უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს რაფაელ გროსის უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ექსპერტების გაგზავნა სთხოვა. ამის შესახებ კულება "ტვიტერში“ წერს.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ექსპერტების უკრაინაში გაგზავნაზე დათანხმდა.
"რაფაელ გროსისთან სატელეფონო საუბროს დროს ოფიციალურად მოვიწვიე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, სასწრაფოდ გაგზავნოს ექსპერტები უკრაინის მშვიდობიან ობიექტებზე, სადაც, რუსეთის ცრუ ბრალდების თანახმად, "ბინძურ ბომბს“ ამზადებენ. ის დამთანხმდა. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება გამჭვირვალე. დასამალი არაფერი გვაქვს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ომში "ბინძური ბომბის“ გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს.