ავტორი:

"ეს ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული... წავიდა თავის შვილთან" - რას წერს ნიკა წულუკიძე თამარ სხირტლაძეზე

"ეს ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული... წავიდა თავის შვილთან" - რას წერს ნიკა წულუკიძე თამარ სხირტლაძეზე

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე.

თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სოციაურ ქსელში უხუცეს მსახიობთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. იმ დღეს, როდესაც ნიკოლოზ წულუკიძის შვილი, კიტა წულუკიძე ტრაგიკულად დაიღუპა, ნიკოლოზი თამარ სხირტლაძის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა.

"ეს პირველი ფოტო ჩემი ცხოვრების ორად გაყოფის დღესაა გადაღებული, თამარას ბოლო დაბადების დღეზე. წავიდა თავის შვილთან...ბრწყინვალე არტისტი და ჩემი დიდი მეგობარი." - წერს წულუკიძე "ფეისბუქში".

თამარ სხირტლაძე იყო ქართული სათეატრო ხელოვნების ღვაწლმოსილი არტისტი. მან 70 წელი გაატარა სცენაზე და ამ დროის განმავლობაში მონაწილეობა მიღებული აქვს ისეთ ცნობილ სპექტალებსა და ფილმებში როგორებიცაა: "კაცია-ადამიანი?!“, "მოძღვარი“, "მეფე ლირი“, "ადამიანთა სევდა“, "ფესვები“, "ლუკას სახარება“ და "ნუცას სკოლა“.

2010 წელს "მარჯანიშვილის სახელობის თეატრის" წინ თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. 2016 წელს მიენიჭა საპატიო თბილისელის წოდება. 2019 წელს კი "წლის პერსონის“ ტიტული ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელთან ერთად. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან "ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.