ავტორი:

"ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარია... ვცდილობ, ცხოვრება განვაგრძო. ძალიან მიყვარს მიშა და სულ მეყვარება" - ექსკლუზიური ინტერვიუ მიშა გომიაშვილის მეუღლესთან

"ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარია... ვცდილობ, ცხოვრება განვაგრძო. ძალიან მიყვარს მიშა და სულ მეყვარება" - ექსკლუზიური ინტერვიუ  მიშა გომიაშვილის მეუღლესთან

12 სექტემბერს, ქართულმა ხელოვნებამ დიდი არტისტი მიშა გომიაშვილი დაკარგა. 61 წლის მსახიობი უეცრად გარდაიცვალა. მისმა წასვლამ უამრავი ადამიანი დაამწუხრა. "ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარია, რომლიდანაც გამოვიღვიძებ, გამოვფხიზლდები და აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არ მომხდარა", - ამბობს ambebi.ge - სთან მისი მეუღლე ქეთი კალანდაძე.

ქალბატონი ქეთი კოსტიუმების მხატვარია, წლებია, კინოში მუშაობს და მეუღლესთან ერთადაც არაერთ პროექტზე უმუშავია. ინტერვიუები არ უყვარს, სიამოვნებს, როცა საყვარელ საქმეს თავისთვის, მედიის და ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებს. არც ის უყვარდა, როდესაც მეუღლე მას სადმე ინტერვიუში ახსენებდა, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და მიშას დიდი სიყვარული რომ არა, ამ ინტერვიუზე არაფრით დაგვთანხმდებოდა. ჩვენთან საუბარი საყვარელი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა.

- რასაც ახლა განვიცდი, სიტყვებით არ გადმოიცემა, ცუდად ვარ, მაგრამ ამას არც ვამბობ, ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებ. არც მიშას გაუხარდებოდა, რომ ასეთი ვენახე. თავისი წასვლით გული ძალიან მატკინა. ჯერ კიდევ მგონია, რომ სიზმარია, რომლიდანაც გამოვიღვიძებ, გამოვფხიზლდები და აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არ მომხდარა. სამწუხაროდ, ასე არ არის. ადამიანები ვართ და ვცდილობ, ცხოვრება განვაგრძო. ძალიან მიყვარს მიშა და სულ მეყვარება. ამ ყველაფერს მისი სიყვარული მაკეთებინებს.

...უხაროდა, როცა რეალიზებული, შემდგარი ვიყავი, საქმე მქონდა, ამით ამაყობდა... მოკლედ, არ ვყრი ყურებს, მერე ამ დედამიწაზე მარტოც ხომ არ ვარ, უამრავი ადამიანი, მეგობარი მიყურებს, არიან შვილები, შვილიშვილები, არის ცხოვრება და ადამიანებთან ურთიერთობა. შენს ნაჭუჭში ჩაიკეტო, ეს რანაირად შეიძლება?! არადა, მიშას გარეშეც როგორ უნდა ვიყო?! ის ჩემთვის ყველაფერი იყო და ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფრის გარეშე დავრჩი...

14 ოქტომბერს რაღაც პროექტზე ერთად უნდა გვემუშავა, ვემზადებოდი და 11 სექტემბერს სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. სასწრაფოს მანქანაში თავის ფეხით ჩაჯდა. მეც მივყვებოდი. მეგონა, გადასხმები და გარკვეული პროცედურები ჩაუტარდება და 14-ში უკვე კარგად იქნებოდა.12-ში, გამთენიისას კი უკვე აღარ იყო...

- ძალიან სამწუხაროა... ინტერვიუში ამბობდა ხოლმე, ცხოვრებაში რამდენჯერაც შემიყვარდა, იმდენჯერ ის ადამიანი ცოლად მოვიყვანე, ქეთი კი ჩემი ბოლო სიყვარულიაო... ფაქტობრივად, ასეც აღმოჩნდა...

- ერთად ყოფნის მეთორმეტე წელი დაიწყო... სულ ვამბობ, რომ ჩვენი დაწყვილება უფალმა ინება. ისე მეცინებოდა იმაზე, რომ ატყდებოდა ხოლმე ამბავი, მერამდენე ცოლია?.. რაში მაინტერესებს მერამდენე? ეს მე-100 ხარისხოვანია. მთავარი ჩემი და მისი ურთიერთობა იყო...

