"ჩემი ყველაფერი იქ დავტოვე. ოჩამჩირე არა და აი, დიხაზურგა სულ მესიზმრება და სულ ჩემთან არის…"
"მე არ ვარ თბილისელი ბიჭი. ეს ქალაქიც ჩემთვის უცხო იყო სულ რაღაც 20 წლის წინ და არც საჯაროობას ვარ ნაჩვევი. მოვყვები საკუთარ ისტორიას, თუ როგორ მოვიდა ჩვენი ბიზნესი აქამდე“ - ასე იწყებს ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია Forbes -ის ქართულ გამოცემასთან ინტერვიუს.
- ასე, კითხვის გარეშე დაიწყო ჩემი შეხვედრა ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც საქართველოში რამდენიმე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სისტემურ ბიზნესს ფლობს და მართავს. ინტერვიუზე შეთანხმების პროცესი მარტივი არ იყო და გარკვეული დათქმებით მიმდინარეობდა, მაგრამ, მე მგონი, გამოვიდა. დღეიდან მისი საქმიანი ისტორიაც გვეცოდინება, პირველი ნაბიჯებიდან დღემდე. მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო - გაიცანით ხვიჩა მაქაცარია. აღნიშნავს, რომ ეს საზოგადოება, აქაური ურთიერთობები, უცხო იყო მისი ოჯახისთვისაც, შვილებისთვის, რომლებითაც გამორჩეულად ამაყობს. აფასებს პარტნიორებს, მეგობრებს - ყველას, ვინც მისი თბილისში დამკვიდრებისთანავე (2008- 2009 წწ) მისი ყოველდღიურობის ნაწილია. საქართველოში მანამდეც ჩამოდიოდა, მაგრამ ეს უფრო სტუმრად, სამი-ოთხი დღით, "გადაბმულად, მგონი, სრული კვირაც არ გამიტარებია თბილისში 2008 წლამდე, და პერიოდულად ჩამოსვლის მიზეზი ბიზნესიც იყო, თუმცა იმ პერიოდში ეს ინვესტიციები უფრო ემოციურ ხასიათს ატარებდა.
- აფხაზური ენის ცოდნა თუ შეგრჩათ?
- კი, მესმის ყველაფერი. მაგრამ, სამწუხაროდ, წლებია, აფხაზურად საუბრის პრაქტიკა აღარ მაქვს და უკვე მავიწყდება ლაპარაკი მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობები აფხაზებთან დღემდე მაქვს, ვმეგობრობ ჩემს კურსელებთან, კავშირები არ გაგვიწყვეტია.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და იმ დროსაც მოესწრო როგორც სტუდენტი, როცა სოხუმის უნივერსიტეტი ორ ნაწილად გაიყო (1988 წელი - თსუ-ს სოხუმის ფილიალი). ეს არის პერიოდი, როცა აფხაზებისა და ქართველების დაპირისპირება მწვავდება. მიუხედავად უნივერსიტეტის ორ ნაწილად გაყოფისა, დარჩა სოხუმის უნივირსიტეტში, რომელიც აფხაზურ ენაზე წითელი დიპლომით დაამთავრა. იმ პერიოდში უკვე მთელი ქვეყანა მოცულია ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით და კოოპერატივების იდეით და მასაც თავში ათასი ბიზნესიდეა უტრიალებს. რამდენიმე ბიზნესიც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს თავი რიგით ეკონომისტად მეფრინველეობის ფაბრიკაში ამოყო, არცთუ ურიგო ანაზღაურებით და საქმით. თუ რიგითი ანაზღაურება საბჭოთა პროლეტარებს 120 მანეთი ჰქონდათ, ახალგაზრდა მაქაცარია თვეში 400 მანეთს აკეთებდა და, ზემოდან, არც დაფასება აკლდა ფაბრიკის ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა ბონუსის სახით. თუმცა აფხაზურმა ქედმაღლობამ და ახალგაზრდულმა მოუსვენრობამ თავისი ქნა და მაქაცარიას კარიერა სოფლის მეურნეობის მიმართულებით რამდენიმე თვეში დასრულდა.
აფხაზეთის ამბებს მაინც ყველაზე დიდი ემოციით ჰყვება. მიმეორებს, რომ დღემდე ინარჩუნებს ძველ კავშირებს და ურთიერთობებს. მაგრამ განსაკუთრებული სითბო აფხაზეთზე გახსენებისას არა ოჩამჩირის, არამედ გალის რაიონის ოკუპირებულ სოფელზე, დიხაზურგაზე საუბრისას გამოსჭვივის, სადაც ხვიჩა მაქაცარია წელიწადში სამ თვეს ბებიასთან ატარებდა. "ჩემი ყველაფერი იქ დავტოვე. ოჩამჩირე არა. აი, დიხაზურგა სულ მესიზმრება და სულ ჩემთან არის…
R