მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით საუბარი ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიღებამდე არ სურს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გელბახიანმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, სააკაშვილს აღნიშნულ საკითხზე გუშინ ესაუბრა.
"გუშინ ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი და კონსულტაცია ბატონ მიხეილთან. მას მიაჩნია, რომ ვიდრე ამ თემაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა არ იქნება, მანამდე ინტერპრეტაცია ყველანაირი სახით უნდა შეწყდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენც მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ მივცემთ და აქ ამოვწუროთ ყველაფერი“, - განაცხადა გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ გელბახიანმა გაავრცელა მასმედიის საშუალებით მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რასაც ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს უპასუხა და აღნიშნა, რომ "არასდროს, არც ერთი მისი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი ჰქონდა“.