდაცვალების დროს მისი ორივე შვილი თაკოც და რუსოც ფეხმძიმედ იყვნენ".

კადრი ფილმიდან "დღეს ღამე უთენებია"

„ერთხელ ხერხემლის მალა მქონდა გატეხილი, საოპერაციო ვიყავი, მაგრამ სპექტაკლებს მაინც ვთამაშობდი. ექიმმა გოგლიკო მაღალაშვილმა, ოპერაციის გაკეთება „დამაძალა“. ოპერაციის წინ დამესიზმრა, კიბეზე ავდიოდი და თაზო დავინახე, სინათლეში იყო. ამდენ ხანს გალოდინე, ძლივს მოვაღწიე-მეთქი, - ვუთხარი. მეგონა, წამიყვანდა მაგრამ, დიდი ოპერაცია გადავიტანე და არაფერი დამემართა“.

თამარ სხირტლაძის მეუღლე მსახიობი კოტე თოლორაია გახლდათ, რომელიც 2017 წელს გარდაიცვალა. მარჯანიშვილის თეატრის წინ არსებობს თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა „წლის პერსონის“ წოდება ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელთან ერთად. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.

  • AMBEBI.GE რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს და მთელ თეატრალურ საზოგადოებას