ავტორი:

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

"მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ითხოვდნენ, პროკურატურა კი, ყველა ეპიზოდში როგორც ნიკა გვარამიას, ასევე ზურაბ იაშვილის დამნაშავედ ცნობას მოითხოვდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.

გენერალურმა პროკურატურამ "რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს 2020 წლის 6 სექტემბერს, წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული