ავტორი:

''ნიკორამ'' კიდევ ორ საჯარო სკოლას პერსონალური კომპიუტერები და სხვა საჭირო ნივთები გადასცა

''ნიკორამ'' კიდევ ორ საჯარო სკოლას პერსონალური კომპიუტერები და სხვა საჭირო ნივთები გადასცა

„ნიკორა“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლებასა და ახალგაზრდა თაობაზე ზრუნავს აგრძელებს. კომპანია კიდევ ორი რეგიონის სკოლას ესტუმრა და პერსონალური კომპიუტერები, ახალი საკითხავი ლიტერატურა და მოსწავლეებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთი გადასცა.

რაჭა-ლეჩხუმს, კერძოდ სოფელ წესის საჯარო სკოლას „ნიკორა“ 25 ოქტომბერს ესტუმრა. როგორც სკოლის დირექტორი, რუსუდან რეხვიაშვილი იხსენებს, მოსწავლეებს, რომელთა ნაწილიც სოციალურად დაუცველია, ყოველდღიურ სასწავლო პროცესში სჭირდებოდათ ის ნივთები, რომლებიც კომპანიამ გადასცა და ეს მათს მოტივაციაზე დადებითად აისახება. მისივე თქმით, „ნიკორას“ წარმომადგენლების გამოჩენას ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ და მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა ჰქონდათ.

„კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთან ხელდამშვენებულები მოვიდნენ, იმდენად, რომ ძალიან გაგვაოცეს. ჩვენს სკოლაში მხოლოდ საბაზო საფეხურია, ანუ სულ 16 ბავშვი გვყავს, რომელთა უმეტესობა სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია და ყველაფერი, რაც კომპანიამ გადმოგვცა, ძალიან სჭირდებოდათ. მათ ყველა ბავშვისთვის მოიტანეს საკანცელარიო ნივთები და ასევე „ნიკორას“ წარმოების საკვები პროდუქტებიც.

ამას გარდა, ძალიან სერიოზული საჩუქარი გაუკეთეს თვითონ სკოლას: ჩამოგვიტანეს ათობით წიგნი, რომლებიც სხვადასხვა ასაკის ბავშვზეა გათვლილი, მოსწავლის ბიბლიოთეკის სრული კომპლექტი. ამასთან, გადმოგვცეს პერსონალური კომპიუტერებიც. ზოგადად, ჩვენ სამინისტროსგან სერიოზულ მხარდაჭერას ვიღებთ და პერიოდულად ტექნიკასაც გვაწვდიან, თუმცა „ნიკორასგან“ ეს იყო სერიოზული ჟესტი, რომელიც ბევრ პრობლემას დაგვილაგებს სკოლაში,“ - აღნიშნა წესის სკოლის დირექტორმა რუსუდან რეხვიაშვილმა.

„ნიკორა“ ასევე ესტუმრა მცხეთა-თიანეთს და სოფელ ჟებოტას საჯარო სკოლას სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები, ტექნიკა და ლიტერატურა გადასცა.

სკოლის დირექტორ ინეზა ციხიშვილის თქმით, მოსწავლეებისთვის დიდი ბედნიერება იყო „ნიკორას“ სტუმრობა და საჭირო სასკოლო ნივთების მიღება. როგორც მან აღნიშნა, კერძო კომპანიის მხრიდან ასეთი ინიციატივის გამოჩენა ორმაგად მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სოფელს მაღალმთიანის სტატუსი აქვს მინიჭებული:

„ძალიან ბედნიერები ვართ ჩვენ მასწავლებლებიც და ბავშვებიც. ძალიან ამაღელვებელი დღე იყო, არ ვართ ჩვენ განებივრებულები ასეთი რაღაცებით და აღარ ვიცოდი, როგორ გამომეხატა მადლიერება... საერთო ფოტოებიც გადავიღეთ, ბევრი ბედნიერი სახე იყო...

საჩუქრები, რომლებიც „ნიკორამ“ გადმოგვცა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან მთის სკოლა ვართ. ტექნიკა კი გვაქვს, მაგრამ ის ხშირად საჭიროებს განახლებას. ახალი კომპიუტერები უფრო კარგად მუშაობს და ბევრი პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარება. ეს პროცესი გადამდებია, ძალიან კარგი და სასიამოვნოა, დადებით ემოციებს იწვევს, ეჩვევიან ბავშვები ასეთ ქველმოქმედებას და მომავალში, როცა თავად გახდებიან ბიზნესმენები, ექნებათ სხვადასხვა პროფესია, იმავენაირად მოექცევიან თავის სოფელს და თავის ქვეყანას,“ - განაცხადა სოფელ ჟებოტას სკოლის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ „ნიკორამ“ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა საჩუქრები უკვე გადასცა გურიაში სოფელ ზოტისა და იმერეთში სოფელ ვახანის საჯარო სკოლებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სკოლების დასაჩუქრება სამომავლოდაც გაგრძელდება.

განათლების დახმარება და დაფინანსება „ნიკორას“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კვების პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია ახალგაზრდა თაობას ეხმარება. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების 4-4 სტუდენტი მეოთხე წელია, „ნიკორას“ სახელობის ყოველთვიურ სტიპენდიას იღებს. სტიპენდიატების გამოვლენა სემესტრულად ხდება გასული სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით. ამჯერად კი კომპანიამ პროექტის მასშტაბი გააფართოვა და სკოლების დახმარება დაიწყო.

NS