ავტორი:

"ვაჟა პოლიციაში სათანამშრომლოდ მივიდა, აპარატურა დაიმაგრა ტანზე, რათა გამოძალვის ფაქტი ჩაეწერა... და თხასავით "გაყიდეს“ - ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის ადვოკატი

"ვაჟა პოლიციაში სათანამშრომლოდ მივიდა, აპარატურა დაიმაგრა ტანზე, რათა გამოძალვის ფაქტი ჩაეწერა...  და თხასავით "გაყიდეს“ - ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის ადვოკატი

ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელი, რომელიც დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ძებნაშია, შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ მელაძის ადვოკატმა ზვიად გადელიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ძებნაში მყოფი პირი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის განმარტებით, მელაძე ქართულ საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას არ გეგმავს. უფრო მეტიც, მას თავშესაფრის მოთხოვნით რამდენიმე ქვეყნის საელჩოსთვის უკვე მიმართული აქვს.

"მელაძე თაღლითობას არ აღიარებს. პროკურატურა ბევრ საკითხს გვერდს უქცევს, დუმს ბევრ საკითხზე. ბუღალტრული წარმოების წესის დარღვევა არის და თანხის მითვისება-გაფლანგვის ეპიზოდებია. შესაძლებელია, აქ ვაჟას ბრალიც იყოს, შესაძლებელია, სხვა თანამშრომლების ბრალიც იყოს, მაგრამ საუბარია თანხის მითვისებაზე გარკვეული პირების მიერ, არა მარტო ვაჟას მიერ, ეს დასამტკიცებელი, გამოსაძიებელია, აქ არანაირი თაღლითობა არ ყოფილა. ჩვეულებრივი შპს იყო, რომელიც საქმიანობდა, უბრალოდ, რაღაც თანხა სალაროდან გაიფლანგა, ეს დანაშაულია, არანაკლებ მძიმე, მაგრამ გაფლანგვის შესწავლისას გამოჩნდება რაღაც-რაღაცები, რაც არ უნდათ. უფრო მარტივია თაღლითობაზე გასვლა“, - განაცხადა გადელიამ.

  • კითხვაზე, თუ სად იმყოფება ვაჟა მელაძე, ადვოკატი ასე პასუხობს: "როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მას საქართველოს ტერიტორია, რომელიც კონსტიტუციით დაფიქსირებულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, არ დაუტოვებია. ანუ მიხვდით, რასაც ვგულისხმობ“, - განაცხადა გადელიამ.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას, ადვოკატმა დადებითი პასუხი გასცა.

"ჩვენ თავშესაფრის მოთხოვნით მიმართული გვაქვს საფრანგეთის, ლიტვიის, აშშ-ს და კიდევ ბევრი ქვეყნის საელჩოებისთვის, გადაცემული გვაქვს სისხლის სამართლის საქმის მასალები, ასევე სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმის მასალები. სხვათა შორის, თქვენი საშუალებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სახალხო დამცველს, რადგან ლელა ქვილითაიას (ვაჟა მელაძის მეუღლე) მიმართ გადაადგილება უკანონოდ იყო შეზღუდული, რაშიც სახალხო დამცველის აპარატი დაგვეხმარა. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტიდან ცნობა გვქონდა, რომ მას არანაირი შეზღუდვა არ ერიცხებოდა, თუმცა, ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. მელაძის მეულე ახლა საბერძნეთშია, მაგრამ მიდის საფრანგეთში, რომ ჩაბარდეს. ლელა ქვილითაია ფირმის დამფუძნებელი იყო. გამოქვეყნებულია ამონაწერები, რომლის თანახმადაც, ლელა ქვილითაია არანაირ თანხას არ განკარგავდა“, - აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, აპირებს თუ არა, მელაძე სამართალდამცავებს ჩაბარდეს, გადელია ასე პასუხობს: "რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვაჟა მელაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სათანამშრომლოდ მივიდა, აპარატურა დაიმაგრა ტანზე და თხასავით "გაყიდეს“.

გადელია ასევე საუბრობს იმ ფაქტებზეც, რის გამოც, მელაძის კომპანიაში ფინანსური პრობლემები დაიწყო.

"პრობლემები 2021 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა, ვაჟა მელაძის ბავშვის ნათლიამ "ხალიკ ბანკის“ პოსტერმინალით რუსეთის "სბერ ბანკიდან“ რაღაც სახით თანხა მოიპარა და სხვა ანგარიშზე გადარიცხა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება და კომპანიაში ფინანსური პრობლემები დაიწყო. აღნიშნული პირის მიერ აღებული თანხა ბანკისათვის ასანაზღაურებელი იყო. როგორც ვაჟას, ასევე მის მეგობარს, ე.წ. კრიშები შეპირდნენ, რომ საქმეს პროკურატურაში "მოაგვარებდნენ“. ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების გამო, სალაროდან 100 000-ზე მეტი თანხის გატანა არათუ ავეჯის კომპანიას, სხვა დიდ კომპანიასაც შეაჯანჯღარებდა.

გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში "ფულის გათეთრებაზე“ დაიწყო, გარკვეულმა პირებმა მათ "კრიშობა“ შესთავაზეს და ეს პირი გირაოთი გათავისუფლდა. კომპანიაში უკვე სიძნლეები, თანხის უკმარისობა, კლიენტებისთვის შეკვეთის დაგვიანება დაიწყო. ისინი ახალი კლიენიტის თანხას ელოდებოდნენ ძველი შეკვეთის გასასტუმრებლად, რასაც კიდევ ერთი რამ დაემატა - "კეთილმოსურნის“ რჩევით, ვაჟამ გადაწყვიტა ამ "კრიშისგან“ თავის დაღწევის მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის მიემართა, გამოძიება დაწყებულია, რომ ვაჟას ფულს ძალავდნენ. მელაძე სპეციალური აპარატურით აღჭურვეს, რომ მას გამოძალვის ფაქტი ჩაეწერა და ეს პირები პასუხისგებაში მიეცათ. სინამდვილეში, ეს პირები უკვე მის ზარსაც აღარ პასუხობდნენ...

კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა მოწესრიგებული არ იყო, მასალებს ვეცნობი და თანამშრომლების უმეტესობას, ზოგს - ცოტა, ზოგს - მეტი თანხა მითვისებული აქვს. აღნიშნულის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არაერთხელ მივმართე, თუმცა, რეაგირება არ მომხდარა. თანამშრომლებმა კი განმიცხადეს, ყველას ხომ არ დაიჭერენ, ვაჟას მაინც იჭერენ და სხვებს თავი დაგვანებეო. ასე ხდება ერთ პიროვნებაზე ხელის შეწმენდა, რომ სხვები გარეთ დარჩნენ“, - განაცხადა გადელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია "მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა დღეს გამოაცხადა. უწყების ცნობით, ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს.

ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. განომოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

ასევე იხილეთ: