ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე რუსეთში საპროდიუსერო ცენტრს დახურავს, ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. როგორც დეპარდიეს მეგობარმა და პროდიუსერმა არნო ფრილიმ განმარტა, დახურვის მიზეზი "სამუშაო პაუზაა." მისი თქმით, მომავალში ახალი ცენტრის გახსნა შესაძლებელია, თუ უფრო დიდი პროექტები ექნებათ.
"ეს სტრუქტურა შეიქმნა აუდიოვიზუალური პროექტების განვითარებისთვის. აქტივობის გარეშე ეს სისტემა გამოუსადეგარია, რადგან ის ხარჯებს მოითხოვს თუნდაც პაუზის დროს", - ამბობს ფრილი.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცენტრის დახურვა უკრაინაში მიმდინარე ომს არ უკავშირდება. კომპანია "PTs ZhD“ ("ჟერარ დეპარდიეს პროდიუსერული ცენტრი“) 2016 წელს დარეგისტრირდა.
ინფორმაციისთვის, 2013 წელს ჟერარ დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. მან საფრანგეთი დატოვა და მდიდრებისთვის დაწესებულ გადასახადებს აპროტესტებდა.
აღსანიშნავია, რომ დეპარდიემ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი იყო, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა გააპროტესტა და პუტინის ქმედებებს "უგუნური და დაუშვებელი" უწოდა. ფრანგი მსახიობი ამბობს, რომ რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი ხელისუფლების მიუღებელ ქმედებებზე.
დეპარდიე მხოლოდ განცხადებით არ შემოფარგლულა და ომში უკრაინელ მსხვერპლთა ოჯახებს ფინანსურად დაეხმარა.
საინტერესოა, რომ 2015 წელს დეპარდიე უკრაინამ შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა ხუთი წლით აუკრძალა. მიზეზი მისი გამონათქვამები გახდა, რომლებიც დამოუკიდებელ უკრაინას ეხებოდა. დეპარდიემ თავის დროზე თქვა: "მიყვარს რუსეთი და უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილია."