ავტორი:

ქალების ბრძოლა სიცოცხლის რისკის ზღვარზე - მუქარა, შვილების მკვლელობა, გაროზგვა თუ დასჯის სხვა მეთოდები მათ ვერ აჩერებს

ქალების ბრძოლა სიცოცხლის რისკის ზღვარზე -  მუქარა, შვილების მკვლელობა, გაროზგვა თუ დასჯის სხვა მეთოდები მათ ვერ აჩერებს
  • როგორ იცავენ ქალები თავის უფლებებს იმ ქვეყნებში, სადაც თანასწორობა არ არსებობს

ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოში უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. ამის გამო ირანში საპროტესტო აქციების ტალღა აგორდა. ამინი ირანის ე.წ. მორალის პოლიციამ ა.წ. სექტემბერში, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა.

წესების მიხედვით, ქალებს მჭიდროდ უნდა ეკეთოთ თავსაფარი და თმას მთლიანად უფარავდეთ, ახალგაზრდა ქალი კი ამ წესს არ იცავდა. ამინის დაკავებიდან მალევე გაირკვა, რომ ის მალევე ჩავარდა კომაში, ამის მიზეზი კი პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობა გახდა.

მედიის ცნობით, გოგონა ჯერ ხელკეტით სცემეს, შემდეგ კი ერთ-ერთ ავტომანქანაზე მიარტყმევინეს თავი. თავად პოლიცია ქალზე ძალადობის ფაქტს დღემდე უარყოფს და ამტკიცებს, რომ მას "უეცარი გულის შეტევა“ ჰქონდა. ამინის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა.

ირანში დატრიალებული ეს ტრაგედიაც კარგად აჩვენებს, იყო უფლებადამცველი ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ავღანეთი, ირანი, სირია, პაკისტანი ან მალი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია, რადგან იქ ყოველდღიურად გიწევს საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლა.

ბევრ უფლებადამცველს, რომელიც სახელმწიფოს სისტემას მკაცრად დაუპირისპირდა და საკუთარი პოზიციები არ დათმო, შედეგად შვილებიც კი მოუკლეს, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი მათ შესაჩერებლად.

გთავაზობთ იმ ქალების სიას, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს და ამისთვის ბევრი მათგანი მწარედ დაისაჯა.

  • მაჰბუბა სერაჯი, ავღანეთი

სერაჯი არის ავღანეთის ქალთა ქსელის (AWN) ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეს არის დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ათობით არასამთავრობო ორგანიზაციასა და ათასობით წევრს ავღანეთსა და პაკისტანში.

1978 წელს, როდესაც ავღანეთში რევოლუცია მოხდა და პროსაბჭოთა მთავრობა დამყარდა, მაჰბუბას ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. 2003 წლამდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ დაბრუნება და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.

როდესაც 2021 წლის აგვისტოში ავღანეთში ხელისუფლებაში "თალიბანი“ მოვიდა, ქალთა უფლებების მოძრაობის დიდი ნაწილი დაიკარგა. "თალიბანს“ სურდა, რომ ქალებს სახეები დაეფარათ, გარეთ მხოლოდ მამაკაცების თანხლებით გასულიყვნენ და განათლება არ მიეღოთ. ბევრმა უფლებადამცველმა გადაწყვიტა ავღანეთის დატოვება, მაგრამ სერაჟი დარჩა. "როგორც ლტოლვილს, მე მქონდა ცუდი გამოცდილება. ნაჩქარევად მოგვიწია ქვეყნიდან წასვლა და მიმალვა. ვისაც ოდესმე მოუწია გაქცევა, მიხვდება რასაც ვგულისხმობ. ამჯერად აღარ მინდა ვინმემ გამომაგდოს. ავღანეთი ჩემი სამშობლოა“, - განმარტა მან თავისი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ის რჩება ავღანელი ქალების რუპორად.

უფლებადამცველმა დაარღვია "თალიბანის“ აკრძალვა უპატრონო მოგზაურობის შესახებ და გამოთქვა წინააღმდეგობა თინეიჯერი გოგონების განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე.

2021 წელს სერაჟი BBC- ის ქალთა ტოპ-100-ში, ასევე Time- ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანში მოხვდა.

  • მუნა ლუკმანი, იემენი

მუნა ლუკმანი იემენის ქალთა სოლიდარობის ქსელის თანადამფუძნებელია. პროექტმა მუშაობა 2013 წელს დაიწყო, როგორც ფეისბუქზე ქალთა მხარდაჭერის ჯგუფმა. 2016 წელს კი სრულფასოვან არასამთავრობო ორგანიზაციად გადაიქცა. დღეს მასში შედის 270-ზე მეტი ქალი, რომლებიც ერთმანეთს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლაში ეხმარებიან.

ქალთა სოლიდარობის ქსელი ემხრობა საომარი მოქმედებების შეწყვეტას, გმობს ქალების გადაადგილების აკრძალვას მეურვის თანხმობის გარეშე და მხარს უჭერს აქტივისტებს, რომლებიც რეპრესიებს განიცდიან.

მუნა ლუკმანმა ასევე დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია Food for Humanity (Food4Humanity). 2014 წლიდან ეს პროექტი ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას, ასევე ომის ზონებში დანგრეული თავშესაფრებიდან ობლების ევაკუაციას.

  • ფატიმა ალ-ბაჰადლი, ერაყი

ფატიმა ალ-ბაჰადლი არის ალ-ფირდუსის საზოგადოების დამფუძნებელი, რომელიც მუშაობს სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების დასაცავად. ალ-ფირდუსი მოუწოდებს რელიგიურ ლიდერებს აღიარონ ქალების მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებაში; ის ებრძვის ბავშვთა ქორწინებას და გოგონების სკოლიდან ადრეულ წასვლას, ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების დაქირავებას სამხედრო ჯგუფების მიერ.

საზოგადოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, უფლებადამცველი წლების განმავლობაში სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა. მას არაერთხელ დაემუქრნენ სიკვდილით. 2022 წლის 25 ივნისს სამი მამაკაცი შეიჭრა შენობაში, რომელიც ალ-ფირდუსის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარს მასპინძლობდა. სემინარი ეძღვნებოდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, მას შემდეგ რაც თავდამსხმელებმა განაცხადეს, რომ ასეთი თემები არ უნდა განიხილებოდეს. ალ-ბაჰადლი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვდა. "დაირღვა ჩვენი, როგორც ინდივიდების, როგორც ერაყის მოქალაქეების და როგორც ერაყის კანონმდებლობით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის უფლებები. თავდასხმის დროს ჩვენ მივიღეთ მატერიალური და ფიზიკური ზიანი“, - აცხადებდა ის.

  • ფუზია საიდი, პაკისტანი

ფუზია საიდი 30 წელზე მეტია ებრძვის ქალთა მიმართ ძალადობას. 1991 წელს მან დააარსა პაკისტანის პირველი კრიზისული ცენტრი. 2000 წელს უფლებადამცველმა წამოიწყო სექსუალური შევიწროების ალიანსის (AASHA) ჩამოყალიბება, რომელიც სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებას ებრძვის. 2002 წელს ალიანსმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა ქცევის კოდექსი, ხოლო 2009 წელს პაკისტანის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში - სექსუალური შევიწროება ცალსახად იქნა აღიარებული დანაშაულად ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.

ფუზია საიდი ასევე არის რამდენიმე წიგნის ავტორი გენდერული ძალადობისა და მასთან ბრძოლის შესახებ.

  • გალია რახხალი, სირია

გალია რახხალი არის უფლებადამცველი ორგანიზაცია Mazaya-ს დამფუძნებელი. 2011 წელს სირიაში დაწყებულ სამოქალაქო ომამდე გალია დალაქი იყო. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იგი ჩაერთო ჰუმანიტარულ დახმარებასა და მედიკამენტების მიწოდების ორგანიზებაში, 2014 წელს კი ქალთა დასახმარებლად საკუთარი ორგანიზაცია გახსნა.

მაზაია სისტემატურად ატარებს სემინარებს პირველადი დახმარების, ჟურნალისტიკის და რეპორტაჟის ფოტოგრაფიის შესახებ, ასევე იძლევა იურიდიულ რჩევებს, უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და მუშაობს ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

თუმცა, 2014 წლის ნოემბერში უცნობი შეიარაღებული პირების ჯგუფმა დაწვეს ორგანიზაციის სათაო ოფისი. 2015 წელს ქალის მოკვლა სცადეს - მის მანქანაში ბომბი ჩადეს. 2016 წელს მოუკლეს შვილი.

