BBC რუსეთის მოქალაქის, 27 წლის პეტერბურგელის კირილ ბერეზინის ისტორიას გვიყვება, რომელიც მობილიზებული იყო უკრაინის საზღვართან, მაგრამ უარი თქვა ხელში ავტომატის აღებაზე. მოგვიანებით კი, ფიზიკური ძალადობის მუქარის გამო პეტერბურგში გაიქცა. ის საგამოძიებო კომიტეტს ჩაჰბარდა, სადაც განაცხადა, რომ შტაბის უფროსი ანატოლი სმერდოვი მოკვლით დაემუქრა. ახალგაზრდამ შტაბიდან გაქცევის შემდეგ ბელგოროდის მახლობლად, ფრონტის ხაზის სოფელში ტაქსი გააჩერა და სთხოვა პეტერბურგამდე მიეყვანა.
ბერეზინი ადრე ჯარში მსახურობდა. სამხედრო სამსახურის დროს ის მეტყვიამფრქვევე იყო, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე რეალურად სროლას და ადამიანების დახოცვას მოსთხოვდნენ. "ომს მოაქვს ნგრევა და ამით არაფერი იქმნება“, - ამბობს პაცეფისტი ახალგაზრდა.
როდესაც გაწვევის ოფისში გამოიძახეს, ლაპარაკი სურდა, მაგრამ არავინ მოუსმინა. შენობაში შესვლისთანავე პოლიციელები დახვდნენ, კარი ჩაუკეტეს და აღარ გაუშვეს. შემდეგ პასპორტი და სამხედრო პირადობის მოწმობა წაართვეს. ცოტა ხანში კი ავტობუსში ჩასვეს და ვიბორგის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს. იქ შეკრიბილი პირები პირველივე დღიდან მკვლელობებზე და მოკვეთილ კიდურებზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისინი ასევე ცდილობდნენ "კარგზეც“ ესაუბრათ, მაგალითად, თუ რამდენ ფულს მიიღებდნენ მტრის განადგურებისთვის.
138-ე მოტომსროლელი ბრიგადა ამ სამხედრო ნაწილში იყო განთავსებული. იგი ცნობილია წვევამდელთა თვითმკვლელობებისა და გაქცევის ხშირი შემთხვევებით. 2022 წლის თებერვალში, ბრიგადა საბრძოლველად უკრაინაში გაგზავნეს. მარტის ბოლოს ხარკოვის მახლობლად მდებარე სოფელთან, უკრაინის მხარემ ალყაში მოაქცია და გაანადგურა. ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცის დედამ სოციალურ ქსელში შტაბის უფროსს ანატოლი სმერდოვს მკვლელი უწოდა, რომელიც პირდაპირ ჯოჯოხეთში გზავნის ახალგაზრდებს.
ეს ისტორია ბერეზინმა არ იცოდა. მისი თქმით, მობილიზებულებს სამედიცინო შემოწმება გავლილი არ ჰქონდათ და როდესაც მეოთხე დღეს პოლიგონზე გაიყვანეს და ხელში ავტომატი მისცეს, სათვალის გარეშე სამიზნეს ვერ ხედავდა. ამის მიუხედავად, მეორე დღეს ყველას იარაღი გადასცეს და ფრონტზე წაიყვანეს.
კირილი ფრონტზე 5 ოქტომბერს უნდა გაეგზავნათ. მაგრამ მან უარი თქვა ცეცხლსასროლი იარაღის, ხელყუმბარების და პრომედოლის (ნარკოტიკული ანალგეტიკი, რომელიც გამოიყენება დაჭრილ ჯარისკაცში ტკივილის შოკის თავიდან ასაცილებლად - BBC) მიღებაზე.
მას შემდეგ, რაც ბერეზინმა იარაღი ჩააბარა, იგი შტაბის უფროსთან, სმერდოვთან დაიბარეს, რომელმაც თავიდან ახალგაზრდა ციხით შეაშინა:
"ამბობდა, რომ, 15 წლით წავალ ციხეში, რაზეც ვუპასუხე, რომ ამას სასამართლო გადაწყვეტდა. მზად ვიყავი ამ რისკზე წავსულიყავი. მერე სმერდოვი სხვა რიტორიაზე გადავიდა. მემუქრებოდა მუშტის კბილებში ჩარტყმით, მითხრა, - რატომ უნდა მოკვდნენ ნორმალური ბიჭები, მაგრამ შენ, ლეშმა, უნდა იცოცხლოო”, - ყვება ახალგაზრდა.
ბერეზინმა მუქარა სერიოზულად მიიღო, სმერდოვს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. კირილი ამბობს, რომ შტაბის ოფიცრები შეესწრნენ მის საუბარს სმერდოვთან, მაგრამ იცის, რომ ისინი მოწმედ არ გამოდგებიან, რადგან "ის ისე უყვირის თავის ოფიცრებს, თითქოს წვევამდელები იყვნენ".
15 ოქტომბერს ერთ-ერთ მეზობელ პოლიგონზე სამხედროებს შორის სროლა მოხდა. დაიღუპა 11 და დაიჭრა 15 ადამიანი. თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. კირილის თქმით, ამის შემდეგ ბანაკში სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი რჩებოდა. სმერდოვი კირილს მუდმივად ემუქრებოდა და ამცირებდა...
20 ოქტომბერს, "სმერდოვი დამპირდა, რომ საბრძოლო ზონაში გამგზავნიდა, ვუპასუხე, რომ ვიდრე ჩემი საქმის განხილვა მიმდინარეობდა, ვერსად გამიშვებდა, მითხრა, რომ თავზე კონდახს დამამტვრევდა" - ყვება ახალგაზრდა.
25 ოქტომბერს მობილიზებულებს აცნობეს, რომ დანაყოფი უნდა გადაადგილებულიყო. "არ მინდოდა წასვლა იმ კაცის ხელმძღვანელობით, რომელიც მემუქრებოდა - ეს საშიში იყო“, - ამბობს ბერეზინი.
კირილმა მეგობარ ქალს - მარინას დაურეკა, მას პანიკური შეტევა ჰქონდა, ყვიროდა: "ნახვამდის! ბებიას გაუფრთხილდი, არ დაგავიწყდეს, გთხოვ!“
ცოტა ხანში კირილმა ისევ დარეკა, რომ კარგად იყო. ქალმა იფიქრა, რომ მისი მეგობარი სიტუაციას შეეგუა და უკრაინაში გადაჰყავდათ. მეორე დილით კირილი სანქტ-პეტერბურგში მისი სახლის კართან იდგა...
მარინამ ადვოკატს დაურეკა და იმავე საღამოს მივიდნენ საგამოძიებო კომიტეტში, კირილი ჩაბარდა. ბერეზინმა მოითხოვა სმერდოვის პასუხისგებაში მიცემა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (119, 285 და 286) - მკვლელობის მუქარის, უფლებამოსილების გადამეტებისა და ღირსების შელახვის...
გამომძიებელმა კირილი უკან აღარ გაუშვა და სანქტ-პეტერბურგში, ვასილიევსკის კუნძულზე მდებარე სამხედრო ნაწილში შემოწმებისა და წინასწარი გამოძიებისთვის გაგზავნა ...
"ბერეზინი უარს არ ამბობს სამსახურზე, ის მზად არის იყოს მზარეული, მაგრამ არ სურს იარაღის ხელში აღება და ადამიანებისთვის ზიანის მიყენება და მოკვლა..." - ამბობს ადვოკატი.