ავტორი:

"ვაჟას ამოცანაა, დაზარალებულებთან მოლაპარაკება შედგეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია" - ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის ადვოკატი

"ვაჟას ამოცანაა, დაზარალებულებთან მოლაპარაკება შედგეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია" - ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის ადვოკატი

ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის, ძებნაში მყოფი ვაჟა მელაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მელაძის მთავარი ამოცანაა, დაზარალებულებთან მოლაპარაკება შედგეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. აღნიშნულის შესახებ კობაიძემ "მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მიმალვაში მყოფ მელაძეს მიაჩნია, რომ ის გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციური დაწესებულებიდან.

"ვაჟა მელაძის ერთადერთი ინტერესია, თუ რამე ფორმით აქვს დავალიანება კომპანიას, ეს ვალები გაისტუმროს, მაგრამ მთავარი მიზანია, ვაჟა მელაძემ ამ ურთიერთობაში საერთო ენა გამონახოს დაზარალებულებთან, რადგან დაზარალებული როგორც თქვენ, ასევე თავად ვაჟა მელაძეცაა. ის აპირებს აქტიურად ჩაერთოს სასამართლო განხილვებში, მედიასთანაც ღიაა და სურს, დაზარალებულებს დაუმტკიცოს, რომ არაფერ შუაშია ვაჟა მელაძე. მისი ამოცანაა, როგორმე დაზარალებულებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ მათ რეალური პრეტენზია არ ჰქონდეთ ვაჟა მელაძესთან და ასევე, მისი ამოცანაა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მას არანაირი დანაშაული არ მიუძღვის“, - აცხადებს ადვოკატი.

კობაიძის განმარტებით, ფინანსურ საკითხებს ვაჟა მელაძე არ განკარგავდა.

"ის აღნიშნავს, რომ გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციურ სამსახურში მოხვედრის შემთხვევაში. ასე გადაწყვიტა ამ ადამიანმა, ურჩევნია, გარედან ესაუბროს საზოგადოებას. ფინანსური საკითხები მისი პრეროგატივა არ იყო, არც ერთი ტრანზაქცია არ არსებობს, რომ მას ან დირექტორმა ჩაურიცხა ან სხვამ. ყველაფერი მიმართული იყო შპს-კენ, მხოლოდ შპს "მელაძეს“ ჰქონდა ურთიერთობები დაზარალებულებთან. მელაძის მიერ ხდებოდა აღნიშნული კომპანიის გაპიარება, პროდუქციას ის აკეთებდა, ბმა არის, მაგრამ სამართლებრივი არა. იმის გამო, რომ ერთი პირი აპიარებს რაღაც კონკრეტულს, ის დააკავო, სისხლის სამართლის კოდექსითაც გამორიცხულია“, - აცხადებს კობაიძე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. უწყების ცნობით, ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს.

ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.