"ქართული ოცნება" მთელ ამ პროცესში თავს იკატუნებს - თავს წარმოაჩენს ხან ყრუდ, ხან ბრმად, რომ ვერ კითხულობს კარგად რას წერენ, არ ესმის, რას ეუბნებიან, ამიტომ კიდევ ერთხელ გაუმეორა საგარეო კომიტეტმა" - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ანგარიშში ნათლადაა ნათქვამი, რა იგულისხმება ოლიგარქიულ მმართველობაში და რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
"ანგარიში, რომელიც სვენ მიქსერმა მოამზადა, შემდეგ რეზოლუციის საფუძველი გახდება, რომელზეც ევროპარლამენტი იმსჯელებს. ანგარიშში უთხრეს პირდაპირ: „თუ თქვენ არ გესმით, რა იგულისხმება ოლიგარქიულ მმართველობაში, ეს არის ოლიგარქიული მმართველობა, თუ თქვენ არ გესმით რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტა“ და კიდევ ერთხელ დაუმარცვლეს, რა არის ხელისშემშლელი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ადრინდელი პროპაგანდისტული ინსტურენტი, რომ ვიღაც ლობისტები ახერხებენ ამა თუ იმ შესწორებების შეტანას რეზოლუციაში, აღარ მუშაობს, რადგან რეზოლუცია სოციალისტური პარტიის ინიცირებულია, რომლის წევრიც თავად „ქართული ოცნებაა“.
„[რეზოლუცია] სოციალისტური პარტიის ინიცირებულია და თვითონ „ქართული ოცნება“ სოციალისტური ჯგუფის ნაწილია, შესაბამისად, ადრინდელი პროპაგანდისტული ინსტურმენტი, რომ ვიღაც ლობისტები ახერხებენ ამა თუ იმ შესწორებების შეტანას, ეს ახლა უკვე ვეღარ გავა. ვინც ანგარიში მოამზადა, არის ბატონო სვენ მიქსერი - „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელი და „ქართული ოცნება“ სოციალისტური ჯგუფის წევრია და პარტნიორი, შესაბამისად, მათივე პარტნიორებმა მოახდინეს ამ კრიტიკული შეფასების ინიცირება და შემდეგ მხარი დაუჭირეს მას. ამიტომ „ქართული ოცნების“ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს და შესაბამისად, მე როგორც ვნახე, ამ არგუმენტს მაინც და მაინც ვერ იყენებენ იმიტომ, რომ ოდნავ საფუძველიც არ არსებობს რაიმე ლობისტური მუშაობის, მათივე პარტნიორების მიერ არის მიღებული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.ბ
ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დეოლიგარქიზაციის კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანაგუნდელები „ოცნებისგან“ რეპრესიების ზრდას ელოდებიან.
„ჩვენ ვართ მზად რეპრესიების გაზრდისთვის „ქართული ოცნების“ მხრიდან. „ქართული ოცნება“ გაზრდის რეპრესიებს, პოლიტიკური ოპონენტების დევნის ახალ ტალღას დაიწყებს. ეს ძალა, რომელიც ძალაუფლებაშია, იმაზე კი არ ზრუნავს, რომ შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები, არამედ ცდილობს, გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, თორემ ვერც უკრაინული და ვერანაირი სხვა კანონი ვერ განსაზღვრავს იმას, რომ მე ან მამუკა ხაზარაძე თურმე ოლიგარქიულ რეესტრში უნდა ვიყოთ შეყვანილი, ეს არის პოლიტიკური დევნა.
"ქართული ოცნებისგან" შესაძლებელია ოპონენტების ციხეში გამომწყვდევა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის გამოყენება ოპონენტების რეპუტაციის შესალახად, ყველაფერი შესაძლებელია „ქართული ოცნებისგან“ და ამიტომ როცა ოპოზიციური პარტია ხარ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შენ უნდა იყო მზად, ნებისმიერი რეპრესიისთვის. ეს რეპრესიები უკვე სამი წელია მიმდინარეობს, მაგრამ ეს ვერ გაგვტეხს, რაც უფრო გაიზრდება რეპრესიები, მით უფრო გაიზრდება ჩვენი ძალისხმევა, რომ ქვეყანა დაადგეს დემოკრატიული განვითარების გზას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სახალხო დამცველის არჩევის წესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლელო“ მხარს მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კანდიდატებს დაუჭერს მხარს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კანდიდატებს და პირდაპირ თვალსაჩინოა, რატომ არ უჭერს „ქართული ოცნება“ არცერთ მათგან მხარს, ვინც სამოქალაქო სექტორმა წარმოადგინა, რადგან ისინი არ ექვემდებარებიან მათ დიქტატს და არ იმუშავებენ მათი გავლენის ქვეშ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.