გამომცემლობა „პალიტრა L“ და „წიგნების თარო“ დამეგობრდნენ. პარტნიორობის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება. პირველი საერთო აქტივობა კი „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში უკვე ჩატარდა. ეს გახლდათ საჯარო თამაში, რომელშიც უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
თანამშრომლობის მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ მიზნისთვის ორივე მხარე დამოუკიდებლად არაერთ პროექტს ახორციელებს, ერთობლივ პროექტებს კი უფრო მასშტაბური სახე ექნება.
„პალიტრა L-ის“ მიზანია, წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა და წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „ლიბერთინსი“ - შენი თაობის არჩევანი. ამ პროექტის ფარგლებში გამოვცემთ მსოფლიოში აღიარებულ წიგნებს, რომლებსაც თინეიჯერები დიდი ინტერესით კითხულობენ. თინეიჯერების ჯგუფთან ერთად ვკითხულობთ აღნიშნულ ლიტერატურას ორიგინალ ენაზე და შემდეგ მათი რჩევის გათვალისწინებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, გამოვცეთ თუ არა ესა თუ ის წიგნი. „წიგნების თაროსა“ და „ლიბერთინსელების“ დამეგობრება კიდევ უფრო მეტი და საინტერესო სიახლის მომტანი იქნება. მჯერა, რომ წიგნის მოყვარულ თინეიჯერებს საქართველოში ძალიან ბევრი მიმდევარი გამოუჩნდებათ,“ - აცხადებს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ დირექტორი თინა ასათიანი.
„როდესაც „წიგნების თაროზე“ მუშაობა დავიწყეთ, ჩვენი ამოცანა და ჩვენი ოცნებაც იყო, რომ მივწვდომოდით ყველა ბავშვს, ახალგაზრდას და გვეთქვა მათთვის, რომ წიგნების კითხვა არის კარგი და ისინი ამაში არ არიან მარტო, მათთვის მეტი მოტივაცია და მეტი ძალა მიგვეცა, რომ ეკითხათ და, რა თქმა უნდა, ეს ბავშვები საზოგადოებისთვის გაგვეცნო. ჩვენი და „პალიტრა L-ის“ ფილოსოფიები ერთმანეთს ჰგავს. გამომცემლობაც ცდილობს, ფართო მასებზე გავიდეს, წიგნები ჩაიტანოს ყველგან, ხმა მიაწვდინოს იმ აუდიტორიასაც, რომელიც ქვეყნის ყველაზე უფრო შორეულ წერტილებში ცხოვრობს. ამ ყველაფერს „პალიტრა L“ ძალიან კარგად ახერხებს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის პარალელურად, ის ახალგაზრდების რჩეულ წიგნებსაც გამოსცემს,“ - აცხადებს „წიგნების თაროს“ წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
გამომცემლობა „პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა მოძველებული საოჯახო ბიბლიოთეკა ახალი, მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, თვალი მიედევნებინა მსოფლიო ლიტერატურაში მიმდინარე ტენდენციებისთვის და მხარი დაეჭირა თანამედროვე ქართველი ავტორებისთვის.
„წიგნების თარო” ახალგაზრდული ლიტერატურული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. „წიგნების თაროს” სასკოლო სეზონში რჩეული 32 სკოლის გუნდი მონაწილეობს. თითოეულ გუნდში სამი, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლეა. სტუდენტურ სეზონში კი მთელი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო 16 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. თამაში სამი ეტაპისგან შედგება. პროექტის მონაწილეები წიგნებით, პლანშეტებით, ვაუჩერებით და სხვადასხვა პრიზით საჩუქრდებიან, პროექტის გამარჯვებული გუნდები კი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიემგზავრებიან.
#სცადე და იკითხე საუკეთესო
#იკითხე საუკეთესო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში
R