დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა აზიური წარმომავლობის პოლიტიკოსმა დაიკავა. ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს "პირველი პოლიტიკოსი" რიში სუნაკი გახდა.
მსოფლიო პოლიტიკურ ველზე დიდი ბრიტანეთის მსგავსი მძლავრი მოთამაშის სახელისუფლებო ცვლილებები ყველას ყურადღებას იპყრობს, თუმცა ამჯერად ეს ამბავი განსაკუთრებით რეზონანსული ინდოეთშია და არა მხოლოდ იმის გამო, რომ სუნაკს ინდური ფესვები აქვს.
გაერთიანებული სამეფოს "პირველი ქალი" მედიის ყურადღების ობიექტი აქამდეც არაერთხელ გამხდარა. მათ შორის, ბოლო ამბავი საგადასახადო სკანდალს უკავშირდება. მიმდინარე წლის დასაწყისში გაირკვა, რომ ის თავს არიდებდა გადასახადების გადახდას.
მიუხედავად ოჯახის სიმდიდრისა, მურთის ცხოვრების ადრეული წლები სულაც არ ყოფილა ფუფუნებით სავსე. 2013 წელს გამოქვენდა აკშატას მამის წერილი ქალიშვილისადმი, სადაც ბიზნესმენი წერდა იმის შესახებ, თუ როგორ გაიგო მისი დაბადების შესახებ. ნარაიანა მურთი წერილში აღნიშნავდა, რომ 1980 წელს შვილის დაბადების შესახებ კოლეგისგან შეიტყო იმიტომ, რომ მის ოჯახს ტელეფონი არ ჰქონდა.
"მე და დედაშენი მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ვცდილობდით ჩვენს კარიერაში ჩვენი ადგილი გვეპოვა“, - წერდა ბიზნესმენი.
მშობლები ყურადღებას ამახვილებდნენ თავიანთი ორი შვილისთვის განათლების მიცემაზე. მილიარდერი ამბობს, რომ მათ სახლში არ იყო ტელევიზორი, რათა ბავშვებს უფრო მეტი დრო დაეთმოთ სწავლისთვის, კითხვისთვის, დისკუსიებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.
აკშატა მურთი სწავლობდა კალიფორნიაში Claremont McKenna-ს კოლეჯში ეკონომიკასა და ფრანგულს. დამთავრებული აქვს სტენფორდის უნივერსიტეტი და ეკონომიკის გარდა, განათლება აქვს მოდის სფეროს მიმართულებით და მოდის ინდუსტრიის ექსპერტია. რიში სუნაკს სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს შეხვდა. წყვილი 2009 წელს დაქორწინდა და მათ ორი გოგონა ჰყავთ.
აკშატამ თავისი კარიერა ფინანსების სფეროში კალიფორნიაში დაიწყო, მოგვიანებით დააარსა ბრენდი Akshata Designs და ტანსაცმლის პირველი კოლექცია 2011 წელს წარადგინა. Vogue-ის ინდურ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ მისი ნამუშევრები შთაგონებულია ინდური კულტურით, ინდოეთის სოფელში მომუშავე ადამიანებით და ინდოეთის მდიდარი მემკვიდრეობის დაცვას ემსახურებოდა.
როგორც "გარდიანი" წერს, აკშატას ბიზნესი წარუმატებელი გამოდგა და სამი წლის წინ მას ამ საქმიანობაზე უარის თქმა მოუხდა, თუმცა როგორც ქალი ამბობს, დროებით.
აკშატას საქმიანობა ასევე მოიცავს სტარტაპების ინვესტირებას. ასევე ცნობილია, რომ ის არის ფასიანი სპორტული დარბაზების ქსელის, Digme Fitness-ის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო კომპანიის მუშაობა შეჩერებული იყო და საქმიანობა მიმდინარე წლის თებერვალში განაახლეს.
მისი LinkedIn-ის პროფილზე ასევე მითითებულია, რომ არის New & Lingwood-ის დირექტორი, რომელიც მამაკაცის სამოსს ყიდის. მედიისთვის ცნობილია, რომ აკშატა ფლობს 0,9%-იან წილს მამის კომპანიაში Infosys.