ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი, კარლოტა ელენა ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას ბასილაშვილის გამართლებასთან დაკავშირებით და "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს.
"როგორც ქალისთვის, ჩემთვის მტკივნეულია იმის ნახვა, რაც პარასკევს გაუკეთეს იმ ქალებს, რომლებმაც რეალურად გადაიტანეს ის, რაც ვიღაცამ ვითომ განიცადა.
ვწუხვარ ყველა იმ ქალის გამო, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიაან სასამართლოს შედეგით, ქალების გამო, რომლებსაც გაუჩნდათ განცდა, რომ მათ აღარ მოუსმენენ.
ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს, ის ვიღაც სხვის ისტორიას ყვება.
თუ შენ მოყვები ნამდვილ ამბავს, შენ მოგისმენენ, შენსას გაიგებენ“, - წერს კარლოტა ელენა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე 2 წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს, მათ შორის, დაკითხნენ როგორც დაცვის მხარის, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები.
პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება ჰქონდათ წარდგენილი. ასევე, ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული რამდენიმე საათიანი ჩვენება ზუსტად თანხვედრაში იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.
საპირისპიროს აცხადებდა დაცვის მხარე. ადვოკატების თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. უფლებადამცველების განცხადებით, ნელი დოროყაშვილმა სასამართლოში ცრუ ჩვენება მისცა.