გია ბურჯანაძე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა კითხვებს“ სტუმრობდა. მსახიობმა თავისი ცხოვრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც 2011 წლის 26 მაისს დააკავეს და ციხეში სამი დღის გატარება მოუწია. მსახიობი იმ დღეს თბილისში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.
გია ბურჯანაძე:
"ორჯერ დამიჭირეს, სამი დღე ციხეშიც ვიჯექი. 26 მაისი იყო, იმ დღეს ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ და ეს გახსნა მე უნდა წამეყვანა. კოსტიუმი მეცვა, ჰალსტუხი მეკეთა, პატრიარქის ნაჩუქარი პალტო მეცვა. ამავე დღეს პენიტენციურ სამსახურთან მიტინგი იმართებოდა, პატიმრების თემაზე, რომელთაც საშინლად ექცეოდნენ. იქ მივედი და უბრალოდ, ვიდექი, სიტყვითაც არ გამოვსულვარ.
მომვარდა 12 პოლიციელი და ჰაერში ამწიეს. ვამბობდი, ამ პალტოს არაფერი უქნათ-მეთქი. მაშინ იყო, რომ გამასამართლეს. საკანში ყოფნისას სტრესისგან დაავადება დამემართა, არ იკურნება ეს დაავადება... კანში მელანინი იკარგება, რაღაც ნაწილი მუქდება და რაღაც სულ თეთრი რჩება...
სამარტოო საკანში ვიყავი, მომიკაკუნეს, - შემოვიყვანთ თქვენიანები არიანო. კი არ შემოიყვანეს, ოთხი ადამიანი დაალაგეს. ახალგაზრდები იყვნენ, მოვლა დავუწყე. ერთს ვუყურებ და ძალიან მეცნობი-თქო და ჩემი მეზობელი ნიკო აღმოჩნდა, რომელიც ერთი სართულით ზევით ცხოვრობდა და ყოველდღე ვხვდებოდი. ისეთი ნაცემი იყო, რომ ვერ ვიცანი".