ნორვეგიის პრინცესა, მართა ლუიზა სამეფო მოვალეობებზე უარს ამბობს, რადგან სურს, საქმროსთან ერთად, ალტერნატიული მედიცინის ბიზნესით დაკავდეს. საინტერესოა, რომ პრინცესას საქმრო, დურეკ ვერეტი "თვითგამოცხადებული შამანია."
ნორვეგიის სამეფო ოჯახის განცხადების მიხედვით, პრინცესა თავის წოდებას შეინარჩუნებს, მაგრამ სამეფო ვალდებულებებს მოიხსნის, რათა “სამეფო და პირად ცხოვრებას შორის მკაფიო ხაზი გაავლოს."
მართა ლუიზას საქმრო, ამერიკელი დურეკ ვერეტი ალტერნატიული სამედიცინო პრაქტიკითაა დაინტერესებული და მისი შეხედულებები ნორვეგიაში საკამათო თემაა. ვერეტს ბოლო წლებში არაერთი დაუსაბუთებელი მოსაზრება გაუვრცელებია, მაგალითად ის ამბობს, რომ სიმსივნე არჩევანია. ვერეტი იმასაც ამტკიცებს, რომ მან გვინეტ პელტროუზე და მის შეხედულებებზე იქონია გავლენა.
დურეკი აფრო-ამერიკული წარმოშობისაა და თავს "მეექვსე თაობის შამანს უწოდებს“. ამტკიცებს, რომ მკვდრეთითაა აღმდგარი და მას აშშ-ის 11 სექტემბრის ტრაგედია 2 წლით ადრე ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები.
მიუხედავად დურეკის შეხედულებებისა, მეფე ჰარალდი მისით მოხიბლულია. ის ვერეტს აღწერს როგორც არაჩვეულებრივ კაცს, რომელთან ყოფნაც ძალიან სახალისოა: "ხუმარაა და ამ რთულ პერიოდშიც კი ბევრს ვიცინით. ვფიქრობ, ორივეს გვესმის ეს ცვლილება რას შეეხება და შევთანხმდით, რომ არ დავეთანხმოთ ერთმანეთს“, - უთხრა მეფე ჰარალდმა ნორვეგიელ რეპორტიორებს.
51 წლის პრინცესა წლების განმავლობაში იქცევდა ნორვეგიული პუბლიკის ყურადღებას ალტერნატიულ მკურნალობაში ჩართულობის გამო.
მან სკოლაც დააარსა, რომლის ფუნქციაც ის იყო, რომ ადამიანები "თავიანთ ანგელოზებთან დაეკავშირებინა“. პრინცესა მართა ლუიზას სამეფო ტიტულის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში სდებდნენ ბრალს.
2019 წელს დიდი კრიტიკა მოჰყვა მისი და შამანი ვერეტის ნიშნობის ამბავსაც, რადგან საზოგადოებაში მას მოიხსენიებენ როგორც შარლატანს და შეთქმულების თეორეტიკოსს.
თავად დურეკ ვერეტი ამბობს, რომ მის მიმართ კრიტიკა ხალხში არსებული რასიზმისგანაა გამოწვეული. თავს ალბერტ აინშტაინს და თომას ედისონს ადარებს, ამბობს, რომ მის მსგავსად ისინიც გენიოსები იყვნენ და ხალხი მათაც ვერ უგებდა.
ნორვეგიაში პრინცესასთან დაკავშირებით გამოკითხვაც ჩაატარეს და გამოკითხულთა მხოლოდ 13% მიიჩნევდა, რომ მართა ლუიზა სამეფო ოჯახს უნდა წარმოადგენდეს.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
რა აბია ასეთი? :)
რამდენი დაცენტრილია მსოფლიოში