ელენე ფოჩხუა ძმის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ მისი ვერსიით, გიორგი ფოჩხუა მუქარის დროს შემოაკვდათ. როგორც მომღერალი განმარტავს, მკვლელობის დღეს სასტუმროში, სადაც გიორგი მეგობრებთან ერთად მივიდა, ასევე იმყოფებოდა ექსმაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, მეგობარ ქალთან ერთად.
ელენე ფოჩხუა ვარაუდობს, რომ სწორედ ექსმაღალჩინოსნის საიდუმლო ურთიერთობას ემსხვერპლა მისი ძმის სიცოცხლე.
"ჩვენ ამ საქმის არც მოწმე გვყავს არ გვაქვს ნივთმტკიცება, უბრალოდ ჩემი ვარაუდია ეს ყველაფერი. იმ დღეს გიორგი და მისი მეგობრები სასტუმროში უკანა შესასვლელიდან შევიდნენ, ახლობელმა შეიყვანა.
გიორგის ამ ახლობლისთვის უთქვამს, რომ დაგინახონ რამე საყვედური არ გითხრანო. მან უპასუხა, რომ კამერები არ მუშაობს დღეს და არ ინერვიულოთო. ვთვლი, რომ ის მაღალჩინოსანი ქალთან ერთად იმავე ბარში იმყოფებოდა, სადაც ესენი შემთხვევით მივიდნენ. ეს იყო მეგის ქარდავა, რომელიც მთელ სამეგრელოში უბედურებას სჩადიოდა. ჩემი აზრით, გიორგიმ ნახა ისინი ერთად და გიორგი უბრალოდ გაიყვანეს, რომ გაეფრთხილებინათ, რომ ეს რაც ნახა, არავისთვის ეთქვა. აქვე ვამბობ, რომ ეს მკვლელობა არ იყო არავის შეკვეთილი. გიორგის ფოტოაპარატი ეკიდა თან და ალბათ შეეშინდათ, რომ რამე არ გადაეღო, რის შემდეგაც გაიყვანეს და მოხდა, რაც მოხდა.
მათ არ უნდოდათ გიორგის მოკვლა. მათ უნდოდათ მუქარა, შეშინება და შემოაკვდათ. ეს არის ჯგუფური მკვლელობა. იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეზეა დაკავებული, შეტენეს ეს საქმე. ეს არის ჯგუფური დანაშაული. თვითონ სასამართლო პროცესიც ძალიან არადამაჯერებელი იყო. ისიც დადგმული იყო, ეს მკვლელი ვითომ დედამ აფხაზეთიდან რომ გადმოიყვანა და პოლიციას ჩააბარა" - ამბობს ელენე ფოჩხუა "სიცრუის დეტექტორში" საუბრისას.
ცნობისთვის, გიორგი ფოჩხუა 2012 წელს მოკლეს. განზრახ მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა ზუგდიდის კაფე-რესტორან "როიალ პალასის" დაცვის თანამშრომელი - ბექა ცობეხია დააკავეს. დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რომლის მოტივადაც ურთიერთშელაპარაკება დაასახელა.
ნახეთ ვიდეო: