ავტორი:

"გლანდების ოპერაციის შემდეგ სისხლდენა დაეწყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა" - სამტრედიაში 23 წლის გოგონა გარდაიცვალა: რას ჰყვებიან ახლობლები და როგორია კლინიკის პასუხი?

"გლანდების ოპერაციის შემდეგ სისხლდენა დაეწყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა" - სამტრედიაში 23 წლის გოგონა გარდაიცვალა: რას ჰყვებიან ახლობლები და როგორია კლინიკის პასუხი?

სამტრედიაში 23 ლანა დარჯანია გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.

როგორც მისი ახლობელი AMBEBI.GE-ს უყვება, დარჯანიამ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა. მისივე ინფორმაციით, გოგონა უკვე სახლში იყო გაწერილი და წუხელ სისხლდენა დაეწყო, რა დროსაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გარდაცვლილის ახლობელი ამბობს, რომ ამის შემდეგ დარჯანია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიდი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

"გლანდების ოპერაცია გაუკეთდა. სახლში რომ წავიდა ძლიერი ტკივილები ჰქონდა. "ფეისბუქზე" "სთორებს" დებდა, სადაც ამბობდა, რომ დაიღალა ტკივილით და მეტი აღარ შეეძლო. გუშინ ღამე სისხლდენა დაეწყო, სასწრაფოც გამოიძახეს, გადაიყვანეს კლინიკაში ისევ, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა" - გვიყვებიან გოგონას ახლობლები.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ქუთაისში კლინიკა "გიდს", სადაც გოგონამ ოპერაცია გაიკეთა:

"ლანა დარჯანიამ ოპერაცია ჩვენთან 19 ოქტომბერს გაიკეთა, ოპერაციამდე მას ჩაუტარდა კვლევები და ამ კვლევებმა ექიმს საშუალება მისცა, რომ ოპერაცია ჩატარებულიყო. ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია. გოგონა კლინიკაში დაყოვნდა ერთი დღე და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა. მისი მდგომარეობა იყო სრულიად დამაკმაყოფილებელი. ოპერაციიდან გასულია რამდენიმე დღე, მომხდარი ფაქტის შემდეგ გავიგეთ, რომ სისხლდენა დაიწყო. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. კლინიკაც და ექიმიც, რომელმაც ოპერაცია გააკეთა თანამშრომლობენ გამოძიებასთან" - გვითხრეს კლინიკაში.