საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებული ცვლილებები ხელისუფლებას "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებს.
ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.
"გმობს 2022 წლის 16 მაისს დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას გვარამიას განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.
"სინანულს გამოხატავს კრიტიკული მედიის, "მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, ტელეკომპანია "ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია "პირველის“, ვახტანგ წერეთლის დევნის გამო, ასევე ცილისწამებისთვის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანის, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების პრაქტიკის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“, - აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე ევროპარლამენტარმა ცვლილებები მოამზადა.