"დიდი სიფრთხილით ვძერწავ ჩემს პერსონაჟებს და თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს!" - გვითხრა ათასობით მაყურებლისთვის საყვარელმა მსახიობმა - ქეთი ჩხეიძემ, რომელსაც მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვესაუბრეთ:
- ძალიან პატარა ვიყავი, როცა თეატრის ჯადოსნურ სამყაროს ვეზიარე და მივხვდი, რომ მსახიობობა ჩემი ბედისწერა იყო. თელავში ვიზრდებოდი, თეატრი ჩვენს სახლთან ახლოს იყო და ეს სამყარო ჩემს ცხოვრებაში თავიდანვე შემოვიდა: მამაჩემი, თამაზ ჩხეიძე, ექიმი იყო, მაგრამ თეატრი ძალიან უყვარდა. ამიტომ, ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდნენ თელავის თეატრის მსახიობები. სპეტაკლებზე მეც ხშირად დავდიოდი და გაფაციცებით ვაკვირდებოდი ყველაფერს, რაც სცენაზე ხდებოდა. როცა წამოვიზარდე, სულ თეატრში ყოფნა მინდოდა, სტუდენტობისას, მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩემი სახლის წინ იყო და ერთ სპექტაკლს არ ვტოვებდი, რომ არ მენახა.
- მშობლებს თუ უნდოდათ თქვენი მსახიობობა?
- მამაჩემი თეატრალი იყო და იცოდა, რა სირთულეები ახლავს ამ პროფესიას, ამიტომ, თავიდან წინააღმდეგი იყო. ბოლოს, მიხვდა, რომ არ დავიშლიდი და ხელი აღარ შეუშლია, ხოლო დედამ, ნანა ჟორდანიამ, ყველანაირად ხელი შემიწყო, რომ ამ გზაზე არსებული დაბრკოლებები გადამელახა.
- რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება მსახიობის პროფესიაში?
- ყველა პროფესია თავისებურად რთულია, ყველა მოითხოვს გარკვეულ მსხვერპლს და თავდადებას, მაგრამ ჩვენს პროფესიაში ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, მოსწონხარ თუ არა საზოგადოებას, მოსწონხარ თუ არა რეჟისორს, შენ აგირჩევენ თუ სხვას - მოკლედ, ბევრ რამეზე ხარ დამოკიდებული. კარიერის დასაწყისში გგონია, რომ შენ იქნები ის, ვისაც აირჩევენ. მერე კი, შეიძლება ჩავარდნა გქონდეს, ან დაგიწუნონ. რთულია, როდესაც კასტინგზე მიდიხარ და გეუბნებიან: უკაცრავად, მაგრამ თქვენ, არა, ამ როლზე სხვა ავირჩიეთო... ეს არის მსახიობის პროფესია და თუ შეძლებ, ამგვარი ცხოვრებით იცხოვრო, თუ მოახერხებ, ამბიციები მოთოკო, მაშინ შეძლებ, ამ პროფესიაში დარჩე. მსახიობს ხშირად აფასებენ თავის, ან ცხვირის ფორმით, ხელის სიგრძით, ან ხმის ტემბრით... ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს რთულია! ძლიერი ადამიანები ამას იტანენ, უძლებენ, ცხოვრებას აგრძელებენ და თავს არ კარგავენ.
- რომელია თქვენი საყვარელი თეატრი, სადაც თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში?
- ყველა თეატრი მიყვარს, სადაც მითამაშია, თუმცა, ახალგაზრდობის შთაბეჭდილებები მაინც სხვაა: 20 წლის ვიყავი, როცა რუსთაველის თეატრში მივედი, სადაც ახალგაზრდული დასი შეიქმნა გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით. მაშინ, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თავს მართლა ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში: შვილები შემეძინა და ძალიან გამიმართლა, რომ ოჯახის წევრები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. ისეთ ოჯახში მოვხვდი, სადაც ყველა თან მყვებოდა და შვილების აღზრდაში მეხმარეობდა. ჩემი საფიქრალი მხოლოდ ის იყო, როგორ მემუშავა და რეპეტიციებზე მომზადებული მივსულიყავი. სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც სულ ხელს მიწყობდა, რომ წარმატებული ვყოფილიყავი.
