ავტორი:

"თუ კი სხვას ჰყავს მეგობრები, რატომ არ ჰყავს ევროპარლამენტის რიგებში მეგობარი "ქართულ ოცნებას“? - რეზოლუცია შერბილებული ტონით, მაგრამ მაინც უმკაცრესი შეფასებებით

"თუ კი სხვას ჰყავს მეგობრები, რატომ არ ჰყავს ევროპარლამენტის რიგებში მეგობარი "ქართულ ოცნებას“? - რეზოლუცია შერბილებული ტონით, მაგრამ მაინც უმკაცრესი შეფასებებით

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დაამტკიცეს. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. რეზოლუციის ტექსტში მოხსენიებული არიან: ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

"ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს სისტემურად, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით მოაგვაროს პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა, განსაკუთრებით კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის”, - ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში. მანამდე გასაჯაროებული ვარიანტისგან განსხვავებით, რომელშიც ლაპარაკი იყო სანქცირებაზე, დღეს მიღებულ კომპრომისულ ვარიანტში აღარ გვხვდება სანქცირების მოთხოვნა.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ძირეული სასამართლო და საარჩევნო რეფორმებისკენ. ტექსტის თანახმად, დროულად უნდა დასრულდეს საარჩევნო რეფორმა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აღმოიფხვრას მანამდე გამოვლენილი ნაკლოვანებები.

ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის ("სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი") მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიში - "ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ“, საფუძვლად დაედება რეზოლუციას, რომელსაც, საბოლოოდ, ევროპარლამენტის სხდომაზე დაამტკიცებენ.

ექსპერტები აზრით, რეზოლუციის პროექტი შედარებით შერბილებულია, თუმცა თემები და პრობლემები იგივე რჩება.

საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე აფასებს რა რეზოლუციას, ამბობს, რომ არ ახსენდება მსგავსი კრიტიკული შეფასება, რომლის შინაარსი ასეთია - რაც ვერ გაიგეთ ივნისში, ამას უფრო გასაგებად აგიხსნით ახლა.

"ჩვენს ურთიერთობებში არ მახსენდება ასეთი კრიტიკული შეფასება და არც ის, რომ ოდესმე ჩვენ ასეთი საგანგაშო დონეზე ვყოფილიყავით, რაც ძალიან ცუდია. თუ შევხედავთ დინამიკას, როგორ მიდის ეს ყველაფერი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, უნდა ამოვიდეთ ეროვნული და ქვეყნის ინტერესიდან. მეორე - ამ რეზოლუციაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ვფიქრობ, წინასწარი განწყობები ყველა პოლიტიკოსმა იცოდა და ცუდი ისაა, რატომ არ კეთდება ყველაფერი საიმისოდ, რომ ვითარება განიმუხტოს და საქმე აქამდე არ მივიდეს? ამ რეზოლუციის შეფასებებში მოვისმინე ისევ იმ ტიპის განცხადებები, რომ ვიღაცა ვიღაცის მეგობარია და ამიტომ ჩაიწერა, რაც ჩაიწერა. ისევ და ისევ ვუბრუნდებით იმას, რომ ყველას შეიძლება ჰყავდეს ევროპარლამენტში მეგობარი, მაგრამ, როგორც წესი, ეს პირადი მეგობრობით არ არის ხოლმე ნაკარნახევი, განცხადებებში სხვა ინტერესებია და ჩნდება მთავარი კითხვა: თუ კი სხვას ჰყავს მეგობარი, რატომ არ ჰყავს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ევროპარლამენტის რიგებში მეგობარი "ქართულ ოცნებას“? სოციალისტებიც კი აღარ არიან მათ გვერდით.

ეს არის რეზოლუციის პროექტი, რომელიც გავიდა კომიტეტზე, მაგრამ მთავარი მოსმენა ევროპარლამენტში წინ არის. საბოლოო ჯამში, რა ფორმა ექნება ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ და რანაირად წავა პროცესები საქართველოში, რეალურად (და არა ის, რისი გაკეთების იმიტაციაც შეიქმნება) რა გაკეთდება 12 პუნქტიდან, რამდენად იქნება გათვალისწინებული ის შენიშვნები საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც არსებობს (და არა მხოლოდ ევროპარლამენტის მხრიდან) და რამდენად წარიმართება მუშაობა იმ ადამიანებთან, რომლებმაც კენჭი უნდა უყარონ ამ რეზოლუციას. ასე რომ, იმისათვის, რომ პრობლემები გამოვასწოროთ, დრო გვაქვს, მაგრამ არა - ბევრი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პროცესს ვაჩვენებთ საქართველოდან.

