ბოლო დროს სოციალურ ქსელში და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა არაერთი ინფორმაცია ბავშვებზე ძალადობის, იძულების, მუქარის თუ გატაცების მცდელობის თაობაზე. ბუნებრივია, ამას საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა. მოქალაქეები მოითხოვენ, სამართალდამცავებმა ოპერატიულად გამოიძიონ ყველა ასეთი შემთხვევა. როგორც ჩანს, შეშფოთების საფუძველიც ნამდვილად არსებობს, რადგან რამდენიმე საქმეს უკვე მიეცა მსვლელობა და რამდენიმე პირი სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს კიდეც.
ვარკეთილში მომხდარი ფაქტის დეტალებს თავად ბავშვების დედა გვიამბობს.
ეველინა ჩოხელი:
- იმ დღეს სამსახურიდან სახლში გვიან დავბრუნდი. შვილებისგან შევიტყვე, რომ გზაში მათ ვიღაც მამაკაცი აედევნა. ვიფიქრე, მათი შეფასება გადაჭარბებული იყო, რადგან სწორედ იმ დღეს გაჟღერდა წეროვანში მომხდარი მსგავსი ამბავი და მეგონა, ეს მოისმინეს საინფორმაციო საშუალებით, ხოლო რაც მიამბეს, მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო. შემდეგ მეუღლემაც მითხრა: რომ არ მივაკითხე ბავშვებს, ხედავ, რა დაემართათო? ვიფიქრე ისიც სუბიექტური იყო და ამ ნათქვამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. სიმართლე გითხრათ, მსგავსი ამბავი საინფორმაციო საშუალებებით რომ ვრცელდებოდა, წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ეს პარასკევს საღამოს მოხდა. მეორე დილით შევდივარ სოციალურ ქსელში და ანალოგიურ ამბავს ვკითხულობ, უკვე მესამე პირის მიერ მოთხრობილს. ზუსტად იმას ჰყვება, რაც ჩემმა შვილებმა მიამბეს. წინა ღამით მეუღლემ დამიმალა, რომ იმ გოგონას ესაუბრა, რომელმაც ჩემი შვილები სახლამდე მოაცილა. ერთი ერთში ჯდებოდა ბავშვების მონათხრობი გოგონას დაწერილთან. მეუღლე პოლიციაში მუშაობს, იმ ღამით მორიგე იყო, მეორე დღეს რომ მოვიდა სახლში, ვუთხარი, აუცილებლად წავიდეთ პოლიციაში და განცხადება დავწეროთ-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, რადგან წინადღეს ასეთი მძაფრი რეაქცია არ მქონდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ სიმართლე არ მეგონა. იმ გოგონას ველაპარაკე, პირადადაც მიამბო ყველაფერი. ისიც მითხრა, იმ კაცის აღწერილობაც კი მახსოვს და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ეს ამბავი უყურადღებოდ არ დატოვოთო. თხოვნაც არ მინდოდა, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, ვერ ვიტან უსამართლობას. ამის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, არასრულწლოვანთა განყოფილებაში დაგვიბარეს. ბავშვები 4-5 საათის განმავლობაში იკითხებოდნენ, ჩვენც დაგვკითხეს. კამერების ჩანაწერების ამოღებაც მიდის, კამერები მიმდებარედაც უხვად არის, მათ შორის, ავტობუსის კამერის ჩანაწერია ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის მამაკაცი მერე იმ ავტობუსში ასვლას ცდილობდა, სადაც ჩემი შვილები ავიდნენ. იქიდან მოქალაქეებმა ჩააგდეს. ახლა მოწმეების დაკითხვაა საჭირო, მარტო ჩვენი ჩვენებები ბევრს არაფერს წყვეტს; გამოძიება ვერ დაიწყება კონკრეტული მუხლით, სანამ მოწმეები არ დაიკითხებიან. მოწმეთა ჩვენებით პიროვნების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს.
- რა გიამბეს შვილებმა?
- 4 შვილის დედა ვარ. 12 წლის რომელიც არის, იმას მოჰყავდა 6 წლის პატარა. ცეკვიდან ბრუნდებოდნენ. ეს ადამიანი ბავშვებთან კომუნიკაციაში მეტროში, მატარებლის ვაგონში ყოფნისას შევიდა. მათ ჯერ დაჟინებით უყურებდა, რამაც ჩემი პატარა შეაშინა, ნერვიულობისგან ნერწყვი გადასცდა და ხველა აუვარდა. ძმამ წყალი მიაწოდა. ამის შემდეგ კაცი მივიდა ბავშვთან, შეეხო და თვალის გუგების შემოწმება დაუწყო. ჩემს უფროს ბიჭს უთხრა, - ეს ბავშვი ექიმთან არის წასაყვანი და უნდა წავიყვანოო. ბავშვმა უპასუხა, რომ არ საჭიროებდნენ ექიმს. დედა ექიმია და ის მიხედავს. მამაკაცმა ამ დროს თქვა: არ ესმის ამ ბავშვს, რადგან პატარააო და ცდილობდა, უმცროსი ბავშვი ძმისთვის ჩამოეშორებინა. უფროსმა ამ დროს ხელი ჰკრა: წადი, ნუ გვაწუხებო, ეძიძგილავებოდა. ამის შემდეგ ვაგონში მყოფი ორი მამაკაცი მას ეუბნება: ბავშვებს ნუ აწუხებ, შენს ადგილას დაჯექიო. წაიკითხეთ სტატია სრულად