საერთაშორისო ორგანიზაცია GLOBOCAN-ის სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად 2 მილიონს აჭარბებს. ის მოწინავე პოზიციას იკავებს სიკვდილიანობის მიზეზებშიც. ფილტვის კიბოს გამოვლენა უფრო ხშირად მე-3 ან მე-4 სტადიაში ხდება, რაც დასახელებული სტატისტიკური მონაცემების ერთ-ერთი მიზეზია. ანალოგიური ვითარებაა საქართველოშიც. ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევებიდან 10-ზე ნაკლების გამოვლენა ხდება პირველ სტადიაზე, 60-ზე მეტის კი - გვიან, როდესაც მკურნალობა არადამაკმაყოფილებელია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვედ დაასახელა. მსოფლიო კამპანიას შეუერთდა „ნიუ ჰოსპიტალსიც“ და ნოემბრის თვეში პაციენტებს სთავაზობს უფასო კონსულტაციებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკალური ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელთან, ონკოლოგიური კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელთან, თორაკალური ქირურგთან, ონკოლოგ დავით გიორგაძესთან. კამპანიის ფარგლებში მოსული პაციენტები საჭიროების შემთხვევაში რადიოლოგიურ კვლევას ფასდაკლებით ჩაიტარებენ. უფრო დეტალურად ფილტვის კიბოზე, დაავადების განვითარების მიზეზებსა და შედეგებზე, მკურნალობის გზებზე თავად დავით გიორგაძე გვესაუბრება.
როგორია საქართველოში ფილტვის კიბოს გავრცელების დინამიკა უკანასკნელ პერიოდში?
ფილტვის კიბო მამაკაცთა პოპულაციაში ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა მსოფლიოშიც და საქართველოშიც ერთი ტენდენცია შეინიშნება - ფილტვის კიბოს შემთხვევების რაოდენობა იკლებს მამაკაცებში და მატულობს ქალებში. ეს მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება თამბაქოს მოხმარების სტატისტიკას. ამ მიმართულებით ცალსახა ტენდენციაა, რომ მწეველი მამაკაცების რაოდენობა იკლებს, ხოლო მწეველი ქალების - იზრდება.
რა იწვევს ფილტვის კიბოს?
ფილტვის კიბოს გამომწვევი პირველი და უმთავრესი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. გამოვლენილი შემთხვევების 90% მწეველია. გარდა მწეველობისა ფილტვის კიბოს გამომწვევი შეიძლება იყოს დაბინძურებული გარემო, მავნე ნივთიერებებთან, მაგალითად, აზბესტსა და სელენთან კონტაქტი. ასევე, არსებობს გარკვეული გენეტიკური ფაქტორებიც, თუმცა დღეს მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ფილტვის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზი ინტენსიური მწეველობაა.
როგორია დაავადების სიმპტომები?
ფილტვის კიბო ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ სიმსივნედ ითვლება, რადგან ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი გამოვლენა, როგორც წესი, დაგვიანებით მე-3 ან მე-4 სტადიაზე ხდება ხოლმე. ამ დროს დაავადების მკურნალობის შედეგები უკვე არადამაკმაყოფილებელია.
ზოგადად, ფილტვის კიბოს ადრეული სიმპტომები არის ხველა და სიცხე, რომელსაც პაციენტების დიდი ნაწილი თვითმკურნალობით უმკლავდება. მკურნალობის შედეგად სიმპტომები დროებით ქრება, თუმცა საბოლოოდ, დაავადების დროული გამოვლენა ვერ ხერხდება.
უკვე დაგვიანებულ ეტაპზე ფილტვის კიბოს სიმპტომებია ინტენსიური ხველა, სისხლიანი ნახველი, სისუსტე. იმის მიხედვით, თუ სად არის დაავადების მეტასტაზები გადასული, სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება აქვს დაავადებას. როგორც წესი, ფილტვის კიბო მეტასტაზებს თავის ტვინში აჩენს. ამ დროს ფიქსირდება მხედველობის გაორმაგება, ხელ-ფეხის პარეზი, თუმცა ამ დროს დაავადება უკვე ისეთ ეტაპზეა, რომ მკურნალობა მას სათანადოდ ვეღარ უმკლავდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფილტვის კიბო გეგმური სკრინინგი დროულად ჩატარდეს.
როგორ ხდება ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა?
ჩვენთან მოსულ პაციენტს ვუტარებთ დაბალდოზიან სკრინინგს კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით. ეს პროცედურა უსაფრთხოა დაბალი დასხივების გამო და ამავდროულად, ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია. კვლევის შედეგად ფილტვებში რაიმე ტიპის პათოლოგია თუ გამოვლინდა, უკვე სხვა გამოკვლევებს ვნიშნავთ.
დამატებითი გამოკვლევებია ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით და ბრონქოსკოპია. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, გვჭირდება დამატებითი კვლევები დაავადების ზოგადი გავრცელების სურათის დასადგენად. საბოლოო სურათის მიღების შემდეგ კონსილიუმის ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას, რა ტიპის მკურნალობა უნდა დავიწყოთ.
რა შემთხვევაშია ეფექტური ქირურგიული ჩარევა და როდის ინიშნება სხივური ან ქიმიოთერაპია?
როდესაც დაავადების გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ხდება, წამყვანი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა. მე-3 და მე-4 სტადიაზე უკვე სხივური ან ქიმიოთერაპია ინიშნება. კიბოს მკურნალობაში მომავლის მეთოდია ტარგეტული და იმუნოთერაპია, რომელიც ფეხს იკიდებს მსოფლიოშიც და საქართველოშიც.
რა ფაქტორებზეა დამოკიდებული მკურნალობის წარმატება?
სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირ შემთხვევაში მკურნალობის წარმატება პირდაპირპროპორციულია იმ სტადიისა, რომელზეც მკურნალობას ვიწყებთ. ადრეულად გამოვლენილი დაავადების მკურნალობის შედეგი წარმატებულია, დაგვიანებულ სტადიაზე კი უმეტეს შემთხვევაში პაციენტები დაავადების გამოვლენიდან 1 წლის განმავლობაში იღუპებიან. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და სკრინინგის გავლას.
რას გულისხმობს ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომელსაც „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სთავაზობს?
სკრინინგის გავლა 45 წლიდან 70 წლამდე პირებისთვის არის რეკომენდებული. ისინი უნდა იყვნენ დიდი ხნის მწეველები ან ჰქონდეთ პროფესიონალურ მავნებლობებთან ურთიერთობის ისტორია. წელიწადში ერთხელ მათ ვუტარებთ დაბალდოზიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მათი მდგომარეობის მონიტორინგს ვახდენთ. ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა ამ შესაძლებლობის შესახებ, რომ დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენის მაჩვენებელი გავზარდოთ, თუმცა ჩვენი და სხვა ცალკეული კლინიკების მცდელობა საკმარისი არ არის. საჭიროა ფილტვის კიბო სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში იყოს.
რა მომსახურების მიღება შეუძლიათ პაციენტებს უფასოდ ნოემბრის განმავლობაში?
ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვესთან დაკავშირებით 12 და 19 ნოემბერს პაციენტებს ჩემთან უფასო კონსულტაციაზე მოსვლა შეეძლებათ. მათი ჩაწერა კლინიკის ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდება. დიაგნოსტირებისთვის რადიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
სასურველია მოგვმართონ პაციენტებმა, ვინც რისკჯგუფში არიან ხანგრძლივი, ინტენსიური მწეველობის ან სხვა მიზეზის გამო.
R