ჩვენ თუ ვიტყვით ისევ იმას, რომ ეს არის "ფარატინა ქაღალდი“ და ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, მაშინ სირტუაციას კიდევ უფრო დავამძიმებთ. თუ ისევე გავაგრძელებთ რიტორიკას, რომ ჩვენ ყველაფერში იდეალურები და ბრწყინვალეები ვართ და მათ რაღაცეები ეჩვენებათ, სიტუაციას ამითაც დავამძიმებთ. მაგრამ თუ რეალობას შევხედავთ თვალებში, ვაღიარებთ, რომ გვაქვს პრობლემები და გადავდგამთ ნაბიჯს პრობლემების გამოსწორებისაკენ, ვიმუშავებთ იმ ხალხთან, ვინც რეზოლუციის საბოლოო სახეს ხმა უნდა მისცეს, მაშინ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია. ჯერჯერობით, ემოციური განცხადებების მეტს ვერაფერს ვხედავთ. ეს არა მარტო გაკრიტიკებული პოზიციის დაცვის, იქითა მხარეზე თავდასხმის რეჟიმია. უნდა გვესმოდეს, ვის უნდა შევუტიოთ - რუსეთთან სტრატეგიული მოთმინება გქონდეს და მეგობრებთან ასეთი ემოციური განცხადებები აკეთო, რაღაცა არ ჯდება ლოგიკაში. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია სწორად გამოვავლინოთ სტრატეგიული მოთმინება სტრატეგიულ პარტნიორებთან და ერთხელ მაინც დავფიქრდეთ, რატომ არიან საქართველოს მეგობრები ასე განწყობილნი და რაშია ჩვენი შეცდომები. ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, არის რიტორიკა, რომ ჩვენ ყველაფერში მართლები ვყოფილვართ და ისინი ყველაფერში მტყუვნები, ასე საქმე წინ ვერ წავა. აქ ლაპარაკი იმაზე კი არა არის, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს, არამედ იმაზე, რომ, ეს დააზიანებს საქართველოს, რაც ყველაზე ცუდია. ამ რეზოლუციის შინაარსი ასეთია - რაც ვერ გაიგეთ ივნისში, ამას უფრო გასაგებად აგიხსნით ახლა“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

"პირველი რეზოლუცია იყო გარკვეული ჯგუფის მიერ შედგენილი პროექტი, მან განიცადა ცვლილებები და მივიღეთ ის რეზოლუცია, რაც გუშინ იყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ცვლილებები არის და იყო მოსალოდნელი მაშინ, როდესაც მეტნაკლებად ყველა მხარე ერთვება განხილვაში და ღებულობს გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან ცდილობენ, საბოლოოდ არ დაწვან ხიდები ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის, ამიტომ შერბილებული ვარიანტია, თუმცა მაინც დარჩა ამ რეზოლუციაში ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, რაც მანამდე იყო. როგორ გაითვალისწინებს ამას ხელისუფლება, ცალკე თემაა, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენი პარტნიორები აღფრთოვანებულები არ არიან იმ პოლიტიკური პროცესებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ისინი ცდილობენ და ბოლომდე ეცდებიან, თუ ოდნავ იმედი რჩება, რომ შეიძლება სადღაც ხელისუფლების პოლიტიკა შეიცვალოს, ეს პერსპექტივა შეინარჩუნონ. დღეს სამწუხაროდ, ისეთი რეალობა მივიღეთ, რომ ჩვენი პარტნიორები უფრო ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე დავდგეთ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. ამ რეალობას ასახავს ეს რეზოლუცია, ამიტომ პირდაპირ გამოსჭვივის ის ხისტი და რადიკალური დამოკიდებულებები, რაც ჰქონდა გარკვეული ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. ძველმა რეზოლუციამ განიცადა ცვლილებები, მახვილი კუთხეები მომრგვალდა, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული გახდა, თუმცა პრობლემები დარჩა პრობლემებად.

ადრეც ვამბობდი, რომ ხელისუფლება ინტენსიურად აკვირდება სააკაშვილის ჯანმრთელობას და თუ არ დადგა ფატალური შედეგის საფრთხე, უცხოეთში მისი გადაყვანის ნაბიჯს არ გადადგამს, მით უფრო, 2024 წლის არჩევნებამდე. გვარამიას რაც შეეხება, დიდია ალბათობაა, ის გათავისუფლდეს. მგონია, რომ გვარამია არის გაცვლითი კარტი - ორივეს გათავისუფლებას როცა ითხოვენ, აქედან ხელისუფლება ერთს დააკმაყოფილებს. გვარამიას დაპატიმრების მიზეზიც გაუგებარია და ახლა უფრო ჩანს, რატომ არის ის პატიმრობაში. საბოლოოდ, დიდი ალბათობით, პრეზიდენტი მას შეიწყალებს, ხოლო სააკაშვილი დარჩება იქ, სადაც არის.

ჩემი აზრით, "ქართული ოცნება“, 12-ვე კანონპროექტს სათაურების მიხედვით გააკეთებს, შინაარსის მიხედვით, რა თქმა უნდა - არა. ამას მოჰყვება ის, რომ დეკემბრიდან დაიწყება შეთანხმება-შეჯერების პროცესი, ვადა გვაქვს იმ წლის დეკემბრამდე. ამასობაში ისიც გაირკვევა, რა ვითარება იქნება უკრაინაში და ყველაფერი მერე გადანაწილდება. "ქართული ოცნება“ თუ დაინახავს, რომ რუსეთი უპირობოდ მარცხდება, მერწმუნეთ, სტრასბურგში ოპოზიციას ჩაასწრებს“, - გვეუბნება პოლიტოლოგი.