ავტორი:

"დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის პარტია, რომელშიც მე ვიყავი..." - მაია ნადირაძე

"დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის პარტია, რომელშიც მე ვიყავი..." - მაია ნადირაძე

"ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი მაია ნადირაძე, დიდი ხანია რაც პარტიაში აღარ არის. როგორც ის "ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, ბოლოს პარტიის ყრილობას 2018 წელს დაესწრო და ის შეცვლილი დახვდა. ნადირაძის თქმით, სააკაშვილის დროს ხელისუფლება უშვებდა შეცდომებს, ახლანდელი ხელისუფლება კი დანაშაულებს სჩადის, ოპოზიცია კი მისი დღის წესრიგით მოქმედებს...

მაია ნადირაძე:

"დიდი ხანია, რაც პარტიასთან კავშირი არ მაქვს. ერთი რამ, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის პარტია, რომელშიც მე ვიყავი. ეს არის პარტია, როგორც ყველა სხვა... მე მის არცერთ წარმომადგენელზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, კარგი გოგო-ბიჭები არიან, პატრიოტები და შეძლებისდაგვარად აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ. ადრე პარტიაში ადამიანები იყვნენ ავანგარდში, მათ უნდოდათ კარგ ქვეყანაში ცხოვრება... შეცდომა დაუშვიათ, მაგრამ შეცდომა და დანაშაული სხვადასხვა რამეა.

ჩვენი საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ შეცდომას და დანაშაულს ერთ სიბრტყეში განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა შეცდომები, მაგრამ არა დანაშაულები. ბოლოს 2018 წელს ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე...

ეს იყო ზომიერ, წონიანი, გონიერი პარტია. მოდით, ვთქვათ, ერთი გირგვლიანი შეიძლება ვიძახოთ ამდენ ხანს... ვაღიარეთ ყველა თვალსაზრისით და საკანონმდებლო ინსტანციით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც კანონით იყო შესაძლებელი. არა, უნდა ჩამოგეხრჩოთ, სააკაშვილი უნდა დაგეკიდათ ფეხებითო... მოთხოვნა იყო ეს. მას მერე რამდენი ასეთი რამ მოხდა, მაგრამ იმაზე ხალხი ასე არ რეაგირებდა. ახლა "ნაციონალური მოძრაობა" გახდა ზომიერი, წონიანი, გონიერი პარტია და ახლა ის ხალხი, ვინც მათგან ითხოვდა ზომიერებას, ახლა ითხოვს რევოლუციას. დღეს პარტიაში არის ხალხი, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მეხსიერება, რაც ხდებოდა იმ ცხრა წელში, როდესაც რეფორმები ტარდებოდა და შეცდომებიც იყო. შიგნიდან უნდა გრძნობდე ამას. სულ რამდენიმე ადამიანია პარტიაში ასეთი და გავლენა არ აქვთ. ის ვინც არის პარტიის ავანსცენაზე, მათ სხვა პოლიტიკური გამოცდილება აქვთ. ხალხს ეს არ მოსწონს, ელოდება იმას, რაც იყო 2004-ში, 2008-ში, 2010-ში. მე რასაც ვუყურებ, ცხრა წელია თავზე ნაცარს იყრიან და შეცდომებზე ბოდიშებს იხდიან, ამ დროს აქეთ მხარეს დანაშაულები ხდება. მესმის, რომ 2003-2004 წლის მოვლენებს ვერ გაიმეორებენ... ვნახეთ, ბელარუსში ნახევარი მოსახლეობა გარეთ იყო და რევოლუცია ვერ მოახდინეს, მაგრამ რაღაც სხვა სჭირდება. ის ლიდერი გამარჯვებას უნდა ხედავდეს... არსებობს გზები, როგორ შეიძლება ხელისუფლება აიძულო, რომ მისი დღის წესრიგი შეცვალო. დღეს მათი დღის წესრიგით ცხოვრობს ოპოზიცია. დღის წესრიგს თუ არ შეუცვლი ხელისუფლებას, მუდმივად წაგების რეჟიმში იქნები".