პარტნიორები:
    ავტორი:

    "ყველა დიაგნოზი კონფიდენციალურია. მდგომარეობა მძიმეა და ის სასწრაფო წესით საჭიროებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანას" - ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი სააკაშვილზე

    "ყველა დიაგნოზი კონფიდენციალურია. მდგომარეობა მძიმეა და ის სასწრაფო წესით საჭიროებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანას" - ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი სააკაშვილზე

    საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა "ვივამედში“ ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს კატონა შევიდა.

    უცხოელ ექსპერტთან ერთად ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე და ცენტრ "ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იმყოფება.

    ჯიშკარიანის განმარტებით, ცენტრ "ემპათიას“ მიერ დასკვნა 18 ნოემბერს გაიცემა, მაგრამ ეს საბოლოო დასკვნა არ იქნება, ვინაიდან ის უნდა ითარგმნოს, რის შემდეგაც უცხოელ ექსპერტებს გადაეცემათ.

    "ცენტრ "ემპათიას“ ექსპერტიზაში ბრიტანელი ექსპერტია ჩართული - კორნელიუს კატონა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადგილზე შესწავლა განხორციელდება, ეს ვიზიტი და ყველა საერთაშორისო ექსპერტის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეჯამდება ყველა ექსპერტის მოსაზრება, დასკვნა და შემდეგში დაიდება ცენტრ "ემპათიას" დასკვნა ქართულად, რომელიც ითარგმნება ინგლისურად და ყველა საერთაშორისო ექსპერტს წარედგინება. დასკვნა როცა მზად იქნება, წარედგინება ადვოკატებს, ეს კონფიდენციალური დოკუმენტია და გარკვეულ რეკომენდაციებს "ემპათია" პრესრელიზის სახით გაავრცელებს.

    ყველა დიაგნოზი საქართველოს კანონმდებლობიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, კონფიდენციალურია. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის სასწრაფო წესით საჭიროებს, როგორც დიაგნოსტირებისათვის, ასევე შემდეგი მკურნალობისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანას, ვინაიდან თვეების განმავლობაში ვერ ხერხდება როგორც სწორი დიაგნოსტირება, ისე მკურნალობა-რეაბილიტაცია“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.