  • ჟულიენ ლუსენგუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ჟულიენ ლუსენგუ არის ქალთა სოლიდარობის ინტეგრალური მშვიდობისა და განვითარების (SOFEPADI) პრეზიდენტი და კონგოს ქალთა ფონდის (FFC) დირექტორი.

1998 წელს, როდესაც კონგოში სამოქალაქო ომი დაიწყო, ლუსენგე ჟურნალისტად მუშაობდა - მან იმოგზაურა ქვეყნის აღმოსავლეთში და ინტერვიუები აიღო ქალებისგან. ომის დროს მას გაუპატიურების შესახებ ბევრი ისტორიის მოსმენა მოუწია. ლუსენგუემ ჯერ დაიწყო ამ შემთხვევების დოკუმენტირება და ქალთა მიმართ ძალადობის საჯარო დაგმობა, შემდეგ კი სხვა აქტივისტებთან ერთად შექმნა უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც აგრესორების პასუხისგებაში მიცემას უწყობდა ხელს.

  • ნასრინ სოტუდე, ირანი

სოტუდე არის უფლებადამცველი და ადვოკატი, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის ირანში. ის იცავდა სასიკვდილო მსჯავრდებულ არასრულწლოვანებს და ზოგჯერ ახერხებდა კიდეც სასჯელის შეცვლას. სოტუდე ასევე იბრძოდა პოლიტიკური პატიმრების, განსაკუთრებით ქალების უფლებებისთვის, რომლებიც აპროტესტებდნენ დისკრიმინაციულ კანონებს და იცავდა "თეთრი ოთხშაბათის“ მოძრაობის წევრებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად კვირაში ერთხელ იხდიდნენ ჰიჯაბს.

2019 წელს უფლებადამცველს მიესაჯა 148 დარტყმა წკეპლით და 38 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 წლის შემდეგ პირობითი გათავისუფლების უფლებით. 2021 წელს, ნასრინ სოტუდე Time- ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა.

  • დუსუ ტრაორე მაგასუბა, მალი

დუსუ ტრაორე მაგასუბა იბრძვის ქალთა უფლებებისთვის მალის პროვინცია კაიესში. ადამიანის უფლებების დაცვის დაწყებამდე, 20 წელი ის მასწავლებლად მუშაობდა. "სკოლაში მუშაობისას შევამჩნიე, რომ ქალებმა თითქმის არაფერი იციან თავიანთი უფლებების შესახებ. მინდოდა, რომ ეს შეცვლილიყო“, - ამბობს აქტივისტი.

მაგასუბა თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც ებრძვის ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას, ანუ "ქალის წინადაცვეთას“, რომელიც მალიში ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული. დოუსუ ტრაორე და ადგილობრივი აქტივისტები, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ამ პრაქტიკის კრიმინალიზაციაზე მუშაობენ. 2002 წელს, ამ სფეროში მუშაობისთვის, მან მიიღო მალის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება. ის ახლა 66 წლისაა და კვლავაც აქტიურად აგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას.

  • ლუჯაინ ალ-ჰაზლოული, საუდის არაბეთი

2014 წელს ლუჯაინ ალ-ჰაზლოულმა მოაწყო აქცია "ქალები მოძრაობისთვის“ მართვის აკრძალვის წინააღმდეგ. ამისათვის იგი ორი თვით დააკავეს. 2015 წელს აქტივისტმა სცადა მონაწილეობა მიეღო მუნიციპალურ არჩევნებში. მან ასევე ხელი მოაწერა პეტიციას, რომ შეწყდეს მამაკაცის მეურვეობა ქალებზე. იმავე წელს უფლებადამცველი Arabian Business Magazine-ის მიხედვით "100 ყველაზე გავლენიანი არაბი ქალის“ სიაში მოხვდა.

2017 წელს ალ-ჰაზლული დააკავეს "სამეფოში დესტაბილიზაციის მცდელობის“ ბრალდებით. სასამართლოში მან ჩვენება მისცა დაკითხვის დროს წამებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ. Amnesty International-მა ლუჯაინ ალ-ჰაზლული სინდისის პატიმარად აღიარა. ის ციხიდან 2021 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი