"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი, ნუცა მათიაშვილი აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც ვკითხულობთ, რომ ვაკის პარკის ერთ-ერთი ქანდაკება ახლა ზემო ვაკის ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში დგას. პოსტს თან დართული აქვს ფოტოებიც.
"გაოგნებული ვარ. თბილისის მერია, იქნებ გამცეთ პასუხი,ვაკის პარკში მარმარილოს ფილები რომ დახსენით და ტალახში ნარევი ცემენტით კიბისმაგვარი რაღაც რომ გააკეთეთ და ა.შ ეგ ხომ ვიცით, ქანდაკება, რომელიც დიდად არ მომწონდა, თუმცა ბრინჯაო იყო და პარკის კუთვნილება, აღარ დამხვდა. ვიფიქრე, ალბათ გადაადნობენ, ან რამე და ჰოი საოცრებავ, მოვდივარ ფეხით და ეს ქანდაკება ერთ-ერთ ეზოში უდგას ტიპს, მართლა
უკვე ეს არაფერში არ ჯდება იქნებ გამცეთ პასუხი როგორ მოხვდა პარკის ქანდაკება ვიღაცის ეზოში ზემო ვაკეში
WTF მართლა არ გამიკვირდება მუზაც რომ წაიღონ", - წერს ნუცა მათიაშვილი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით Ambebi.ge თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ქანდაკება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს.
"აღნიშნული ქანდაკება თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს. იგი თავის დროზე კლუბ "სენატის" მიერ დაიდგა კლუბის მიმდებარედ, რაც იყო უნებართვო და ჯერ კიდევ ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაწყებამდე განხორციელდა მისი დემონტაჟი", - გვითხრეს მერიაში.