"მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე, კრიშტიანუ რონალდუ პირს მორგანთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას კლუბმა უღალატა და გუნდიდან წასვლას აიძულებენ. კრიშტიანუმ საუბარში გულის ტკენა გამოთქვა და განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს, ფანებმა სიმართლე გაიგონ.
რონალდუმ, 2021 წლის აგვისტოში, "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კითხვაზე, "იუნაიტედის" იერარქია მის კლუბიდან გაძევებას ცდილობდა თუ არა, ფეხბურთელმა უპასუხა:
"დიახ, არა მხოლოდ მწვრთნელი (ტენ ჰაგი), არამედ კიდევ 2-3 ადამიანი ცდილობს ამას. მაქვს განცდა, რომ თითქოს მიღალატეს. ვგრძნობ, რომ ზოგ ადამიანს ჩემი აქ ყოფნა არ სურს და ეს არა მხოლოდ წელს, არამედ შარშანაც ასე იყო“.
კრიშტიანუ რონალდუს ივლისიდან მოყოლებული აქვს გულში წყენა ჩარჩენილი. ამ პერიოდში, ფეხბურთელის მცირეწლოვანი გოგონა ავად იყო და საავადმყოფოში იწვა, ამის გამო რონალდუ წინასეზონურ ვარჯიშზე დროულად ვერ გამოცხადდა. მან თქვა, რომ კლუბი გვერდში არ დაუდგა, მასში ეჭვი ეპარებოდათ და ემპათიას არ ამჟღავნებდნენ.
37 წლის ფეხბურთელი კლუბის მენეჯერ ერიკ ტენ ჰაგზე ამბობს: "მისდამი პატივისცემა არ გამაჩნია, რადგან თვითონ არ მცემს პატივს.“
ფეხბურთელმა ინტერვიუში განაცხადა:
"ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რისი გადალახვაც წელს ერთად მოგვიწია“. (რონალდუ მისი და ჯორჯინა როდრიგესის ახალშობილი ვაჟის გარდაცვალებას გულისხმობს.)
"საუკეთესო მინდა კლუბისთვის, ამიტომ მოვედი "მანჩესტერ იუნაიტედში", მაგრამ შიგნით ხდება რაღაცები, რაც ხელს გვიშლის უმაღლეს დონეს მივაღწიოთ. მას შემდეგ, რაც ალექს ფერგიუსონი წავიდა, განვითარებას ვერ ვხედავ. კლუბში არაფერი შეცვლილა".
რონალდუს თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ მის მოსაზრებას ფერგიუსონიც იზიარებს. მიუხედავად ყველაფრისა, ვარსკვლავს დაგეგმილი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გადაიტანოს მთელი ყურადღება. რონალდუს სურს, რომ თასი პორტუგალიისთვის მოიგოს და შემდეგ გადაწყვიტოს კლუბის პრობლემები.
"იუნაიტედმა" Reuters-ს კომენტარზე უარი უთხრა, თუმცა, ტოტენჰემის თამაშის შემდეგ, ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ "რონალდუ გუნდის მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება“.
წყარო:reuters
მოამზადა: ანა სიბოშვილმა