- საყვარელი როლი თუ გაქვთ?
- ძნელია, საკუთარი როლების ერთმანეთისაგან გარჩევა, მაგრამ პანდემიამდე მარჯანიშვილის თეატრში ვითამაშე სპექტაკლში - "თეთრი იასამანი". მისი სცენარი დედაჩემს - ნანა ჟორდანიას ეკუთვნის. ეს სპექტაკლი ჩემი ოჯახის ისტორიაა 1930-იან წლებში, ის მოგვითხრობს საბჭოთა რეპრესიებზე, რომელიც დედაჩემის ოჯახსაც შეეხო. მე საკუთარი ბებიის როლი ვითამაშე, რომელმაც გამზარდა. საკმაოდ დრამატული სპექტაკლია და ჩემი როლი ისევე, როგორც ეს სპექტაკლი, ძალიან შემიყვარდა. მერე პანდემია დაიწყო და "თეთრი იასამანი" პროგრამიდან მოხსნეს. ამ სეპტაკლზე დღესაც გული მწყდება, ჩემი როლიც ძალიან მენატრება!
- ხშირად, მსახიობი არაერთ სერიოზულ როლს შეასრულებს და მერე, სერიალში შესრულებული როლით ხდება პოპულარული - თქვენს ცხოვრებაშიც ასე მოხდა?
- დიახ, ასეა. ჩვენ მსახიობები ვართ და ამას უნდა შევეგუოთ. პოპულარობა მეც სერიალებმა მომიტანა: ჯერ იყო "ყავა და ლუდი", მერე - "შუა ქალაქი", ბოლოს - "ჩემი ცოლის დაქალები", სადაც პატარა ეპიზოდში უნდა მეთამაშა, მაგრამ ერთ პატარა ეპიზოდს მერე უფრო დიდი ეპიზოდები მოჰყვა. ნუნუკას როლს რამდენიმე სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის როლს მნიშვნელობა არა აქვს, თითოეულ პერსონაჟზე ერთნაირი სიფრთხილით ვმუშაობ და ყველა დეტალზე ბევრს ვფიქრობ. მე მგონი, ყველა პროფესიონალი მსახიობი ასე იქცევა.
- კომედიური როლები უფრო "თქვენია" თუ დრამატული?
- მე მსახიობი ვარ და ვიცი, რომ დრამატული როლებიც უნდა შევასრულო და კომიკურიც. ბოლოს, მაყურებელი აფასებს, სად უფრო კარგად ითამაშე. ოღონდ, ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: როცა სულ კომედიას თამაშობ და კომიკოსის მარკა მოგეწებება, მერე სულ ასეთ როლებს გთავაზობენ. ამიტომ ვცდილობ, რომ ორივე ჟანრის როლები შევასრულო.
- და ბოლოს, თუ გაქვთ ჩანაფიქრი, რომლის ასრულებას ახლო მომავალში აპირებთ?
- სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მსახიობმა გეგმები წინასწარ დააწყოს. ჯერჯერობით, თეატრშიც იშვიათად მაქვს სამუშაო. კინოშიც, არ ვიცი, რა იქნება... სულ რომ არ მოვდუნდე, ჩემს შვილთან ერთად, "კავკასიური ხელოვნების წრე" შევქმენი, რეპეტიციები გვაქვს და დაინტერესებულ ხალხს მსახიობის ოსტატობის გაკვეთილებს ვუტარებ. კიდევ კარგი, რომ ჩემს პროფესიაში ასაკი ისე საშიში არ არის, ნებისმიერ ასაკში შეიძლება საინტერესო როლები შეასრულო. დიდი იმედი მაქვს, რომ სცენაზე კიდევ ბევრჯერ გამოვჩნდები და ჩემს მაყურებელს ახალ-ახალი როლებით გავახარებ.
ავტორი: ხათუნა ჩიგოგიძე