ავტორი:

"მოგიწოდებთ, გამოიყენოთ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილება, რათა ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდეს" - 12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

"მოგიწოდებთ, გამოიყენოთ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილება, რათა ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდეს" - 12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

12 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარების წერილშია აღნიშნული, რომელიც მათ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნეს.

როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველო მრავალი წელია ევროინტეგრაციის გზაზე დგას.

"ეს გზა იოლი არ არის, მაგრამ მას მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის რეკომენდაციით და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა გაიხსნა. ისტორიული შესაძლებლობა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მიენიჭა იმ უზარმაზარი მსხვერპლის გამო, რომელსაც უკრაინა იღებს, რათა დაიცვას ღირებულებები, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.

ჩვენ, ევროპარლამენტში, საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები, დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი შესაძლებლობა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს და ყველა შესაძლო ძალისხმევა იქნას გაწეული, რათა საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

სამწუხაროდ, საქართველო ფართოდ აღიქმება, ქვეყნად, სადაც შესაძლებელია არსებული ხელისუფლების მიმართ კრიტიკული საზოგადო მოღვაწეების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი შეუთავსებელია, ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსთან.

ევროპარლამენტმა დაგმო ტელეკომპანია "მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საეჭვო განაჩენი, ფულის გათეთრებასთან, ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმებოდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ხმის ჩახშობა. თუმცა 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს საქმე ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას, ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და ხელს უწყობს პოლარიზაციას.

ამიტომ მოგმართავთ მოწოდებით, განიხილოთ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, რათა ბატონი გვარამია გათავისუფლდეს ციხიდან. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ საქართველოს ევროინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანთან დაახლოების კუთხით ლიდერობას აიღებთ“, - აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს აწერენ: რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი, ჯოზას ოლეკასი, მირიამ ლექსმანი, დეის მელბარდე, ანა ფოტიგა, ბერნადრ გუეტა, ანდრეი კოვაჩევი, აუშრა მალდეიკიენე, პიტერ პოლაკი, კარლო ფიდანზა და რაფაელ გლუკსმანი.