- ვიდრე თქვენი მთავარი შეხვედრა შედგებოდა. მანამდე იცნობდით ბატონ მიშას?

- არა. ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი "აგვისტოს 5 დღე“ იყო, რენი ჰარლინის ფილმი, თუმცა იქ შეხება არ გვქონია, რადგან უზარმაზარი წარმოება იყო. მასში ჩვენი დეპარტამენტიც მასშტაბურად ჩაერთო. ყველას ჩვენ-ჩვენს საქმეს ვაკეთებდით. მე, მაგალითად, პატარძლის კაბაზე, ქალების ტანსაცმელზე ვმუშაობდი. მიშა ჩვენთან კოსტიუმის მოსაზომად მოდიოდა... იქიდან ზუსტად ერთ წელიწადში, ღმერთის ნებით, ჩვენი დაკავშირება მოხდა. შედგა შეხვედრა და ჩვენი საოცარი სიყვარულის ისტორია დაიწყო. შევხვდით ფარაჯანოვის ფილმზე "ყველანი წავიდნენ“...

მიშა უზომოდ ნიჭიერი ადამიანი იყო, რასაც ყველაფერში ავლენდა. წასვლითაც ასე საოცრად და რაღაცნაირად წავიდა, ყველას გული დაწყვიტა და დიდი ტკივილი დაუტოვა, პირველ რიგში, მე.

- ამ ქვეყნიდან გასვლაზე თქვენთან ოდესმე თუ უსაუბრია?

- რაღაცაზე როცა წავკინკლავდებოდით, - აი, ნახავ, მე აღარ ვიქნებიო და... - იტყოდა ხოლმე... უფალმა იცის, ვინ აღარ იქნება - მე თუ შენ-მეთქი, - ვუპასუხებდი. როგორც კი ამას ვიტყოდი, - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, მორჩი ახლაო...

ცოტა მერიდება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მართლა ენით აღუწერელი სიყვარული იყო და ეს სიყვარული ყველაფერში გამოიხატებოდა. მზრუნველი, ყურადღებიანი, თბილი, დაუზარელი ადამიანი დავკარგე. დაუსრულებლად შემიძლია ამაზე ვილაპარაკო...

- თანამედროვე მსახიობებიდან თუ ვინმეზე შეიძლება ვთქვათ დიდი არტისტი, ერთ-ერთი მათგანი მიშა გომიაშვილია... მართლა დიდი დანაკარგია თეატრისთვის და კინოსთვის...

- მიშას ისეთი მეტყველი თვალები ჰქონდა, ხმის ამოღებაც არ სჭირდებოდა, თავლებით გელაპარაკებოდა, სათქმელს გეუბნებოდა... ბატონი რეზო ესაძის ფილმს "თვე, როგორც ერთი დღე“ თუ გავიხსენებთ, სადაც მოხუც ემიგრანტს თამაშობს, აბსოლუტური გარდასახვა მოახდინა. არადა, მაშინ კიდევ გაცილებით ახალგაზრდა იყო, საოცარი გრიმი შექმნა... იქ მისი გავლა დაუვიწყარია - რანაირად მიდის, ღრმა მოხუცი გეგონება... იმ პერსონაჟის სამოსზე ერთად ვიმუშავეთ. ყველაფერში მომყვებოდა. პალტო რომ ჩავაცვი, მოიხდინა. საბოლოო ჯამში კარგი კოსტიუმი ავაწყვეთ. მერე მითხრა - ქეთი, რაღაც მაკლია. რამე შალი ხომ არ გაქვსო? - მივეცი, აიღო და წელზე შემოიხვია და უცებ მოხუცად გარდაისახა...

ლალი კიკნაველიძის ფილმზეც "კახეთის მატარებელი“ ერთად ვიმუშავეთ. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დაჯილდოვდა... 2014 წელს მიშა იყო პირველი ქართველი მსახიობი, რომელიც აზიურ ოსკარზე წარადგინეს ფილმისთვის "პრეზიდენტი“. ამ ფილმზეც ერთად ვიმუშავეთ... ფინანსების არქონის გამო, მაშინ იქ გამგზავრება ვერ შეძლო.

როლზე მუშაობას ცოტა დროს ანდომებდა, როგორც გითხარით, რამდენიმე ფილმზე ერთად ვიმუშავეთ და როდესაც კამერის აქეთ ვიდექი ხოლმე, ვაკვირდებოდი - სულ სხვა ადამიანი იყო... საერთოდ, განათლებული და მოაზროვნე იყო. ინტერვიუსაც რომ აძლევდა, აზრს საოცრად აყალიბებდა. სათქმელს მსმენელს, მკითხველს გასაგებად აწვდიდა. ამ ყველაფრის მიღმა გონიერება, ინტელექტი ჩანდა.

- გამოიკვეთა მისი შტრიხებიც - მზრუნველი, განათლებული, ნიჭიერი, თბილი...

- ჯერ უნდა გითხრათ, რომ ხატავდა, ოღონდ, ამას აფიშირებას არ უკეთებდა. ფანქარში ჩემი პორტრეტის ესკიზი აქვს გაკეთებული, სადაც, აბსოლუტურად, ზუსტად არის დაჭერილი ჩემი ხასიათი. მიყვარს ეგ ნახატი... ამასთანავე, ოქროს ხელები ჰქონდა, შინ ყველაფერს აკეთებდა თუ რამე დამჭირდებოდა... თანაც სიურპრიზების მოწყობის ოსტატი იყო. თავის დაბადების დღეზე საჩუქარი მე გამიკეთა - მანქანა მაჩუქა. ტაილანდში გადაღებაზე იყო და რომ ჩამოვიდა, მესენჯერში მანქანის ფოტო გამომიგზავნა, - მოგწონსო? - მკითხა. მომწონს-მეთქი, - შენიაო...

ერთად ყოფნიდან 5-6 წლის შემდეგ დავიწერეთ ჯვარი.

მედიის მხრიდან ჩვენი წყვილის მიმართ ინტერესი დიდი იყო. სულ ისმოდა კითხვა, - მერამდე ცოლია? მიშას ვეხვეწებოდი, მოდი, ინტერვიუებში ჩემზე არ ილაპარაკო, პირადი ჩვენთან დარჩეს-მეთქი. კი არაფერი, მაგრამ არ მიყვარს ყველაფრის აფიშირება. მას კი პირიქით, უნდოდა ეყვირა, ელაპარაკა ამაზე. ისე, თხოვნას, შეძლებისდაგვარად, გაითვალისწინებდა ხოლმე, მაგრამ მე სადღაც მაინც მახსენებდა.

...არადა, როგორია ცხოვრება, ხომ ხედავთ? ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს გავურბოდი, ახლა მიშაზე მე ვლაპარაკობ... კი, ძალიან ვუყარდი და ვუყვარვარ ახლაც. მეც ძალიან მიყვარს და იცით, რისი მჯერა? უფალმა დროებით დაგვაშორა ერთმანეთს. ასეთი ისტორია მოვიგონე, - წავიდა, რეპეტიციები აქვს იქ. მჯერა, თავის საქმე აქვს, - სპექტაკლი, პიესა, ფილმი... აუცილებლად ეგ ამბავია, ამის მჯერა... მე კი იმხელა სიყვარული დამიტოვა, რომ ამ სიყვარულში ვიხრჩობი... როგორ რომანტიკულადაც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მათ შორის ლექსების მოძღვნით, ასევე გაგრძელდა მთელი 12 წელიწადი. მაგრამ ზოგადად რთული ადამიანი იყო, როგორ შეიძლება ასეთი ნიჭიერი კაცი მარტივი ყოფილიყო. ახლა კი, ყველაფერი დამავიწყდა, თუკი რამეზე მასზე გავბრაზებულვარ, მხოლოდ კარგი მახსოვს. არასდროს უთქვამს ჩემთან ვინმეზე ცუდი, - ესეც მისი ხასიათის კარგი მხარე იყო. სხვისი წარმატება საკუთარივით უხაროდა. ყველასთვის კეთილის მოსურნე იყო...